ევროკავშირის ლიდერებმა დღეს თქვეს: „ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ხალხზეა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს " ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გადამწყვეტი არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე იცოდნენ და არჩევანიც, სწორედ, ამის მიხედვით გააკეთონ.
"მკაფიოდ თქვეს დღეს ევროკავშირის ლიდერებმა და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გააჟღერა ელჩმა ჰერჩინსკიმ. მე მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს სიმართლე და ამ სიმართლეზე დაფუძნებით გააკეთოს არჩევანი: დღეს ევროკავშირმა მკაფიოდ და გაჭრილად თქვა: ან დასრულდება "ქართული ოცნება", ან დასრულდება საქართველოს ევროპული მომავალი! არჩევანი ქართველ ხალხზეა. აი, ასე დგას საკითხი.
თუ არ გვინდა, რომ დასრულდეს საქართველოს ევროპული მომავალი და დასრულდეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ “ქართული ოცნება” 26 ოქტომბერს.
ყოველდღიურად ვხედავ და ვისმენ მოქალაქეების განწყობებს. არავის უნდა საქართველოს ევროპული მომავლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულება, ამიტომ, „ოცნებას“ მოუწევს, აიბარგოს.
მათ ჰქონდათ უზარმაზარი შესაძლებლობა და 12 წელი, ემსახურათ ამ ქვეყნისთვის, მათ ეს შესაძლებლობა რუსეთის სამსახურში გამოიყენეს. ამიტომ „ოცნება“ დასრულდება. ქართველი ხალხი დიდ გამარჯვებას გაიფორმებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.