სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ - აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები - იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შემთხვევები

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლონდა თოლორაიას თქმით, ასევე პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.

„სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია. მოგვმართა 4200 მოქალაქემ და შერჩევის შედეგად არჩევნებს 2000 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება. ჩავატარეთ 50-ამდე ტრენინგი, რაც ამჟამადაც გრძელდება. ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. აქვე, დავაანონსებთ რომ 25 ოქტომბერს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფლობენ. როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა უფრო მარტივი იყოს ამომრჩეველთა მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა თუ ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ და ჩვენც არაერთხელ მოვუწოდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეესრულებინათ თავიანთი ფუნქციები წინასაარჩევნო პროცესში, ამ დრომდე არ მოგვისმენია განმარტება მათ მიერ განხორციელებული რეაგირების - ჩატარებული შემოწმებისა და გამოძიების შესახებ.

ასევე, პრობლემად იკვეთება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ასეთი ფაქტების შესახებ, ჩვენს კოალიციასაც მომართა ათობით მოქალაქემ. ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პირადობის მოწმობების მუქარითა და შანტაჟით ჩამორთმევისა და ამ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების ჩართულობის შესახებ, პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები - კონკრეტულად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა - არ აკეთებენ არავითარ განცხადებას ამ ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ.

შეუძლებელია პირადობების მოწმობების ჩამორთმევას ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები. გავრცელებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის მიზანი არის არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა და ამომრჩევლის მოსყიდვისა და ჩამორთმეული პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბება. ყველა ეს დანაშაული არის 162-ე (არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა -სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), 1641 (ამომრჩევლის მოსყიდვა - პროკურატურის ქვემდებარე) და 1644 (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე), არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულები. მოვუწოდებთ ორივე საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ამ ფაქტებს აქვს მასშტაბური ხასიათი. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი კვირა და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა არსებითად აზიანებს ამომრჩეველთა უფლებებს - გამოხატონ მათი ნამდვილი ნება არჩევნებზე.

საგამოძიებო უწყებების მსგავსად უმოქმედოა ანტიკორუფციული ბიუროც. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე კვირაა ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდეს მმართველი პარტიის დაფინანსებითა და შემომწირველებით, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული აქვთ მილიონობით ლარის სარგებელი, დღემდე მისგან არ მოგვისმენია არავითარი განმარტება და ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შესახებ.

კვლავ გრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ საარჩევნო აგიტაცია, რაც აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ასევე, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია საკრებულოების, მერიების თანამშრომლებისა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით და მათი ოჯახის წევრებით.

აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის საჯარო სამსახურებში, იმის შესახებ, თითქოს ელექტრონული საშუალებით ხმის მიცემა ფარული არ არის, რაც სიცრუეა. ასეთი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს. განვმარტავთ, რომ ხმის მთვლელ და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს. ელექტრონულად ხმის მიცემის არსებული პროცედურა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ხმის ფარულობას. ამიტომ, მოგიწოდებთ გამოხატეთ თქვენი არჩევანი თავისუფლად, თქვენი ნამდვილი ნების შესაბამისად“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში