პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“.

„არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ გარდა ძალადობისა. ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი. ალბათ, უფრო დაბნეულები არიან იმის გამო, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია იქითკენ თავისი ნებით ნამდვილად არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზედაც ქუჩაში ისევე, როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებისა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა.

„განცხადებები, რომებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა