საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ასმათ ოქროპირიძემ საჯარო ლექცია „სამოთხიდან გოლგოთამდე“, გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში.
როგორც პროფესორმა მამუკა გიორგაძემ აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი „ქართული თვითმყოფადობა“, სტუდენტებისთვის ისტორიის გაცნობიერებას ისახავს მიზნად.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში უკვე მეორედ ტარდება საჯარო ლექცია. ესაა პროგრამა, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა. ეს არის პროექტი, რომელსაც ახალგაზრდობამდე მიაქვს მთავარი იდეა - საქართველო და ქართველი ხალხი არის კაცობრიობის პარტნიორი ღირსეული ერი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ სუპრანატურალური, სუპრამენტალური მდგომარეობის სუბსტანცია. დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამოთხიდან გოლგოთამდე”. სასიამოვნოა, რომ აუდიტორია სავსეა, რაც მიუთითებს ახალგაზრდების მხრიდან დიდ ინტერესზე”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში მამუკა გიორგაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ენათმეცნიერი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები. საჯარო ლექციის დასასრულს, ასმათ ოქროპირიძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.