გიორგი გახარიამ ქარტიასაც უღალატა - იმდენად ძარღვებში, ძვალსა და რბილში აქვს ამ გუნდის ღალატი გამჯდარი, რომ ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეა 2022 წლის ივნისში გაჟღერდა და ის არის ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც 2022 წლის ივნისში ჩაეფუშათ, ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელით შემოაგდო იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას.
„ოპოზიციამ ხელი მოაწერა ამ ბანანის რესპუბლიკის ქარტიას. ამას ხელი მოაწერეს, დღეს კი ვხედავთ, რომ უკვე უარყოფენ. ვნახეთ გიორგი გახარიას გამოხმაურება, რომელმაც უკვე ქარტიასაც უღალატა. იმდენად ძარღვებში, ძვალსა და რბილში აქვს ამ გუნდის ღალატი გამჯდარი, რომ ჯერ ხომ არ აწერდნენ ხელს, შემდეგ მოაწერეს ხელი და ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს. ესეც აჩვენებს იმას, რომ ამ ხალხის იმედი საერთოდ ვის უნდა ჰქონდეს. ამათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება მოიპოვონ, რა ქაოსში გადააგდებენ ჩვენს ქვეყანაში?! რამდენიმე კვირის წინ ერთგვერდიანი ტექსტი შეადგინეს, ხელი მოაწერეს და ახლა უკვე ჩხუბი აქვთ, ვინ დაასახელებს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს. რაც შეეხება თავად იდეას, ეს ახალი იდეა არაა და შეგახსენებთ, ეს იდეა როდის გაჟღერდა. ეს გაჟღერდა 2022 წლის ივნისში, როცა NGO-ები პარლამენტის წინ ავიდნენ სცენაზე და კონსტიტუციის გვერდის ავლით აპირებდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. გახსოვთ, ტექნიკური მთავრობის იდეა მაშინ გაჟღერდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ISFED და სხვა, დღეს რომ დამკვირვებლებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, სცენაზე რომ იდგნენ და თქვეს, უნდა გადადგეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ NGO-ებს, რომელსაც ხალხის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, ჰქონდეთ ვეტოს უფლება, ამ მთავრობის ჩამოყალიბებაში. ასე რომ, ეს იდეა და მოთხოვნა, გაჟღერებული ულტიმატუმი ხედავთ როგორ გამოაცოცხლა და ხელახლა შემოგვიბრუნა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ საზოგადოებას. ის ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც მაშინ ჩაეფუშათ, ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელით შემოაგდო იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ამიტომ, ამ მხრივ, უნდა შევხედოთ, როგორც 2022 წლის ივნისის ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების მცდელობის გამეორება და გარკვეულწილად, კონსტიტუციის გვერდის ავლის მცდელობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.