შალვა პაპუაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობოების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ, ამიტომაც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ. ამიტომაც შევინარჩუნეთ, როგორც მშვიდობა, ისე ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დღეს ვართ ნომერ პირველი მთელ ევროპაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან არის მზადება, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ.

„ვხედავთ ნიშნებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების პარტიული გააქტიურების, ოპოზიციის მხრიდან კამპანიის არჩატარების მხრივ. ფაქტობრივად, მათ კამპანია არ ჩაუტარებიათ და უცხოეთიდან ჩატარებული საარჩევნო კამპანიის მხრივ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მზადება 27 ოქტომბრისთვის. არის მზადება, რომ განმეორდეს 2020 წლის სცენარი. NGO-სა და ოპოზიციის ერთობლივი ქმედებებით მცდელობა იყო, რომ არადემოკრატიული გზით ხელისუფლება შეცვლილიყო. თვითონ რომ ეძახიან „შეცდომებს“, სინამდვილეში, ეს იყო სიყალბის გავრცელება. პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების, პროტესტის მიზანი რა იყო არასამთავროების თუ ოპოზიციის მხრიდან? მიზანი იყო, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად გამოცხადებულიყო, საერთოდ არ შეკრებილიყო და ეიძულებინათ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს გულისხმობდა იმას, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო.

„ზუსტად ის სცენარი, რასაც ქალბატონი სალომე აანონსებს, დროებითი ხელისუფლების ჩანაცვლება. კლასიკური გეგმა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება და ჩვენც გამოგვივლია 90-იან წლებში, „ხუნტას“ სტილში იქნებოდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც მედიას ეტყოდა, რომ ახლა ისინი მოამზადებენ დემოკრატიულ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს იქნებოდა რეპრესიების პერიოდი იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნები არასამართლიან პირობებში ყოფილიყო. ეს გემა იყო 2020 წელს, რომელიც ხალხთან ერთად ჩავუშალეთ და ამ გეგმის ნიშნები არის უკვე, რომ ემზადებიან არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. ე.წ. ტექნიკურ მთავრობას რასაც ეძახის ქალბატონი სალომე და მთელი „ნაციონალური კლასტერი“ მის გარშემო, თავისი „ლელოო“, გახარიათი და ასე შემდეგ, რომ იფიცებიან ახლა, არანაირი კოალიციაო. ხელი რას მოაწერეს იქ, ვერ გავიგე. შიგნით წერია, რომ ხელისუფლებას დაუთმობენ ხალხს, რომელსაც გარედან მოიყვანენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამთავრობო კაბინეტებში შეყვანაზე.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხვალ ყველა მოვიდეს არჩევნებზე და უთხრას ამ ღალატის სცენარს უარი. ჩვენი მთავარი ძალა არის სიმრავლეში. ყველა უნდა მოვიდეს და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, ამით მხარი დაუჭიროს იმ მშვიდობიან განვითარებას, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი ქვეყნის ნგრევისკენ გვექაჩებოდა, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ. ამიტომაც შევინარჩუნეთ, როგორც მშვიდობა, ისე ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დღეს ვართ ნომერ პირველი მთელ ევროპაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო