ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ ახალი რეიტინგში საქართველო მესამე პოზიციაზეა

საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესისთვის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, „ბიზნესისთვის მზაობით“ ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის სხვა ცნობილი რეიტინგი Doing Business-ი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციაზე იყო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველო 50 შეფასებულ ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - პორტუგალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო და სხვ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველომ B-READY-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც Doing Business-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს.

„აღნიშნული რეიტინგი აფასებს ქვეყანაში ბიზნესის კეთებისთვის მარეგულირებელ და საოპერაციო გარემოს და ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო როგორც საინვესტიციო, ისე ბიზნეს კლიმატით არის მიმზიდველი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ რეფორმას ახორციელებს.

„ჩვენი მიზანია, რომ გავაგრძელოთ ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას სტრუქტურულად ახალ დონეზე გადაიყვანს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

უწყების განმარტებით, B-READY - ის რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მისი ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. საქართველო 10-დან 7 ინდიკატორში მსოფლიოს პირველ ათეულშია. კერძოდ, საქართველო პირველ პოზიციაზეა „ბიზნესის მდებარეობისა“ და „შრომის“ ინდიკატორებში, მე-2 პოზიციას იკავებს „დავების გადაწყვეტის“ ინდიკატორში, მე-6 ადგილზეა „გადასახადებისა“ და „გადახდისუუნარობის“ ინდიკატორებში, მე-7 პოზიციაზე „ფინანსური სერვისების“ და მე-10 პოზიციაზე „საერთაშორისო ვაჭრობის“ მხრივ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში