ქარტიაში არანაირ ტექნიკურ მთავრობაზე არ არის საუბარი. ქარტიაში საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, გუნდში ზუსტად ისეთი პროფესიონალი ადამიანები ჰყავთ, რომლებიც მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო პირები არიან.
“მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მისვლას, შეხვედრას წინ რა უდგას. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ საკითხების შესრულება, რაც საარჩევნო დაპირებაში გვაქვს გაცემული. კოალიციური მმართველობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ დგება კოალიციური შეთანხმება, სადაც არის ყველა ის პირობა, რომელიც დადეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ვის რა პროპორციაც აქვს მხარდაჭერის, იმით არის გათვალისწინებული ამ პირობების შესრულება.
მე ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე გარანტირებული ხმა, რომ არ დაიკარგოს თქვენი ხმა, მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი და დამარცხდეს “ქართული ოცნება”, რომელთან ურთიერთობაც შეწყვიტა და გააჩერა ევროკავშირმა და ამერიკამ.
ამიტომ, მე შევხვდები პრეზიდენტს და მოვისმენ. ქარტიაში არანაირ ტექნიკურ მთავრობაზე არ არის საუბარი. ქარტიაში საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს და მაშინაც იყო ამაზე საუბარი. ჩვენ გვყავს ბევრი პროფესიონალი ჩვენს გუნდში, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, აქამდე პრეზიდენტთან პრემიერობის კანდიდატზე საუბარი არ ჰქონია და ხვალინდელ შეხვედრაზე წინასწარ კომენტარის გაკეთება არ სურს. ვაშაძის თქმით, მთავრობის დაკომპლექტების დრო მოდის არჩევნების შემდგომ, იმის მიხედვით, ვის რა მხარდაჭერა აქვს.
“პრემიერობის კანდიდატზე კონსულტაციები არ ყოფილა, ახლა მივდივარ პირადად სასაუბროდ მასთან, მოვუსმენთ. მას აქვს ხოლმე თავისი მოსაზრებები, მაგრამ ყველაფერი ისე არ ლაგდება და გამოდის, როგორც თავად წარმოუდგენია. მთავრობის დაკომპლექტების დრო მოდის არჩევნების შემდგომ, იმის მიხედვით, ვის რა მხარდაჭერა აქვს - ეს არის კოალიციური მთავრობის ფორმირების კანონით გათვალისწინებული წესი. კოალიციური მმართველობის ფორმულა ჩადებული არის საქართველოს კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში, არის ევროპული პრაქტიკა და გამოცდილება და ჩვენ იმ გზას მივყვებით. უფრო მეტიც, თანამდებობებზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ იმაზე, ვინ რას გააკეთებს და როგორ. არჩევნები არის იდეების ჭიდილი. არჩევნების შემდგომ კოალიცია დგება იმ მხარდაჭერის პროპორციულად, რაც აქვს.
მთავარია, რომ ხალხი ერთიანია. ოპოზიცია არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე არის შეთანხმებული და შეთანხმებულა აქამდეც. მიუღებელია ის მიდგომა, თითქოს ოპოზიცია ვერ შეთანხმდება”, - აღნიშნა ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც საარჩევნოდ “ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიმუშავა და რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც ეკონომიკური ფაქტორია.
“ჩვენ ვართ შეთანხმებაზე ორიენტირებულები, ჩვენ ვთავაზობდით ყველას ერთიან სიას, ბევრ საკითხზე შეთანხმებას, ვიცით, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, ყველაზე სწრაფად ევროკავშირში როგორ გავწევრიანდეთ, როგორ მივაღწიოთ უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, როგორ შემოვიყვანოთ დიდი კომპანიები საქართველოში, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ, სადაც საშუალო ხელფასი 3 500, ხოლო მინიმალური 1 500 ლარი იქნება.
სტატისტიკა იცით რას ამბობს? რომ ამათი (“ქართული ოცნების”) მმართველობის დროს მილიონი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, დემოგრაფია კატასტროფულ მდგომარეობაშია, 20 ათასით შემცირდა შობადობა საქართველოში. სტატისტიკა ის კი არ არის, რომ ციფრებით იმანიპულირო. მე ძალიან კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის გამოსვლა, როდესაც პრემიერად წარადგინეს - კმაყოფილი ვარო ეკონომიკის ზრდის ტემპებით. მე ვამბობ, რომ არ ვარ კმაყოფილი ეკონომიკის ზრდის ამ ტემპით იმიტომ, რომ მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან, ხალხი ღარიბდება. რეგიონებში, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ორი მთავარი პრობლემა აქვთ - ეს არის გაზრდილი ფასები და ჯარიმები”, - განაცხადა ვაშაძემ.