შალვა პაპუაშვილი - საუბრობენ, თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია - პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის

საუბრობენ, თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის - ეს კინოც საკმარისად გვაქვს ნანახი მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შეუწყვიტოს თუ არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება იყო ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ქართულ არჩევნებზე დეზინფორმაციული თავდასხმების შეჯამება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა. ამ დღეების განმავლობაში გაცნობდით დეზინფორმაციის სხვადასხვა მაგალითებს. დღეს მინდა შეჯამების სახით წარმოგიდგინოთ ეს. გუშინ, როცა ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თურმე რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი, ნახეთ პირდაპირ ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები აქ იყავით, ყველა ხედავდით სინამდვილეში სლაიდზე რა იყო ასახული.

ყალბ ამბად გავრცელდა ის, რაც სინამდვილეში არ იყო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ რა დეზინფორმაციაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს ფერებზე ჰქონიათ თურმე სადაო.

აქციაზე, ეკრანზე საქართველოს რუკა რომ ჰქონდათ გაშვებული, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ არ დაგვავიწყდეს, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ის ხალხია, რომლებმაც ზუსტად ჩვენი ტერიტორიები აქციეს ოკუპირებულ ტერიტორიებად. ეს ის ხალხია რომელმაც კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტს.

ასე რომ, მათგან ასეთი სახის მანიპულაციები კიდევ უფრო ამორალური არის. ხალხი, რომელმაც დაუშვა ეს ოკუპაცია, ხალხი, რომელმაც შემდეგ საკუთარი მოქალაქეობა დათმო იმისთვის, რომ წასულიყვნენ და უკრაინელი პოლიციის ფორმა ჩაეცვათ, როგორც ქალბატონ ხატია დეკანოიძეს. ასეთ სპეკულაციებზე მიდიან. სინამდვილეში, რაც სურდა გუშინ ოპოზიციას იყო ის, რომ ხალხს ყურადღება გადაეტანა იმ შინაარსისგან, რომელიც ამ პრეზენტაციაში იყო.

შინაარსი ეხებოდა შემდეგ რაიმეს, კერძოდ, როდესაც საუბრობენ, თუ რატომ წააგეს არჩევნები. ამ რუკაზე გამოსახულია საარჩევნო ოლქები. გასაგებია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად იქ ოლქები შექმნილი არ არის. აქ ჩანდა ერთი მთავარი რამ - „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში ყველა ოლქში, 30-ვე ოლქში, წამოაყენა დელეგატი, რომელიც იყო გათვალისწინებული ჩვენს სიაში, ისინი იყვნენ ადგილობრივები, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონს, რომლებთანაც იდენტიფიცირებას ახდენდა იმ რეგიონის მოსახლეობა, ეს შეეხება მათ შორის თბილისსაც. როგორც იცით თბილისიც დაყოფილი არის ოლქებად და აქაც ჩვენ, ყველა ოლქში გვყავდა წარმოდგენილი კანდიდატი. ოპოზიციას არ ჰყავდა არც ერთი კანდიდატი წარმოდგენილი, არც თბილისში. თუ გაიხსენებთ, თუნდაც თქვენს წინასაარჩევნო კამპანიის მედია გაშუქებას, აი იქაც კი ნახავთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად არ ატარებდა საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, ვგულისხმობ თბილისსაც, არც თბილისში არ ატარებდნენ ისინი კამპანიას. გაიხსენეთ რამდენი შეხვედრა ჰქონდათ ისანში, სამგორში, საბურთალოზე თუ სხვაგან. ჩვენ ჩვენი მხრივ გვქონდა, ერთი ის რომ, ყველა რეგიონში და ოლქში გვყავდა 30 დელეგატი, მეორე - გვქონდა რამდენიმე კარდაკარი, რომელიც ჩავატარეთ. 5 000-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს ჩვენმა დელეგატებმა, საშუალოდ ერთ დელეგატზე 170 შეხვედრა მოდიოდა და ხედავთ, რომ სრულად იყო დაფარული საარჩევნო ოლქები ჩვენი დელეგატების სახით.

მეორე მხრივ, ოპოზიციას, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად რუხად არის გამოსახული, გუშინდელ სლაიდზე როგორც აღმოჩნდა თეთრი იყო, არ ვიცი ამას რა ინტერპრეტაცია უნდა მისცემოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთ ოლქში მათ დელეგატი არ ჰყავდათ.

გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. შემდეგ უკვირთ რატომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა თუნდაც, მარნეულში, ახალქალაქში, თუ ნინოწმინდაში. ამას როგორ აპირებდნენ, როდესაც ისინი არც კი ჩასულან იქ, რათა ესაუბრათ მოქალაქეებთან. არც საკუთარ გამსვლელ სიებში არ ჰყოლიათ ამ რეგიონის წარმომადგენლები ჩასმული. მათ შორის, ეს ყველაფერი ეხება თბილისსაც. არც თბილისის ოლქში არ ჩაუტარებიათ მათ კამპანია. ეს არის სიმართლე, რომლისგანაც უნდოდათ გუშინ თვალი აერიდებინათ. ასე უნდა უყურონ ყოველ დღე. უყურონ ამ რუკას, სადაც დიახაც, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული, როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არმყოფი ტერიტორიები და ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ პათეტიკურად დროშას უშვებდა ეკრანზე და დროშის წინ იდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება არის, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებული არის. მათ შორის, კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე გაგვცენ და აგონ პასუხი. შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ, რომ გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები. ვნახეთ, რომ ესეც არ გამოუვიდათ. გუშინ მიიღეს საკადრისი პასუხი საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ნახეთ ბოლოს, რომ დაიშალნენ და გადავიდნენ, ქუჩებში სეირნობაზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან მან საჩივრებზეც ისაუბრა, და განმარტა, რომ 2020 წელს თუ იყო 2054 საჩივარი, წელს 1170 საჩივარი დაიწერა ჯამში.

„დღეს ბევრი საუბარია, თითქოს დარღვევების რაოდენობა მაღალი იყო. სინამდვილეში, თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა ამ არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს თუ იყო 2054 საჩივარი, წელს, ეს ტოტალური უწესრიგობა რომ იყო თუ გაყალბება, 1170 საჩივარი დაიწერა ჯამში. შეგახსენებთ, რომ ბოლოს , დასრულების შემდეგ დაიწერა ამ საჩივრების დიდი რაოდენობა. საინტერესო არის, რომ 3111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 000 კომისიის წევრი ჰყავდა, ყველა ამ კომისიაში, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ანუ, 3111 შემაჯამებელი ოქმიდან, 9-ზე, 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ დაწერა 9 განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით. ესეც უჩვენებს სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, ან რაზე შეიძლება რაღაცნაირად იდავონ იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში.

დეზინფორმაცია ნომერი 2-გახსოვთ არჩევნების დღეს გავრცელდა და იყო დადებული „სქრინი“,თითქოს „ქართული ოცნების“ გასწვრივ არსებულ წრეში იყო წერტილი დასმული. ამის ჩანაფიქრი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ წრე გაფერადდებოდა აპარატი ჩათვლიდა ამას, როგორც ნამდვილ ბიულეტენს, ხოლო თუ სხვა პარტიის წრე გაფერადდებოდა მაშინ ეს ჩაითვლებოდა როგორც ორი გაფერადებული წრე და აპარატი ჩათვლიდა ამას ბათილად. ეს სქრინი და ეს პოსტი იმ დღეს ვირუსულად ვრცელდებოდა, ზუსტად ეს არის საინფორმაციო თავდასხმა რასაც ჰქვია. არჩევნების დღეს 2-ის ნახევარზე არის გამოქვეყნებული ეს პოსტი და ბევრი ნახვა აქვს. მაშინ გარკვეულწილად მღელვარება შემოიტანა საზოგადოებაში. რა აღმოჩნდა სინამდვილეში?! - ხომ გადაითვალა ყველა. ყველა ეს ბიულეტენი ელექტრონული გადათვლილი არის როგორც იცით. გარდა აპარატის დათვლისა, შემდეგ ხელით ხდება დათვლა. არსად ასეთი წერტილი არ აღმოჩნდა. ჰოი საოცრებავ, არცერთი საჩივარი არ დაწერილა, რომ ასეთი რაღაც წერტილმონიშნული ბიულეტენები არსებობდა. ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ ეს იყო განზრახ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ შეერყიათ, არჩევნების დღეს გამოეწვიათ მღელვარება და ნდობა არჩევნების მიმართ.

დეზინფორმაცია N3 - ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც სამწუხაროდ არ წყდება. ახლაც ვნახე, რომ „ტიკტოკსა“ და სხვა სოციალურ მედიაზე ხდება ვიდეოების სახით ამ დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც არაერთხელ იქნა მხილებული. მათ შორის მხილებული იქნა ოპოზიციის მოკავშირე „ენჯეოების“ მხრიდანაც.

საქმე არის შემდეგში - მანიპულაცია დაიწყო არჩევნების შემდეგ, რომ სხვაობაა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობას შორის და საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შორის. ეს არის ბუნებრივი და ყველა ქვეყანაში ასე არის. ერთი არის ამა თუ იმ დასახლების მოსახლეობა და მეორე არის იქ რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მარტივი დასტურია ის ე.წ. ევროპული საცობები, რომელიც ასე უხაროდა ოპოზიციას. ზუსტად ეს არის იმის ვიზუალური დასტური თუ რატომ არის სხვაობა „საქსტატის“ მიერ აღრიცხულ მოსახლეობას შორის ამა თუ იმ დასახლების და იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის.

სხვათა შორის, ამ მხრივ სხვანაირი ბალანსი არის თბილისში - თბილისში უფრო მეტი არის მოსახლეობა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველი, ვინაიდან თბილისში მყოფი ამომრჩევლები რეგისტრირებული არიან რეგიონში და შემდეგ რეგიონში მიდიან ხოლმე ხმის მისაცემად. ასე რომ ესეც დეზინფორმაციაა, რომელიც იყო საინფორმაციო თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

შემდეგი, რეგისტრატორთან დაკავშირებული სიყალბეები, რომელიც დღემდე ვრცელდება, თითქოს დუბლირებული იყო სიები, თითქოს აპარატი ერთი პარტიისთვის მიცემულ ხმას აკუთვნებდა მეორე პარტიას, თითქოს ორმაგად ხდებოდა ხმის მიცემა და ა.შ. ამერიკული კომპანიის აუდიტის დასკვნა არსებობს. თუკი სიტყვას არ ენდობიან შეუძლიათ აუდიტის დასკვნას გაეცნონ, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიები ცესკოს სერვერზე და ჩატვირთული სიები ერთი და იგივეა, სხვაობა სიებს შორის არ არის. ეს არის დადასტურებული დამოუკიდებელი აუდიტით. მეორე ის, რომ დუბლირება არის ტექნიკურად შეუძლებელი. ეს დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტის მიერ, კერძოდ, ამობეჭდილ ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც არის ჩაწერილი ვერიფიკაციის აპარატში. თითქოს სხვადასხვა სიებიაო რომ ამბობდნენ, ესეც დადასტურებული არის აუდიტის მიერ, ასევე ის რომ ტექნოლოგიურად შეუძლებელია არჩევანის მოდიფიცირება, ანუ ერთი არჩევანის მიკუთვნება მეორე პარტიისთვის. ესეც დადასტურებულია დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტის მიერ და ესეც კიდევ ერთი დეზინფორმაცია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ეგზიტპოლის შედეგებზე საუბრისას პაპუაშვილმა განმარტა, რომ სტატისტიკურად შეუძლებელი არის ის, რაც დაწერა Edison Research-მა და Harris-მა.

„დეზინფორმაცია N5 - ყალბი ეგზიტპოლები. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ პასუხისმგებლობა დგას Edison Research-ის და Harris-ის, ორი კომპანიის, საიდანაც ერთმა „ფორმულასთვის“ და მეორემ „მთავარი არხისთვის“ გააკეთა ეგზიტპოლები, 10%-ზე მეტით ასცდნენ, 12-13%-ით ასცდნენ ამომრჩეველთა რეალურ მაჩვენებელს. ამის საპასუხოდ ვნახეთ მცდელობა, ორივე კომპანიამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ეს პირიქით არის, თითქოს ცესკოს მონაცემები არის აცდენილი და სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ასეთი შედეგები ყოფილიყო. დიახ სტატისტიკურად შეუძლებელი არის ის, რაც დაწერა Edison Research-მა და Harris-მა, ეს არის სტატისტიკურად შეუძლებელი, იმიტომ, რომ ზუსტად ეს სხვაობა აჩვენებს, რომ მათ გააყალბეს ეგზიტპოლები. თუკი რაიმე არის გამოსაძიებელი, მათ შორის საერთაშორისო რომელიმე ჯგუფის მიერ, ან თუნდაც იმ ქვეყნის მიერ, თუნდაც აშშ-ის, რამდენადაც ვხვდები ეს ორი კომპანია საიდანაც არის, აი ეს შეუძლიათ გამოიძიონ. რატომ გააყალბა Edison Research-მა და Harris-მა ეგზიტპოლები. რა დგას ამის უკან, დგას ამის უკან ფული, კორუფცია თუ პოლიტიკური კორუფცია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, შემდეგ სხვადასხვა აქტორები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ეს იყო დასტური თითქოს ეგზიტპოლი უფრო მართალია ვიდრე შედეგები. ეგზიტპოლები რომ მართალი ყოფილიყო თქვენ იმ საცობებს ვერც დაინახავდით, იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა ზუსტად ეს ხალხი არ უნდოდა დაენახა ეგზიტპოლს, რომლებიც ჩვენ გვაძლევდნენ ხმას. სამწუხაროდ ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ასევე ჩართულია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილის გავრცელებაში. შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო თავისი სატელეფონო ზარებით და შემდეგ სხვა არხებიდან ვიგებთ ჩვენ. გვითვლიან, რომ მართლაც შეწუხებული არიან ქალბატონი სალომეს აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ. აქაც მნიშვნელოვანია ორი რამ. ერთი - ჩვენ თუ შევხედავთ „ჰარისს“, არსებობს კვლევითი კომპანიების სარეიტინგო შეფასება. ეს კომპანია გამჭვირვალობის კუთხით 10 ქულიდან 2.9 ქულით არის შეფასებული და საკმაოდ უკან არის ამ რეიტინგში, ასე რომ, კითხვები ამ კომპანიასთან როგორც ჩანს, ისედაც დიდი ხანია არსებობდა. ვისაც ამის ინტერესი აქვს, მათ შორის, მედიას, შეუძლია ჩაეძიოს ამას, გამოითხოვოს ბაზები - ბაზები რომ აინტერესებს ყველას, ამათ მოგვცენ ბაზები, ვინ ჩაატარა ველი, რომელი კომპანია იყო, ვინაიდან არც „ედისონი“ იქნებოდა და არც „ჰარისი“, ამერიკიდან აქ არ ჩამოვიდოდნენ უბნებზე კვლევის ჩასატარებლად. ვინ არის ქართული კომპანია [ვინც საველე სამუშაო ჩაატარა] და მერე კარგად მიხვდებით, როგორ მოხდა ამ ეგზიტპოლების გაყალბება. საბოლოო ჯამში, „ედისონ რისერჩი“ უკვე რამდენიმე ხანია რაც ჩვენთან არის, ეს თაღლითობა, საბოლოოდ, მათ რეპუტაციას შესაბამისად დარჩება ქართული არჩევნების ისტორიაში. ამის ერთ-ერთი წამახალისებელი საკითხი იყო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პარალელური დათვლის შედეგებს, რაც ასევე ამ კონსპირაციებს აძლევს საკვებს.

შემდეგი - დეზინფორმაცია N6: გადასატან ყუთებთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ ბატონი ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს, უფრო მეტი ადამიანი იყო მიწერილი ამ ყუთებზე და მოხდა ამით მანიპულაცია. მარტივი სტატისტიკა არის, რომელიც ადრეც წარმოგიდგინეთ, ეს აჩვენებს, რომ ამ არჩევნებზე, უფრო ნაკლები მოქალაქე იყო გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული ვიდრე ადრე, მათ შორის, ის წალენჯიხას ასახელებდა კონკრეტულად. წალენჯიხაშიც უფრო ნაკლები მოქალაქე იყო გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული ვიდრე ადრე - ესეც მე-6 დეზინფორმაცია.

მე-7 დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ: სხვისი პირადობით ხმის მიცემა, რაც ვნახეთ, რომ არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამაზე აგებდნენ მთელ კონსპირაციას, თითქოს იქ ბაზებით მანიპულაცია იყო შესაძლებელი, რაზეც ასევე გაგაცანით აუდიტის დასკვნა, რომ ტექნიკურად შეუძლებელი არის.

შემდეგი - ბიულეტენების ჩაყრა. საბოლოო ჯამში, დავიდა ეს ყველაფერი იქამდე, რომ სულ ორი შემთხვევა იყო. აქედან იცით, რომ ერთზე არის გამოძიება და პირი არის დაკავებული და მიდის გამოძიება. და მეორე შემთხვევა იყო 22-ე უბანზე, სადაც „ლელოს“ წარმომადგენელს 20 ბიულეტენი ეჭირა, როგორც ვიცი, მან ვერ შეძლო ჩაყრა, თუმცა, ესეც აღრიცხული იყო, „ლელოს“ მხრიდან ეს ქმედება. სულ ორი შემთხვევა იყო, სადაც დაფიქსირდა ამგვარი საკითხი.

შემდეგი, დეზინფორმაცია N9 - ოქმებს შორის თითქოს განსხვავება. ამასაც ინტენსიურად ავრცელებდნენ სხვადასხვა აქტიური ჯგუფები, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. უბანზე იყო რამდენიმე მთვლელი, როდესაც ბოლოს უბანი იხურება, ჯერ პირველი ეტაპია ის, რომ ამ სამ მთვლელს შორის უნდა მოხდეს სინქრონიზება მონაცემების და შემდეგ ამოიბეჭდოს ერთიანი ოქმი, ვინაიდან ჩვენ გვაინტერესებს უბნის ერთიანი ოქმი და არა უბანში ცალ-ცალკე მდგომი აპარატების ოქმი.

აქ მანიპულაცია იყო იმაში, რომ ცალ-ცალე მდგომი აპარატის ერთი ამოტანილი ოქმი იყო და გვერდზე დადებული ჰქონდა უკვე სინქრონიზებული ოქმი, სადაც სამივე აპარატის შედეგები დაჯამებული იყო. ამით მანიპულაცია ასევე ძალიან სწრაფად ვამხილეთ.

შემდეგი - ფარულობის დარღვევა, ესეც აქტუალური საკითხია, ამაზე გუშინაც ვისაუბრე და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორეო, მათ შორის, იმ გადაწყვეტილების ფონზე, რომელზეც გუშინ იყო საუბარი. ერთს გეტყვით, რომ ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი არის გაწერილი, მათ შორის, მოლდოვის და შევხედოთ: მოლდოვაში, გუშინწინ ჩატარდა არჩევნები და ფოტო არის სწორედ კვირას ჩატარებული არჩევნებიდან, სადაც ჩანს იმ მომენტში პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სანდუ საარჩევნო ყუთთან, რომელშიც არის ბიულეტენები და პირდაპირ ჩანს ბიულეტენში ვინ არის მოხაზული. ამ შემთხვევაში, თავად ქალბატონი სანდუ არის შემოხაზული და პირდაპირ ჩანს ყუთში, რომ ამომრჩეველმა, რომელმაც ეს ბიულეტენი ჩააგდო, დაინახავდნენ გარშემო მყოფი ადამიანები, თუ ვის მისცა ხმა. მარჯვენა მხარეს ხედავთ, ლიეტუვაში ორი კვირის წინ ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს. ხედავთ, რომ ხელში უჭირავს ბიულეტენი კონვერტის გარეშე და ისე აგდებს მას ყუთში, რომ ჩანს მთლიანად სია პარტიებისა. აქაც მათ შორის გვერდზე სხვა ამომრჩეველი დგას როგორც ჩანს, მათ შორის ფოტოგრაფიც იღებს და რა გამოდის აქაც გასაუქმებელი არის საიას აზრით, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. იგივე არის პოლონეთი შემთხვევა სადაც, ასევე ბიულეტენები გამჭვირვალე ყუთში ჩანს და ჩანს რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა, რომელმაც ჩააგდო ეს ბიულეტენი. შეგახსენებთ, რომ არცერთ ამ ქვეყანაში არ გამოიყენება კონვერტი, პირდაპირ ბიულეტენის განთავსება ხდება საარჩევნო ყუთში. ჩანს, რომ თუ კი ვინმე მოინდომებს და დაჟინებით დააკვირდება ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, შესაძლოა დაინახოს ვისი ხმა არის. ვხედავთ სამივე მაგალითს, როგორ ჩანს ამომრჩეველი. ერთ-ერთ მაგალითზე ლიეტუვის შემთხვევაში პირდაპირ ამომრჩეველი არის იდენტიფიცირებული, ბიულეტენი არის იდენტიფიცირებული და მისი არჩევანიც არის იდენტიფიცირებადი.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში როდესაც ხდება ტრადიციული წესით ხმის მიცემა, ანუ არა ელექტრონულით, არამედ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების განთავსებით, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს კონვერტი, რომელშიც, შემდეგ ამ კონვერტში ხდება ბიულეტენის განთავსება, ხოლო არც ერთ ამ ქვეყანაში არ არის კონვერტი, პირდაპირ საარჩევნო ბიულეტენის ჩაგდება ხდება საარჩევნო ყუთში.

აქვე გეტყვით, როდესაც საუბარია თითქოს მელანი მეორე მხრიდან ჩანდა, ამ ტრადიციულ ფორმაშიც მელანი მეორე მხარეს ატანდა. ამიტომაც კონვერტი საბოლოო ჯამში იდება კონვერტში და კონვერტით არის განთავსებული, დამატებითი დაცვის მექანიზმები არის ჩვენთან. ახლა მათ შორის ელექტრონული არჩევნების დროსაც იყო კონვერტი, ასევ ვთქვათ საქაღალდის სახით გაკეთებული, რომელიც ფარავდა ორივე მხარეს ბიულეტენისა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგი დეზინფორმაცია შეეხებოდა იმას, რომ თითქოს ამომრჩევლების მობილიზება რაიმე დარღვევას წარმოადგენს.

„გუშინ მე წარმოგიდგინეთ NDI-ის და IRI-ის სახელმძღვანელოები, რომელშიც პირდაპირ სიტყვასიტყვით არის გაწერილი თუ როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ, რომელსაც სურს რომ ჰქონდეს შესაბამისის შედეგები და კავშირი თავის ამომრჩეველთან. გაგიმეორებთ ციტატებს ამ NDI-ის სახელმძღვანელოდან: „ ამომრჩევლის სიყვარული საკმარისი არ არის, თუკი მათ მხოლოდ სახლიდან უყვარხართ“, საუბარია იმაზე, რომ გადამწყვეტია ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და არა მხოლოდ იყოს მხარდამჭერი, „მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგი შედეგები გაქვთ კვლევებში, თუკი თქვენი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე“, „ გადაამოწმეთ მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, რომ მივიდნენ ხმის მისაცემად, თუკი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ“ და მათ შორის საუბარია თუ როგორ უნდა ჰქონდეთ სისტემა, ბაზები შექმნილი თქვენი მხარდამჭერების, ამომრჩევლების და შესაბამისად იმუშაოთ.

იგივე არის IRI-ის სახელმძღვანელოში, რომ „გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს, თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუკი არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე“, „ შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა (სახელი, ტელეფონი და ა.შ.)“, „ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე: დაუკავშირდით ყველა მხარდამჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე“, „ არჩევნების დღეს: მიაკითხეთ ადა დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე“.

შემდეგი მე-12 დეზინფორმაცია უკვე შეეხება არჩევნების შემდეგ პერიოდს და მომავალ პარლამენტს, დღემდე საუბრობენ იამზე თითქოს სიების ჩახსნა შეუძლიათ, ხაზგასმით ვამბობ სიების ჩახსნა ამ ეტაპზე აკრძალულია. პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ, ვერანაირ სიას, ვერსად ვერ ჩახსნის, ვერასდროს, ვერაფრით პირველ სხდომამდე.

რაც შეეხება პირველი სხდომის შემდეგ - შეუძლია პარტიას ჩახსნას სიის იმ წევრების სია, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები. პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მეთექვსმეტედან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან. 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია, ისინი იქნებიან პარლამენტის წევრები. რაც შეუძლიათ დეპუტატებს არის ის, რომ ამის შემდეგ, რაც პარლამენტი შედგება თავად მიმართონ პარლამენტს და თქვან, რომ შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ეს კინოც საკმარისად გვაქვს ნანახი მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შეუწყვიტოს თუ არა. ასე რომ, ესეც არ არის მათი სრული ნება-სურვილი და პარლამენტის გადასაწყვეტი არის. ვნახოთ ამ შემთხვევაში, თუკი დააპირებენ ისინი პარლამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებს და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, მეცამეტე დეზინფორმაცია შეეხება პარლამენტის შეკრებას.

„კიდევ ერთხელ მოვისმინე განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის მხრიდან და მინდა ხაზი გავუსვა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი. ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს ისინი ცდილობენ საქართველოს პარლამენტის საბოტაჟი წაახალისონ. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

ხაზს ვუსვამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო, ასე რომ, ამ დეზინფორმაციას ან უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ან უარყოს მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე შემდეგ მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის დაუშვებლობის შესახებ, რომ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით დღეს ორგანიზაცია ავრცელებს ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციას. ამიტომ, ან უარყოს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, უარყონ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ საკითხს. იცით, რომ შემაჯამებელ ოქმს ველოდებით. მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი, უკიდურესი ვადა არის 21 ნოემბერი, თუმცა დამოკიდებულია პროცესებზე, რომელიც მიდის,კერძოდ, გასაჩივრების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციით არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, ერთი. მეორე, პარლამენტის შესაკრებად სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტი არის მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური ხასიათის, მას შეუძლია ამ ათი დღის ფარგლებში განსაზღვროს მეორე დღე იყოს, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე დღე იყოს, თუ რომელი დღე იყოს შეკრებისა.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავარაუდოდ უფრო მავნებელია, თუმცა შეიძლება უვიციც იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ მათვე უარყონ ეს დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თან რაც მთავარია, ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი. კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, რომელიც ვხედავთ, რომ არის არჩევნების საბოტაჟის გზაზეა არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი შეიკრიბება, საჭიროა, რომ მინიმუმ 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითაც პარლამენტი შედგება. ეს ჩანაწერი 2/3-თან დაკავშირებით ზუსტად ამას ეხება, რომ 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება უნდა იქნას ცნობილი.

ეს იყო ის ცამეტი დეზინფორმაცია, რომლითაც ძირითადად დატვირთული იყო ჩვენი საარჩევნო პერიოდი, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ. ეს იყო ტიპური საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე, ჰიბრიდული ომის მეთოდები გამოყენებული ქართული არჩევნების წინააღმდეგ, რომლის უკანაც დგას არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ ის ჯგუფები, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით