გიორგი კალანდარიშვილი - ობიექტური შეფასების პირობებში, ცესკო-ს მიმართ ნაკლები კითხვა იქნება, შეიძლება, საერთოდ არ იარსებოს, PACE-ს დეკლარაცია კი შესაძლოა, იყოს არასწორი გზავნილების შედეგი

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტური შეფასების პირობებში, ცესკოსთან მიმართებაში ნაკლები კითხვები იქნება და შესაძლოა, საერთოდ არ იარსებოს.

როგორც კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

“ობიექტური შეფასების პირობებში, რა თქმა უნდა, ნაკლები კითხვა იქნება, შესაძლოა, საერთოდ არ იარსებოს. მეორეა, რამდენად ობიექტური იქნება შეფასებები. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში გვესმის არაერთი განცხადება და შეფასება ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელთა უმრავლესობა არის უსაფუძვლო. ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. იმისათვის, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები დარწმუნდნენ იმაში, რომ ინსტიტუცია სწორად მიჰყვება პროცესს, ყველა ჩვენს ქმედებაში, აქტივობაში, ნაბიჯში მაღალი გამჭვირვალობა გვაქვს უზრუნველყოფილი, რაც ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, თავად შეაფასოს ცესკოს ქმედებები, მათ შორის კომისიური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, ინსტიტუციის საზრუნავი არ არის ის, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანება რა შედეგს მიიღებს.

„ინსტიტუციის საზრუნავი და საფიქრალი არ არის არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ჩვენი საზრუნავია პროცესის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირება - ეს არის ჩვენი საფიქრალი და მანდატი და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანება რა შედეგს მიიღებს“, - აღნიშნა მან.

კალანდარიშვილის თქმით, აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება და ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშით ცესკოს საქმიანობა პოზიტიურად ფასდება.

„მინდა გავიხსენო აშშ-ს ელჩის [რობინ დანიგანი] შეფასება ინსტიტუციის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან დადებითად აფასებს ამ ყველაფერს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის წინა საარჩევნო შუალედური ანგარიში, რომელშიც ცესკოსთან მიმართებაში ობიექტური შეფასებები არის, რომელიც ასევე პოზიტიურად აფასებს ინსტიტუციის მიერ ვადების დაცვას, გამჭვირვალობას ტექნიკურ მზაობას და ა.შ. ამიტომაც, აღვნიშნე, რომ თუკი იარსებებს ობიექტური შეფასებები, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას ექნება ობიექტური შეფასება ინსტიტუციის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

კალანდარიშვილმა ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზეც, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცესკო მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა“ და უპასუხა კითხვას, რატომ მოახდინა ცესკომ ასეთი შთაბეჭდილება ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე.

კალანდარიშვილის თქმით, მათი ცნობები ეყრდნობა იმ შეტყობინებებს, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ვრცელდება, თითქოს ინსტიტუცია არის მმართველი პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების ქვეშ, შესაბამისად, PACE-ის შეფასებები შესაძლოა, იყოს არასწორი გზავნილების შედეგი.

„ჩემთვის გაუგებარია რა საფუძველს ეყრდნობა ეს ჩანაწერი. „ცნობები, რომელიც საქართველოდან მოდის“- ეს არის ის შეტყობინებები, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან ჩვენ ინსტიტუციასთან მიმართებაში ვრცელდება, რომლის მიზანი არის ის, თითქოს ინსტიტუცია არის მმართველი პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების ქვეშ, ამასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პირადად შევხდი ევროპის საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ამ შეხვედრის დროს არ დასმულა არც ერთი კითხვა, რომელიც მიკერძოებას შეეხებოდა. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია რას ეყრდნობა ეს შეფასებები. ვარაუდი გვაქვს, რომ ეს შესაძლოა იყოს არასწორი შეფასების და გზავნილების შედეგი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში