კახა კალაძე - რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი, მისი მცდელობაა, თანამდებობა როგორმე შეინარჩუნოს, თუმცა ხუთი  პარასკევი აქვს დარჩენილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი - რა იქნება საქართველოში და როგორ იქნება, საერთოდ ამის ინტერესი არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას, რომ „აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“.

ამასთან, კალაძე პრეზიდენტის მიერ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანია, რომ „ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს“.

„ჩვეულებრივი სისულელეებია, ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუკი რაიმე იყო არასწორად გაკეთებული, თუკი ვინმემ არჩევნები გააყალბა, როგორც თვითონ ამაზე საუბრობენ, ერთი ფაქტი წარმოადგინონ თუ შეიძლება, 26 ოქტომბრის შემდეგ დღემდე ერთი ფაქტი წარმოდგენილი იყოს, მაგრამ ბუნებაში, არ არსებობს. უბრალოდ, მიმდინარეობს სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სავსეა სიცრუით და მეტი არაფერი ხდება.

მიზანი არის მარტივი, როგორმე ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს. ის უბრალოდ არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები. როდესაც ხარ აგენტი შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც კი არ გაქვს. ვხედავთ, ამ რადიკალების სახით დღეს მოღალატეებს, აგენტურას, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას - ფარულობას და საყოველთაობას ეხება, ხელს ვერ შეუშლის პარლამენტს, რომ შეიკრიბოს.

„აღნიშნულ სარჩელს არაფერი არ შეუძლია. პარლამენტი შეიკრიბება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი დამტკიცდება“, - აღნიშნა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა