„ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გიორგი ნაროუშვილი - შეგრძნება მქონდა, რომ შრომა და სწავლა დამიფასდა

სტუდენტური ცხოვრება უამრავი გამოწვევითაა სავსე. ეს გახლავთ სწავლისა და საკუთარი თავის ძიების პერიოდი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ სტუდენტობის თითოეული მიზანი, მიღწევა, მარცხიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნიკორა ჯგუფი“, რომელიც წარმოების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები სახელობითი სტიპენდიით წაახალისოს და მოტივაცია გაუძლიეროს, რომ უკეთ ისწავლონ და პროფესიონალები ჩამოყალიბდნენ. სტიპენდია სემესტრულია და ის უმაღლესი GPI-ს მქონე 4 სტუდენტს გადაეცემა. მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი პირველად გახდა 21 წლის გიორგი ნაროუშვილი, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში კვების ტექნოლოგიების მეოთხე კურსის სტუდენტია. გიორგი გვიყვება, თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული სპეციალობით და სტუდენტური თვალით დანახულ გამოწვევებზეც გვესაუბრება.

გიორგი, რატომ დაინტერესდით კვების ტექნოლოგიებით? შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა სექტორის მიმართ, როდესაც უკვე სტუდენტი გახდით და შიგნიდან გაეცანით ამ საქმეს?

პროფესია საკმაოდ გვიან ავირჩიე. ბევრმა ჩემმა მეგობარმა ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რა უნდოდა და სწორედ ამიტომ საგნებსაც შერჩევით სწავლობდა. მე კი არ ვიცოდი, სად მინდოდა ჩაბარება, რა დამჭირდებოდა უნივერსიტეტში და ამიტომ ყველაფერს ვსწავლობდი. თუმცა ფიზიკა, მათემატიკა და ბიოლოგია განსაკუთრებით მიყვარდა.

ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარება პანდემიის პერიოდს დაემთხვა. გადავწყვიტე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია მომეძიებინა და აღმოვაჩინე, რომ კვების ტექნოლოგების დეფიციტი იყო ქვეყანაში. შემდეგ გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიას სწორედ ის საგნები სჭირდებოდა, რაც მე მომწონდა და მიყვარდა. აღნიშნული მიმართულება მხოლოდ 2 უნივერსიტეტს ჰქონდა და მე საუკეთესო, აგრარული უნივერსიტეტი ავირჩიე. სწორედ ასე აღმოვჩნდი კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი.

პირველ სემესტრში ზოგად საგნებს მასწავლიდნენ, რაც ჩემთვის საკმაოდ მარტივი იყო, რადგან, როგორც გითხარით, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა და ქიმია ჩემი ძლიერი მხარეებია. მეორე და მესამე წლები უფრო საინტერესო იყო. რაც მეტს ვსწავლობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ პროფესია სწორად ავირჩიე. გასულ წელს სტაჟირებაც გავიარე პურ-ფუნთუშეულის საწარმოში და ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

როგორია სტუდენტური ცხოვრება დღეს? რა გამოწვევების წინაშე დგახართ ახალგაზრდები?

სტუდენტურ ცხოვრება ძალიან საინტერესოა. პირველ ეტაპზე, როდესაც გამოცდილება არ გაქვს, უნივერსიტეტში პატარა ბიძგი გჭირდება, რომ ორიენტაცია მარტივად აიღო. მე ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა, რაც დამეხმარა სწავლის პროცესში წარმატებით ჩავრთულიყავი. ლექტორები ძალიან კეთილგანწყობილები არიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის.

ზოგადად, გამოწვევები ბევრია და ეს მეტწილად ინდივიდუალურია. გააჩნია იმასაც, თუ რა პროფესიას შეისწავლი. ზოგ მიმართულებაში კადრების დეფიციტია, ზოგში - პირიქით, კადრებზე ნაკლები მოთხოვნაა.

სტუდენტების ნაწილს სწავლის პარალელურად მუშაობაც უწევს, რომ ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოახერხოს. ესეც გამოწვევაა, რადგან ამ დროს ისინი სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართვას ვეღარ ახერხებენ.

პირადად თქვენ, რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისწავლოთ და მაღალი დონის პროფესიონალი ჩამოყალიბდეთ?

ჩემი მთავარი მოტივაცია თავიდანვე ის გახლდათ, რომ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას შევისწავლიდი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აკეთებ საქმეს რომელიც გიყვარს და ამავდროულად, კარგ ანაზღაურებასაც იღებ. სწორედ ეს მაძლევდა მოტივაციას, რომ მესწავლა.

ახლახან „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატიც გავხდი, რაც ასევე ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის. შეგრძნება მქონდა, რომ შრომა და სწავლა დამიფასდა. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, მინიმალური ქულა ამეღო და უბრალოდ კურსიდან კურსზე გადავსულიყავი. ყოველთვის მინდოდა მაქსიმალური გამეკეთებინა და სტიპენდიამ დამანახა, რომ ეს შრომა დამიფასდა.

ზოგადად, „ნიკორა ჯგუფზე“ ძალიან ბევრს გვესაუბრებიან ლექტორები, რადგან საქართველოში ჩვენი სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სასწავლო პროცესში მათი წარმოების ბევრი მაგალითი გვხვდება. სექტორის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. „ნიკორა ჯგუფი“ თავისი მრავალფეროვანი მიმართულებებით სტუდენტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლად მოიაზრება.

დასაქმების თემას შეეხეთ და გვითხარით, როგორია თქვენთვის იდეალური დამსაქმებელი?

ჩვენს სფეროში დამსაქმებლის სტანდარტი წარმოების დონით განისაზღვრება. ეს მოიცავს როგორც ევროპულ გაიდლაინებს, ისე თანამედროვე ტექნიკას, სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურად მომუშავე კოლექტივი.

წარმოების ხარისხს კი დიდწილად კვების ტექნოლოგი განსაზღვრავს. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ საწარმოში არ არის თანამედროვე კვების ტექნოლოგი, რომელიც უახლესი სტანდარტების დანერგვაზე იმუშავებს. ვიმედოვნებ, ტექნოლოგების ახალი თაობა წარმოების საბჭოთა კავშირის სტანდარტის წყობიდან თანამედროვე წყობაზე გადაყვანას შეძლებს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით