ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს

„ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“.

მისივე თქმით, კოალიცია ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს.

„გვინდა არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. თუმცა „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ყოველ ჯერზე „რუსული კანონის“ ინიცირების, რეპრესიების, დაშინების ზუსტად საპირისპირო ეფექტი მიიღო - შეკრული საზოგადოება, ღირსეული საზოგადოება, რომელიც ერთად ევროპული არჩევანის სადარაჯოზე დგას. ზუსტად, ასე ხდება ახლაც. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, რომელიც როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით ახლაც ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ რუსულ მექანიზმებს არ აღიარებენ და მათ გამონახული აქვთ გზა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს“, აუცილებლად, არჩევნებს დააკვირდებიან. უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი - საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და ამ არჩევნების სამართლიანობას გააკონტროლებენ.

ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ერთი რამე, რომ მას საქმე აქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არა ორგანიზაციებთან, არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა ევროპული იქნება. სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს, რომელიც ჩვენს არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო