მამუკა ხაზარაძე - ფენომენალური ამბავია, როცა გვესაუბრებიან ტრადიციებზე, ღირსებაზე, ღვინის სამშობლოზე და ამ დროს "ქართული ოცნება" პარლამენტში ცდილობდა, მარიხუანის პლანტაციის მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით

ტრადიციებზე გვესაუბრებიან, ღირსებაზე გვესაუბრებიან, ღვინის სამშობლოზე გვესაუბრებიან და ამ დროს ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული მთელი "ქართული ოცნება" პარლამენტში ცდილობდა, რომ მარიხუანის პლანტაციის მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, „თუ როგორ ავაღორძინოთ ძალიან მოკლე დროში საქართველოს ეკონომიკა“.

„თქვენ გახსოვთ, ალბათ, „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომლებიც ყველამ მოვისმინეთ: 100 ქარხანა, უფასო ფული, თან გრძელვადიანი, 5-5 მილიონიანი ინვესტიცია სოფლებში, მარიხუანის პლანტაციების გაშენება, ეს მგონი ყველას დაავიწყდა. ეს არის ფენომენალური ამბავი, როცა საქართველოში ტრადიციებზე გვესაუბრებიან, ღირსებაზე გვესაუბრებიან და ღვინის სამშობლოზე გვესაუბრებიან და ამ დროს, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული მთელი "ქართული ოცნება" პარლამენტში ცდილობდა, რომ მარიხუანის პლანტაციის მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით. ამიტომ, ამაზე მეტს არ გავჩერდები, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ბევრს ეჩვენებოდეს შეუძლებლად, ზოგს ბევრი კითხვებიც აქვს და ამაზე საკამათოდაც მოვედით დღეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეს არის პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის გარანტირებული პირველი ანაზღაურებადი სამუშაოს შექმნა, რუსული ოკუპაციის და რუსული ზეგავლენის შემცირება და, რაც ყველაზე მთავარია, იმ 9 პუნქტის შესრულება, რომ სასწრაფოდ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც აბსოლუტურად ახალ ბენეფიტებს მოგვიტანს.

მე მინდა გითხრათ, რომ შემართება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი ხომ იცით როგორ იწყება? იწყება პირველი ნაბიჯიდან, რწმენიდან იწყება, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ დამერწმუნეთ, არაფერია შეუძლებელი! თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ - ევროკავშირის ქვეყანაც გავხდებით და ამ ქვეყანაში იქნება სერიოზული შემოსავალი, სერიოზული ეკონომიკაც და ის ხალხიც, მილიონზე მეტი, რომელმაც დატოვა ჩვენი სამშობლო, პირველს გაუჩნდება სურვილი, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეს, თავის ოჯახს დაუბრუნდეს და თავის ეკონომიკაში ჩაერთოს. ამიტომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ