ლევან იოსელიანი დღეს არის ამ ქვეყნის სახალხო დამცველის ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პერსონაჟი - სანამ ქართველი ხალხის გვერდით არ დადგება და თავად არ ნახავს, შეაფასებს, რაც ხდება, მისი სიტყვების ფასი ნულის ტოლი იქნება,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა მიმდინარე მოვლენებზე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გამოხმაურება.
ბუაძის თქმით, იოსელიანი ერიდება საკუთარი თვალით იმის ნახვას, რაც ხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის თავზე ლევან იოსელიანი გამოჩნდა და საუბრობს იმას, რაც საყოველთაოდ აღიარებულია, ფაქტი ერთია, რომ სახალხო დამცველი დღეს არის ამ ქვეყნის სახალხო დამცველის ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პერსონაჟი. არ არის ქართველ ხალხთან ერთად, ერიდება ხალხში გამოსვლას, საკუთარი თვალით იმის ნახვას, რაც ხდება. სანამ ლევან იოსელიანი არ დადგება ქართველი ხალხის გვერდით და თავად არ ნახავს და შეაფასებს, რაც ხდება, მისი სიტყვების ფასი ნულის ტოლი იქნება“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, ბუაძის განცხადებით, „ამ ძალადობის ყველა ორგანიზატორს, დამკვეთს და შემსრულებელს, აუცილებლად გაეცემა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით“.
„არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ნიღბები დაიცავთ და ამ ნიღბებს ამოეფარებიან. სისხლის სამართლის დამნაშავეები და მანიაკები პატარა ბავშვებს უსწორდებოდნენ სასტიკად.
ეს ხალხი პასუხს აუცილებლად მიიღებს. ასევე, პასუხს მიიღებს ამ სპეცოპერაციის დამკვეთი ივანიშვილის სახით, რომელიც თავის მხრივ არის ამ რუსული გეგმის და სპეცოპერაციის მთავარი გამტარი საქართველოში. ჩვენ ვართ მომსწრენი ეროვნული მოძრაობის ტოლფასი პროცესებისა ამ ქვეყანაში. ამ რუსული საბჭოთა ნარჩენების გატანა და დემონტაჟი უნდა მოხდეს მათ საპოლიციო სისტემასთან ერთად. ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პირველი და მნიშვნელოვანი ამოცანა. მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან რთულ და უნიკალურად ჩახლართულ ვითარებაში და გვჭირდება მოთმინება, გამჭრიახობა და ერთად ყოფნა, რათა მოვერიოთ რუსეთის მხარდაჭერილ მოღალატეობრივ ძალას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით განხორციელებულ ქმედებებს სიმხეცე უწოდა.
„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით - ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.