„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ეს პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია.
„ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს ვუჭერთ „ქართულ ქარტიას“, რომლის სულისკვეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ვხედავთ, ეს არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის“, - განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, მან კოალიციის საარჩევნო პროგრამული ხედვებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა.
ნიკა გვარამიამ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებასაც კოალიცია არჩევნების შემდეგ გეგმავს.
„ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ. პოლიტიკა ხელახლა განვითარდეს, მოხდეს დიდი გადატვირთვა იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა- ევროკავშირში წევრობა ამის გარეშე შეუძლებელია. მინდა წარმოგიდგინოთ 4-4-4 ეს არის ჩვენი გეგმა და მინდა აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს ოთხიანები. 4-იანი არის ჩვენი საარჩევნო ნომერი ბიულეტენში. მეორე, ჩვენ გვაქვს ცვლილებები საზოგადოებრივ ცხოვრების 4 ველში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს სხვა მიმართულებითაც, მაგრამ ეს 4 არის მთავარი, რომელიც გვინდა ამომრჩევლებს გავაცნოთ, ვიდრე ისინი ხმის მისაცემად გავლენ. ამას კი არ ვუშვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა და კოალიციური მთავრობა გვეყოლება. მესამე ოთხიანი არის 4 დღე. კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან 4 დღის განმავლობაში ჩვენი კოალიცია აპირებს წარადგინოს 4 სფეროს მთავარი ინიციატივა. ერთი არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. 4 დღის განმავლობაში გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან, საქართველოს ისტორიული და მოსახლეობის არჩევანიდან“,- განაცხადა გვარამიამ.
მისი შეფასებით, მომდევნო ნაბიჯი არის დემოკრატიის სფერო, რომელშიც გვარამიას შეფასებით, პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, ყველა ე.წ.რუსული კანონი უნდა გაუქმდეს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ ინიციატივას 4 დღეში დააყენებს. მისივე განმარტებით, ასევე უნდა განხორციელდეს რეფორმები სასამართლოს სფეროში და ეკონომიკაში.