ირაკლი კობახიძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია -  რომ არ ყოფილიყო სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია - ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სპეცრაზმელების მიერ წაქცეული ადამიანის ცემის კონკრეტულ ფაქტს კობახიძე უფლებამოსილების გადაჭარბებად აფასებს და აცხადებს, რომ სამწუხარო ინციდენტები არის, თუმცა ამბობს, რომ ამას სისტემური სახე არ აქვს.

„მაგალითად, ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო ის, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი. არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს პოლიციელისთვის მოთმენა, უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება. ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

ამას სისტემური სახე არ აქვს [პოლიციის მხრიდან ძალადობას]. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, დაახლოებით 500-კაციანი დაჯგუფებაა, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ხომ ხედავთ, რაც გუშინ და გუშინ წინ ვიხილეთ, არ იყო მშვიდობიანი აქცია. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა, იყო ქვების სროლა, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, პარლამენტის ჭიშკარს უტევდნენ, ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დაიწყეს. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი. შეეძლოთ, მისულიყვნენ პარლამენტის წინ, გაემართათ ჩვეულებრივ აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი, გამოეხატათ საკუთარი აზრი, ხომ იცით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა. მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ, მათ შორის უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქციებზე ძალადობა არ მოხდებოდა, „რომ არა გარე ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში“.

„რაც ხდება ორივე მხრიდან, ეს არ არის ქართული, ეს არ არის ქართული კულტურისთვის შესაფერისი. დაპირისპირება, რაც საქართველოშია და ხელოვნურად ღვივდებოდა 3 წლის განმავლობაში, გარედან თავსმოხვეული, უცხოეთიდან დაფინანსებულია“,- განაცხადა კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს