ირაკლი კობახიძე - არჩევნების გამოძიებაზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში არ მივიდა და ამაზე ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გამოძიებაზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში არ მივიდა და ამაზე „ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“.

აღნიშნულით კობახიძემ უპასუხა შარლ მიშელის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულის თაობაზე შარლ მიშელთან ისაუბრა და მას ინფორმაცია მიაწოდა.

„მე ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას. ბორელის, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შევახსენე, სადაც ისინი ეროვნულ გამოძიებაზე საუბრობდნენ - ქართული კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას [მიშელს] განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას. მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემაზე. შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში. შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ზურაბიშვილის მიმართ, რომ პროკურატურასთან ეთანამშრომლა, თუმცა ამაზე ზურაბიშვილმა უარი თქვა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურაა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს დასკვნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადეა საჭირო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა