ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის წინსვლას მივაღწევთ, თუ შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას და პროგნოზირებად საინვესტიციო გარემოს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის სამგორის რაიონში რეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური მიზნები და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და „ქართული ოცნების“ დელეგატი სამგორში ვარლამ ლიპარტელიანი მონაწილეობდნენ.

„სამგორში ბიზნესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი აქტიური სამრეწველო რაიონი. ზოგადად, თბილისი ეკონომიკის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი დედაქალაქზე მოდის, მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი სწორედ სამგორის რაიონია. აქ სხვადასხვა პროფილის ბიზნესია წარმოდგენილი. მათ შორის, ლოგისტიკური, სამრეწველო, სამშენებლო და ა.შ. ამიტომ საინტერესო იყო ბიზნესთან დიალოგი, განსაკუთრებით ამ პერიოდში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა იყო.

„გუშინ ჩვენ გვქონდა საარჩევნო პროგრამის წარდგენა. პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც გუნდს გააჩნია 2028 წლისთვის. კონკრეტულად როგორ შეიძლება ეს იყოს მიღწეული, სწორედ ამაზე იყო საუბარი ბიზნესთან. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლა და წარმატება არის კერძო სექტორის აქტივობის შედეგად. კერძო სექტორი უნდა იყოს და არის კიდეც წარმმართველი როლი ამ შემთხვევაში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ყველაფერს მივაღწევთ, თუ შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას და იქნება პროგნოზირებადი გარემო საინვესტიციო კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დასაქმების მხრივ ხელისუფლების ამბიციური გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიღწევადი, თუკი ბიზნესს ექნება განვითარების სტაბილური გარემო და ეს ყველაფერი მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან ასევე გამახვილდა ყურადღება განვლილ პერიოდზეც, მათ შორის, განსხვავებებზე ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებებს შორის. აქცენტი გაკეთდა ბიზნესის თავისუფლებასა და ბიზნესის ხელშეწყობის დღევანდელ პროგრამებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

„ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ბიზნეს გარემო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. საჭიროა კონკრეტული ინფრასტრუქტურული ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, ამ რაიონში, რათა ბიზნესის წარმოება იყოს უფრო ეფექტური და შედეგიანი,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.

„ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ მეწარმეების უმრავლესობა ძალიან ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, არის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი