მას შემდეგ, რაც ნიკა გილაური ვიხილეთ, მივხვდით, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერმინი აპოლიტიკური არ ესმის სათანადოდ. 10 დღეში, ეს ცირკი, რომლადაც აქცია სალომემ პრეზიდენტის რეზიდენცია, არჩევნებით დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეხვედრას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ქარტიას, რასაც ვხედავთ ანტიკონსტიტუციურია. პრეზიდენტს არანაირი როლი არ აქვს პრემიერის შერჩევის პროცესში. ჩვენ თუ ამ დოკუმენტს სერიოზულად შევხედავთ, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. პარტიები ამბობენ, რომ ისინი იმოქმედებენ არა საკუთარი ამომრჩევლის ნებით, იმ პოლიტიკური წონით, რომელსაც ამომრჩევლები გადაანაწილებენ, არამედ ამბობენ, რომ ერთი ადამიანის მიერ დაკომპლექტებული არაპოლიტიკური მთავრობა უნდა იყოს. საიდან იქნება და ვისგან დაკომპლექტებული, ვინ არის მოკარნახე? - ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით იმყოფებოდა საზღვრებს გარეთ და თქვა, რომ მას უცხოელებთან საუბარი ჰქონდა ამ განზრახვებზე, ქარტიაზე. როგორც ჩანს, ქართული მთავრობა თანხმდება უცხოეთში. ამბობს, რომ სიმპათიები მოისმინა მის განზრახვასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, მათ ქვეყანა კი არ უნდა მართონ, რაღაც დროებითი მთავრობა, სამხედრო საბჭოსავით უნდა ჰქონდეთ, 90-იან წლებში რომ გვქონდა, რაც გადატრიალების დროს ხდება - ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც სამხედრო კონსტიტუციური თუ სხვა გადატრიალება არის, ერთი ჯგუფი იჩემებს, რომ დროებითი მთავრობაა, რაღაც ე.წ. რეფორმებს ჩაატარებს, შემდეგ მოამზადებს ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს, ამას საუბრობენ სინამდვილეში.
ჩვენს ქვეყანაში აპოლიტიკური წარსული რას ნიშნავს რთული გასაგებია. ქალბატონ სალომეს თავისი სპეციფიკური წარმოდგენები აქვს ამა თუ იმ ტერმინზე. მას შემდეგ რაც ნიკა გილაური ვიხილეთ, მივხვდით, რომ ტერმინი აპოლიტიკური არ ესმის სათანადოდ. არასერიოზულია. 10 დღეში ეს ცირკი, რომლადაც აქცია სალომემ პრეზიდენტის რეზიდენცია, დასრულდება არჩევნებით, შემდეგ კი იმპიჩმენტით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.