ლიეტუვის საგარეო სამინისტრო - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირში გაწევრიანების გზას - ლიეტუვას უჭირს, ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიაროს

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დარღვევები მოიცავს ბრალდებებს ხმების მოსყიდვის შესახებ, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის თავდასხმებს და დაშინების ენას დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიმართ და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ქმედებებს.

„თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება ეხება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მასობრივ თავდასხმებს, მათ შორის დაპირებებს, რომ არჩევნების შემდეგ განხორციელდება მათი დევნა და აკრძალვა, დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებას საარჩევნო კამპანიაში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს.

„ეს დარღვევები არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა დაარეგისტრირა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს. საქართველოს პრეზიდენტმა შედეგზე უარი თქვა შედეგის მიღებაზე. ამ კონტექსტში, ლიეტუვას უჭირს ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცული უნდა იყოს და ამ უფლებების შელახვის ნებისმიერი მცდელობა სრულიად მიუღებელია. უწყება არჩევნებისა და მათ დროს დაფიქსირებული ყველა დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მეტად საკამათო კანონმდებლობის მიღების გამო.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს. გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დარჩება და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება კი - გაყინული. უფრო მეტიც, შეფერხების გარეშე უნდა იქნას განხილული დამატებითი შემაკავებელი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა გააგრძელებს ქართველ ხალხთან და მის ევროპულ არჩევანთან დგომას და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს