გიორგი გობრონიძე - “ამ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი საერთაშორისო ნდობა და საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ დაჯგუფებად გადაიქცა”
როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
ირაკლი მელაშვილი - “ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პრეზიდენტმა იკისრა”
ვენესუელის პრეცედენტი საქართველოსთვის - მიდის თუ არა ყველაფერი “ორხელისუფლებიანობისკენ”
რა პროცესებს გამოიწვევს საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება?! - გიორგი კაჭარავა
* * *
გიორგი გობრონიძე - “ამ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი საერთაშორისო ნდობა და საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ დაჯგუფებად გადაიქცა”
“30 წელიწადია ვცდილობთ ამერიკელებთან ურთიერთობების მშენებლობას, გვახსოვს, როგორი წვალებით მიდიოდა ეს პროცესი. ის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შედგა და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, ამერიკელების დამსახურებაა. სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა. “ქართულმა ოცნებამ” კი მოახერხა და უკიდურესად გააფუჭა ეს ურთიერთობა, კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება, არაღიარების პოლიტიკა, საგანმანათლებლო პროგრამები, არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება ამ პარტნიორობაზე იდგა და ა.შ. ერთია პროექტები, რაც ჩანდა, მაგრამ სოფლებში წყალგაყვანილობის მოწესრიგებით, თავდაცვის გაძლიერებით, ყველგან ამერიკული და ევროპული ფული იყო... რომელმა ქვეყანამ მოგვცა ლეტალური იარაღი, ნეტავ ამერიკამ ხომ არა?!” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა საჭიროა ამერიკელებმა კონკრეტულად გვითხრან, თუ რას აპირებენ...”
“კარგა ხანია ვამბობ, რომ რუსები გამალებით მუშაობენ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის და უკვე აღწევენ მიზანს. საბოლოოდ ისეთი აცდენილი აღმოჩნდა ამ ხელისუფლების შიდა თუ გარე პოლიტიკა რეალობას, ჩვენგანვე დაგებულ საგარეო პოლიტიკურ ხაფანგში გავებით. ამათ ეგონათ, ყველაფერი გაუვიდოდათ. წლებია ვამბობ, რომ პარტნიორებთან არასწორად ვიქცევით. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში ჰპირდები, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ამერიკული ინვესტიციით და შემდეგ შემოგყავს ჩინელები, სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა?! ამით ამერიკის ინტერესებს გლობალურად დავარტყით. თუ ჩინეთი შეძლებს მალაკის სრუტის გვერდის ავლას, რომელსაც ამერიკელები აკონტროლებენ, შეძლებს მისგან დივერსიფიცირებას, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რასაც დიპლომატიაში არავის პატიობენ. ეს ეცოდინებოდათ ხელისუფლებაში, ვიღაცას კისინჯერი ან ბჟეზინსკი რომ ჰქონდეს წაკითხული, ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობის თეორიას იცნობდეს, რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული პოლიტიკასა და დიპლომატიაზე. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, წერა-კითხვის უცოდინარი პრეზიდენტის დასმას გვიპირებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელი და არც საქართველოში მიმდინარე მიტინგებს უკავშირდება. უბრალოდ, ეს პროცესები კულმინაციად იქცა. ეს იქიდან დაიწყო, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში პირობა მივეცით და ორ კვირაში “გადავაგდეთ”. როდესაც ღორებივით ვექცევით პარტნიორებს, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს ანადგურებს. 30 წლის პარტნიორი მოვატყუეთ! ვის რაში სჭირდება ჩვენნაირი არასანდო პარტნიორი ამის შემდეგ! ამ ხელისუფლებამ დაკარგა ყოველგვარი საერთაშორისო ნდობა და საერთაშორისო მასშტაბის თაღლითურ დაჯგუფებად გადაიქცა. აღარაფერს ვამბობ, ამ ყველაფრის შედეგად რამხელა შიდაპოლიტიკურ მსხვერპლს გაიღებს სახელმწიფო. ერთია, როგორ ჩატარდა არჩევნები და ვინ მისცა ამათ ხმა, და მეორე, როგორ ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს, საზოგადოებას, საკუთარი ძალაუფლებისთვის ადამიანები გაიმეტეს სასტიკად ცემისთვის, უსასტიკესად დარბევებისთვის. ადამიანებს კი არ ელაპარაკებიან, ურტყამენ, ამცირებენ, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფენ. ამათ, რომ ჰკითხოთ, თურმე ზნეობის დამცველები არიან. ზნეობა უპირველესად სიტყვის კაცობაში გამოიხატება და როდესაც 30-წლიან პარტნიორობას ფეხზე იკიდებ, რომელ ზნეობაზე შეიძლება ლაპარაკი?! უზნეო ხარ!”- განაგრძობს რესპონდენტი.
“ვფიქრობ, ჯერ ამერიკელებისგან უნდა მოვისმინოთ განმარტება, საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა თუ კიდევ გვიტოვებენ ხიდებს. ხელისუფლება რომ გვაბოლებს, არიქა, ტრამპი მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერი აღდგებაო, ბლეფია. სწორედ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას დაიწყეს აშშ-ის გადაგდება. ჩემი შეფასებით, არც ხელისუფლების შეცვლა უშველის ამ საქმის უცებ გამოსწორებას. მათ მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან კი არ გაწყვიტეს ურთიერთობა, გაწყვიტეს პარტნიორობა საქართველოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა. 30 წლის ნაშენები საგარეო პოლიტიკა ერთ დღეში დაინგრა. ის გველის, რომ ქვეყანა იქნება იზოლირებული. ახლა საჭიროა ამერიკელებმა მეტად კონკრეტულად გვითხრან, რას აპირებენ. ვიქნები ძალიან ოპტიმისტი და ვიტყვი, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, იქნებ რაიმე პოზიტიურად შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობაში და შორეული მომავლის პერსპექტივა გამოჩნდეს. ისე შეილახა საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით, სირცხვილიც არის ამ სახელმწიფოს წარმოადგენდე. ამიტომაც არის, რომ ელჩები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პოსტებს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მივიჩნევ, რომ ეს უნდა შევიდეს დიპლომატიის ისტორიაში იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში, რა არ უნდა გააკეთოს! მე არ ვიცი, ვინ რა დაპირება მიიღო ამის ნაცვლად! რა ილუზიაც არ უნდა შეექმნა რუსეთს, ამაზე წასვლა როგორ შეიძლებოდა?! მოდი, შევიდეთ ღრმად კონსპიროლოგიურ თეორიაში და დავუშვათ, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთი დაჰპირდა ივანიშვილს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან კონფედერაციის შექმნას: პირველი - კონფედერაცია იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასასრული. ამაზე ხელის მოწერას სჯობია საერთოდ დავივიწყოთ მაგათი არსებობა. რა დღესაც შევქმნით კონფედერაციას, იმავე დღეს დასრულდება დამოუკიდებელი საქართველო - ჩვენ არ გვექნება საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა, ხმები ყოველთვის გაიყოფა ორი ერთის - თბილისის წინააღმდეგ; მეორე - რუსეთის ნდობა როგორ შეიძლება?! აგერ გვაქვს სომხეთის მაგალითი. კარგად დავაკვირდეთ, როგორია რუსეთთან მოკავშირეობის ფასი _ სომხეთი შევიდა ოდეკაბეში, არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. რუსეთს მისი დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ დაიცვა, როდესაც სომხეთს ომმა მოუწია?” - ამბობს გიორგი გობრონიძე.
“გასაგებია პრეზიდენტის განცხადება - ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი, უმსხვერპლო და ნაკლებად ძალადობრივად განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. იმედია, ეყოფათ ტვინი, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, და არ წავლენ საკუთარი თავისა და ქვეყნის შუაზე გაგლეჯის გზით. ჩაატარონ არჩევნები, დაე, მათაც მიაშავონ უსაფრთხოების გარანტიები, ეყარონ მშვიდად, ოღონდ კი ქვეყნის ინტერესი არ გადააყოლონ საკუთარ ძალაუფლებას. წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვარ, დაჯერება მიჭირს - კობახიძე ისე იმუქრებოდა, თითქოს ქართული ავიამზიდები კალიფორნიის ნაპირებთან იყოს მიყენებული. ილუზიაში არიან ტიპები, რეალობას ვერ აღიქვამენ, ვერ ხვდებიან, რამხელა რისკზე მიდიან. თავში ქვა უხლიათ, საქმე მარტო მაგათ რომ ეხებოდეს, მაგრამ მთელი ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი ვართ საფრთხეში... თუ ჩვენ ვერ მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენი პარტნიორებისგან და რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება კონფლიქტის გაყინვით, მაშინ რეალურად აღმოვჩნდები იმ საფრთხის წინაშე, რომ დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული რისკების წინაშე. საქმე შეეხება ძალიან დიდ საფრთხეებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ბევრი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მე “ევროპულს” მოვაშორებდი და ვიტყოდი, რომ ამ ქვეყნის მომავალი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე. პრობლემა ის არის, ამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი უპასუხოს ამ საფრთხეებს. იმის უნარიც კი არა აქვს, აიტანოს საკუთარი მოქალაქეების პროტესტი. ჩვენ ვხედავთ მიტინგების არა უბრალოდ დარბევას, არამედ პათოლოგიურ სადიზმს - ამას სხვა სახელი არა აქვს. როდესაც წაქცეულ ადამიანს სახეში ურტყამენ, როდესაც ქალებზე ძალადობენ, როდესაც დაჩოქილი გოგო გადაჰყავთ პოლიციის მანქანით და სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი, როდესაც ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომელთაც ევალებათ მსგავსი დანაშაულების აღკვეთა, ჩანს, რომ სახელმწიფო ელემენტარულ გამოწვევასაც ვერ პასუხობს. საკუთარი საზოგადოებისგან კრიტიკის მოთმენაც კი არ შეუძლია. გადასული არიან მოსახლეობის ნების ძალით დათრგუნვაზე. ასეთ დროს ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას რაიმე სხვა სერიოზული გამოწვევის გამკლავება შეუძლია”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ვხედავთ იმასაც, თუ კრემლი როგორ მანიპულირებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი პოლიტელიტის დაბალი თვითშეფასებებისა და კომპლექსების წყალობით. მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად იქცევა ასე და ხელისუფლებაში ნომრიანი აგენტები გვისხედან. ვითომ სცადეს მულტისექტორული პოლიტიკის გატარება, საბოლოოდ კი ის მოახერხეს, რომ დასავლეთთან 30-წლიანი პარტნიორობა ფეხქვეშ გათელეს. მიტინგების სასტიკად დარბევის ბრძანება რომ გასცეს, თუ ადამიანში არ არსებობს შინაგანი სისასტიკე, რაც არ უნდა დაავალონ, ვერ გააკეთებს. ციხის ცნობილი ვიდეოჩანაწერი გავიხსენოთ - ერთი პრობლემა ის იყო, რომ სისტემა უშვებდა ასეთი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, მაგრამ მეორე უბედურება ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას სიამოვნებით აკეთებდნენ. ეს სისტემური სადიზმი, რაც ჩვენს ძალოვან უწყებებში იყო, არსად წასულა. ნორმალური, ოჯახში გაზრდილი ადამიანი გოგოს ფეხით არ შედგება. როგორც აღმოჩნდა, ეს პათოლოგია ამ სისტემისთვის ნორმაა. ამ სისტემურ ძალადობას ვინც ამკვიდრებთ და ამართლებთ, დაფიქრდით, მალე შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ ამ სისტემის მარწუხებში და ასეთივე ძალადობა თავად გამოცადოთ”, - თვლის გიორგი გობრონიძე.
“როდესაც მთავრობა უშვებს ასეთ საშინელებას, უშვებს იმასაც, რომ მთლიანად სპობს ძალოვანი სტრუქტურების ავტორიტეტს. საკუთარი ხელით სპობენ იმას, რასაც ეყრდნობიან - ეს ხომ პოლიციური სახელმწიფოა! თუ იმედი აქვთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, დააშინებენ ამით, ისე, როგორც რუსეთში მოხდა, ძალიან ცდებიან. ქართველი საზოგადოება არ არის კოლექტივისტური საზოგადოება. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული სოციოკულტურული რეკვიზიტი გვაქვს. აქ არ იმუშავებს რუსული მოდელი, ისევე, როგორც არ იმუშავა უკრაინაში იმ რეფორმებმა, რაც საქართველოში გატარდა. ამაზე უარესი ამბები მოუნელებია ქართველ ხალხს - ეს ავიწყდებათ ამათ. შეიძლება რაღაც ეტაპამდე ვინმე შეაშინონ, მაგრამ საბოლოოდ ასეთი მოქცევით სულ უფრო და უფრო ლეგიტიმაციის მიღმა დააყენებენ თავს. რომც დავუშვათ, რომ ეს არჩევნები მოიგეს, როდესაც ხელისუფლება შედის კონფლიქტში საზოგადოებასთან და მასზე ძალადობს, ის ლეგიტიმაციას კარგავს. რაც მეტად გაღრმავდება კონფლიქტი, მით უფრო ლეგიტიმაციის მიღმა აღმოჩნდებიან და უფრო მეტი საჯარო მოხელე, დიპლომატი, ბიზნესმენი თუ რიგითი მომხრე გაემიჯნება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას”, - დასძენს გობრონიძე.
როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
“უწყვეტმა აქციებმა, დაკავებებმა, ბოლოდროინდელმა მუდმივმა დაპირისპირებამ ქუჩაში და პოლიტიკური არასტაბილურობის შეგრძნებამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი გაზარდა. მიდის თუ არა ყველაფერი სალოქალაქო დაპირისპირებამდე და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? ანალიტიკოსების თქმით, პროტესტი ოპოზიციის და თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ორგანიზებას მოითხოვს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაუთვლელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, “გუნდასავით გაძლიერდეს და მთელი ქვეყანა ჩაითრიოს”. მათივე შეფასებით, დღეს შექმნილი მწვავე კრიზისული ვითარება როგორც ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების მხრიდან დაშვებული შეცდომების შედეგია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი / მზარდი აგრესია, სახიფათოდ გაზრდილი პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.
“ეს ხალხი ვინც სიტუაციას ამუქებს და რაღაცეებს ისვრის, ან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ან უბრალოდ ემოციებს ვერ თოკავს, ან პროვოკატორია. ამიტომ ამის ორგანიზება უნდა გაკეთდეს და აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან არასამთავრობო სექტორმა, ან პოლიტიკურმა ძალებმა, ან ორივემ ერთად. აქცია მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს, ყოველგვარი “ხლაპუშკების” და გინების გარეშე”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, პროტესტი უკვე ითხოვს გარკვეულ ორგანიზებას, რათა ეს ყველაფერი ფატალური შედეგით არ დასრულდეს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები - “პოლარიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, გაიზარდა - შეცდომებია დაშვებული, ერთის მხრივ, ევროპული ხაზის მომხრეების მხრიდან და ეს პროცესი აშკარად ევროპისკენ არ მიდის და შეცდომები იყო ხელისუფლების მხრიდანაც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა მთლიანად 100%-ით არა, მაგრამ გარკვეული ნაწილი პროტესტს უკვე ხმამაღლა გამოთქვამს. ასევეა ხელოვანთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად იმ პროცესს, რაც რუსთაველზე ხდება, ამის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ამ დარბევებს აქციის დაშლა არ ჰქვია. როდესაც თეატრის შენობასა და აფთიაქში შერბიხარ, დემონსტრანტებს ებრძვი, ამას როგორ შეიძლება დაშლა ერქვას?! ვისაც 2007 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენები ახსოვს, მაშინდელი “ომონი” ლამის სამების ტაძარში შეიჭრა. მაშინაც აფთიაქებში და ქუჩებში დასდევდნენ ხალხს. ახლაც ანალოგიურია, ერთი-ერთშია გადმოტანილი ის მიდგომა აქციებისა და ხალხისადმი, როგორიც მაშინ იყო. ოღონდ მაშინ ეს ერთ დღეს გაგრძელდა, დღეს კი ამას, ჩვენდა სამწუხაროდ, განვრცობოთი ხასიათი აქვს. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა და პროტესტი იზრდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
”აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანია - პროტესტი უკვე გარკვეულ ორგანიზებას მოითხოვს. არ ვიცი ეს პარტიების მხრიდან უნდა მოხდეს, თუ (პრეზიდენტი) ზურაბიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ ამ პროტესტის ორგანიზება რეალურად უნდა მოხდეს. ძალიან კარგად მესმის იქ რა ემოციებიც არის. ეს 1988 წლიდან მოყოლებული არაერთხელ გვაქვს გავლილი. ისიც მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი მდგომარეობა დაახლოებით 1988-89 წლებში განვითარებულ პროცესს ძალიან ჰგავს, ანალოგიურია და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ 9 აპრილამდე მივიდეთ. მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეთ, ხელისუფლების მოწყალებას კი არ უნდა ველოდოთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აი, ეს გულის მოფხანა, “ხლაპუშკების” და რაღაცეების სროლა უნდა დასრულდეს, პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“პოლარიზაციის ხაირსხი, რა თქმა უნდა, გაიზარდა და გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ შეცდომებია დაშვებული, ერთის მხრივ, ევროპული ხაზის მომხრეების მხრიდან და ეს პროცესი აშკარად ევროპისკენ არ მიდის და შეცდომები იყო ხელისუფლების მხრიდანაც. ძალის გადამეტებისთანავე უნდა დასჯილიყო ის ადამიანები, ვინც ძალა გადაამეტეს - ეს ხელისუფლების მხრიდან და ისევე როგორც ოპოზიციას დისტანცირება უნდა მოეხდინა მათგან, ვინც პროტესტანტების მხრიდან იყენებდა ძალას. პოლიტიკოსების მხრიდან ზედმეტი ძალის გამოჩენა ბლოკირებული უნდა ყოფილიყო. სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ სხვა რამეს ჰქვია, მაგრამ თუკი ანალოგიას გავავლებთ ისევ და ისევ უკრაინასთან, რაც არაერთხელ ახსენეს ადრეც და ახლაც, მაიდანიზაციის პროცესთან ახლოს ვართ”, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პროტესტი ორგანიზებული და მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს. მისივე აზრით, პროტესტის მონაწილეთა მიზანი არ უნდა გახდეს ბარიკადების მეორე მხარეს მყოფთა “დამარცხება” - “აქციებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან არასამთავრობო სექტორმა, ან პოლიტიკურმა ძალებმა, ან ორივემ ერთად. აქცია მკაცრად მშვიდობიანი უნდა იყოს, ჩვენი მიზანი ის კი არაა, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, რომ ეს ხალხი, ვინც მეორე მხარეს დგას - იგივე პოლიციელები და ა.შ. - ისინი კი არ უნდა დავამარცხოთ, მიზანი ერთია, რომ ისინი ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ, ლოიალურები გავხადოთ და როდესაც შეტაკებების პროვოცირება ხდება, ეს უკუეფექტს იძლევა. მესმის, რომ ამ ვითარებაში ემოციურად თავის შეკავება ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც რუსთაველზე გადიხარ და აპროტესტებ, ამასთანავე პასუხისმგებლობაც უნდა იკისრო ქვეყნისა და მომავლის წინაშე”, - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, გამორიცხულია, მაგრამ თუ პროტესტი მშვიდობიანი და ორგანიზებული იქნება, ამით შევძლებთ, რომ საჯარო დაწესებულებები და მათ შორის პოლიციაც ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ”, - განაგრძობს გამოცემა.
“წინა დემონსტრაციებისგან განსხვავებით, დღეს ამის ნიშნები უკვე არის - პროტესტში სახელმწიფო და საჯარო უწყებების, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. პროტესტი ფართოვდება და თანდათან საზოგადოების ყველა სფეროში შედის. ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არც ჰქონდა გეგმაში ესკალაციის თავიდან აცილება. ამ დღეებში რაც კეთდებოდა, ნორმალური ხელისუფლება იმას არ გააკეთებდა. ამიტომ ხელისუფლების იმედზე ვერ ვიქნებით. ხელისუფლებას რომ ამის (ესკალაციის თავიდან აცილების) სურვილი ჰქონდეს, ამას კარგა ხანია შეძლებდა. სპეცრაზმი აფთიაქებსა და თეატრებში თავისი სურვილით ხომ არ შერბის? მათ პირდაპირი დავალება აქვთ. მაგრამ როცა ლაპარაკობ, რომ დემონსტრანტთა მხარე ძალიან მშვიდობიანი უნდა იყოს, სპეცრაზმელი იქნება თუ ვინც იქნება, მას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თქვას - შემაგინეს და მეც ვაგინებო. ანუ საკუთარ თავთან გამართლების საშუალება არ უნდა მივცეთ. ამასთანავე, საზოგადოებამაც უნდა იმოქმედოს და თუ ევროპაც ამ ბრძოლაში წამოგვეშველება, ყველაფერი მთლად კარგად და ნორმალურად იქნება”, - თვლის ძაბირაძე.
“თუმცაღა, ერთი რაღაცას უნდა შევხედოთ - მიუხედავად ამ უბედურებისა, დაპატიმრებებისა, ცემისა და ა.შ., პროტესტი ფართოვდება. ხელისუფლებას ის უნდა, რომ პროტესტანტები რაღაცას წამოაგოს და შემდეგ რეპრესიები გააძლიეროს. რეპრესიებს ალბათ მაინც გააძლიერებს და ის, რომ ჟურნალისტებზეა ასეთი ზეწოლა, არ გამოვრიცხავ, რომ მალე ტელევიზიების დახურვამდეც კი მივიდეს საქმე. მაგრამ ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ. დღეს ესაა ამოცანა. ძნელია, რთულია, გასაგებია, მაგრამ ამ 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, ქვეყანაში სიტუაციას ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ გადავტეხავთ და ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევის ყველაზე ოპტიმალურ გზას მივაგნებთ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ გაუთვლელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ორივე მხარე ძალის გამოყენებისგან უნდა დისტანცირდეს. სასწრაფო წესით ორივე მხარე უნდა დისტანცირდეს ძალის გამოყენებისგან, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიმართ იყო ძალა გამოყენებული და ვის მიერ იყო. ვინც ძალას გადააჭარბებს, ის ბლოკირებული უნდა იყოს, დისტანცირებულები უნდა იყვნენ მისგან და ა.შ. ძალის გამოყენებაზე თუ რეაქცია არ მიეცა, მერე ეს პროცესი გაძლიერდება გუნდასავით და მთელს ქვეყანას ჩაითრევს და გაუთვლელ შედეგებამდე მიგვიყვანს”, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე”, - წერს სტატიის ავტორი.
ირაკლი მელაშვილი - “ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პრეზიდენტმა იკისრა”
“იმის თქმა, თუ რა სურს ახლა ხელისუფლებას, ძნელია. ჩანს, რომ დროის გაყვანას ცდილობენ, აქციების რეპრესიებით დაშლას, რათა მოსახლეობაში ფრუსტრაციამ დაისადგუროს და 14 დეკემბერს დასვან თავისი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი მეთოდი მათივე საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ბუნებრივია, ასეთ სისასტიკეს, დარბევებს უფრო მეტი ხალხი გამოჰყავს ქუჩაში და კიდევ მეტი გამოვა. ამიტომ ლოგიკას ვერ ვხედავ ხელისუფლების მოქმედებაში, თანაც კარგა ხანია. ახლა განსაკუთრებით საშიში გახდა ეს ყველაფერი, რადგან ეს არაადეკვატურობა ათასობით ახალგაზრდის კისერზე, მათ ჯანმრთელობაზე გადადის. ძალიან მწვავე და უმართავი პროცესია. აქციებს არა ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხალხი იკრიბება სპონტანურად”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პრეზიდენტმა იკისრა”.
“ამ 30-35 წლის განმავლობაში, როდესაც დიდ აქციებზე ვითარება ძალიან მწვავდებოდა, აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცავებს შორის რაღაც შეთანხმება ხდებოდა ხოლმე სიტუაციის განსამუხტად, რომ პროცესები უბედურებამდე არ მისულიყო. დღეს ესეც კი შეუძლებელია, რადგან აქეთა მხარეს ვის უნდა დაელაპარაკონ ძალოვნები, რომც მოინდომონ? ამიტომ ვითარება ძალიან საშიშ ფორმას იღებს. საშიშია, როდესაც ათიათასობით ადამიანია შეკრებილი. ამ დროს შეიძლება სპონტანურად გავრცელდეს პანიკა და ერთმანეთი გადაჯეგონ. ჩემი თვალით ვნახე, რომ ეს საშიშროება ბოლო დღეებში რამდენჯერმე ძალიან რეალური იყო. ჯერჯერობით, უფლის იმედზე ვართ, რომ მსხვერპლი არ იქნება. “ოცნებას” აღარ აქვს პოტენციალი, რომ ხალხს დაელაპარაკოს... არ დავმალავ, მწარედ ვცდებოდი, როდესაც სერიოზულად არ მიმაჩნდა, რომ “ოცნება” ასეთ გამწვავებაზე წავიდოდა, რადგან ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, მაგრამ წავიდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ერთადერთი ბერკეტი, ალბათ, მაინც ეკონომიკაა. ხელისუფლება ახლა იმაზე დგას, რომ ქვეყანაში სოციალურ პაკეტებს აკმაყოფილებს, დახმარებების სისტემა მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ზრდა იყო და ეს აძლევს საშუალებას, სოციალური საკითხები მოსახლეობისთვის, რომელსაც დიდი პრეტენზიები არა აქვს და იმითიც ბედნიერია, თუ საჭმელი აქვს, კმაყოფილი ჰყავდეს. ერთ დღეში ლარი 20 თეთრით გაუფასურდა და აშკარაა, რომ ეკონომიკაში ძალიან რთული პროცესები დაიწყება. აი, ეს არის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რადგან რაც უფრო გამწვავდება დასავლეთთან ურთიერთობა, მით უფრო გაუარესდება ეკონომიკა. ხელისუფლებას ეს ბერკეტიც გამოეცლება ხელიდან და დარჩება მხოლოდ რეპრესიების ბერკეტი, მაგრამ საქართველოში საყოველთაო რეპრესიები შეუძლებელია, ჩვენ არა ვართ არც ჩრდილოეთი კორეა და არც რუსეთი”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა ყოფილიყო, დიქტატურით დაემყარებინა თავისი ძალაუფლება. ფეოდალიზმის პერიოდშიც კი, მეფის ხელისუფლებაც, თუ შეიძლება ითქვას, ლიბერალური იყო, ჩვენს ბატონყმობასაც კი ვერ შეადარებ რუსულ ბატონყმობას. ერთადერთი დიქტატურა მხოლოდ და მხოლოდ ისევ რუსული დიქტატურაა. ამიტომ შიდა რესურსებზე დიქტატურის დამყარების ცდა მარცხისთვის არის განწირული - ბოლოს 200 ათასი კაცი კი არა, მილიონი გამოვა... დასავლეთის მოთხოვნა, არ გადაედგათ არადემოკრატიული ნაბიჯები, არ მოეწონათ და ქვეყნის სუვერენიტეტი თავიანთი საჯდომების რბილ სავარძელში დადებასთან გააიგივეს. ნათქვამია, ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი სუვერენიტეტიაო, და დაახლოებით ასე მოსდით. ცხადია, სავარძლებს არიან ჩაბღაუჭებული, მაგრამ მოუწევთ დათმობა და რა ფორმით, უკვე მათ არჩევანზეა დამოკიდებული”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება პრეზიდენტს, მან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან ახლა ის არის ამ ქუჩის პროტესტის ერთადერთი პოლიტიკური მდგენელი. დღეს პოლიტიკური მხარე, ვისაც ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს, მხოლოდ ზურაბიშვილია. მოლაპარაკებას არ ვგულისხმობ, დალაპარაკება აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ა.შ. ამისთვის მხარე ხომ უნდა არსებობდეს? ოპოზიცია საპროტესტო აქციებისგან გათიშულია. კი, დგანან იქ, ძალიან ბევრი წინა ხაზზეც და ამის გამო ჩემი პატივისცემა მათ, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების დანიშნულება ცოტა სხვა რამაა. ისინი უნდა შეადგენდნენ ამ პროცესის მხარეს, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ, როგორც ჩანს, ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან. ამიტომაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ის, როგორც ამ ეტაპზე ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ხდება პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელი. ამით გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად მასთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები, თუ როგორ განიმუხტოს სიტუაცია. ეს, ჩემი აზრით, სწორი და მამაცური ნაბიჯია, რადგან სხვა გამოსავალი ახლა არ ჩანს. ლიდერი, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე, ოპოზიციაში არ ჩანს. ეს პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა იკისრა”, - განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
ვენესუელის პრეცედენტი საქართველოსთვის - მიდის თუ არა ყველაფერი “ორხელისუფლებიანობისკენ”
“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. უკვე კეთდება განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთგვარი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და ტექნიკური მთავრობის შესაძლო ფორმირებაზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2019-2020 წლების პოლიტიკურ კრიზისს ვენესუელაში. მიდის თუ არა პროცესები ერთგვარი ორხელისუფლებიანობისკენ? პარალელურად, უკვე ტენდენციის სახე მიიღო პროცესმა, როდესაც სახელმწიფო მოხელეთა ნაწილი საჯაროდ ავრცელებს განცხადებას და ემიჯნება ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებულ ცნობილ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო 2028 წლამდე აღარ დასვამს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. შესაბამისად, არალეგიტიმიურია ამ არჩევნების შედეგების საფუძველზე შემდგარი პარლამენტიც და ის ხმოსანთა 300-კაციანი კოლეგიაც, რომელმაც ახალი პრეზიდენტი უნდ აირჩიოს. აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, სანამ არ ჩატარდება ახალი, ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვენესუელის პრეცედენტი საქართველოსთვის - მიდის თუ არა ყველაფერი “ორხელისუფლებიანობისკენ”.
“მანამდე კი, პრეზიდენტის აზრით, იქნება “გარდამავალი პერიოდი”. “დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე. ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, რადგან მე არ ვხელმძღვანელობ პროტესტს ქუჩაში, რომელიც ძალიან სპონტანურია. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს. იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ეს უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური... ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა და ამ გარდამავალ პერიოდს თუ დასჭირდება, ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს”, - აცხადებს პრეზიდენტი. “ქართული ოცნება” კი არ აპირებს უკან დახევას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პრემიერმა გამოაცხადა, რომ შაბათს უკვე დაინიშნენ ახალი მთავრობის წევრები და 14 დეკემბერსაც ჩვეულებრივად ჩატარდება პარლამენტში ახალი პრეზიდენტის არჩევა. “გაცნობებთ, რომ გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული”, - განაცხადა 1-ლ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება პარალელებს ვენესუელის მოვლენებთან, 2019 წელს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთმა არალეგიტიმურად სცნო და მასში ოფიციალურად გამარჯვებული ნიკოლას მადურო არ აღიარა კანონიერ პრეზიდენტად. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დროებითი მთავრობა და შედეგად, ქვეყანაში შეიქმნა ორხელისუფლებიანობა. საბოლოოდ, მადურომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ვენესუელას დროებითმა მთავრობამ კი ფორმალურად 2023 წლამდე იარსება, რის შემდეგაც თვითლიკვიდაცია გამოაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ხემძღვანელობით საბჭოს შექმნა საკმაოდ რეალურია და შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებამ ის აღიაროს კიდეც. “მე ასე მგონია, რომ შეიქმნება საბჭო, რომელშიც იქნება პოლიტიკური წარმომადგენლები. გამორიცხული არაა იქ შევიდეს სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა ცნობადი სახეები. შესაძლოა მას ერქვას “სათათბირო ორგანო”, ან “ეროვნული საბჭო”. ვნახოთ. სხვა საკითხებთან ერთად შესაძლებელია მათ იმუშაონ ამ საბჭოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებაზე. ამის მაგალითი იყო ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ოპოზიციის მიერ შექმნილი საბჭო აღიარა და არ აღიარა პრეზიდენტის არჩევნები”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, “შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს საქართველოში და ეს სამართლებრივად აღქმული იყოს ისე, რომ ქვეყანაში პრეზიდენტია ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო”, - დასძენს გამოცემა.
“ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ასეთი საბჭო შეიქმნას იქამდე, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. თითქოს რაღაც ორხელისუფლიანობის პირობებში ვიცხოვრებთ. ამის გარდა, თუ ხელისუფლება რამე კომპრომისულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, 14 დეკემბრამდე სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას ვვარაუდობ. რასაკვირველია, თუკი შეიქმნება რაიმე მსგავსი საბჭო, ხელისუფლებას რეაქცია ექნება. ისინი გამოაცხადებენ, რომ ვინც იქაა, ყველა უცხოელი აგენტია, მუშაობენ კარნახით, არ ემსახურებიან ეროვნულ საქმეს და თითოელ მათგანზე განახორციელებს დისკრედიტაციას”, - თვლის ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი საბჭო შეიქმნას, ოღონდ, მისივე თქმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“დიდი ალბათობით, შეიქმნება საბჭო, რადგან მათ განზრახული აქვთ გამოიყენონ წინააღმდეგობის ყველა ფორმა. შესაბამისად, საკორდინაციო საბჭო, პრეზიდენტის ხელმძღვანელობის, ოპოზიციის და მათთან აფილირებული სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით იქნება ის წინააღმდეგობრივი, კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა, რის შექმნასაც ისინი შეეცდებიან. მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ და დავუშვათ, ხელისუფლებამ დაგეგმა სალომე ზურაბიშვილს კანონით და ძალის გამოყენებით დაატოვებინოს საპრეზიდენტო რეზიდენცია. ეს იქნება ოპოზიციისთვის გარკვეული საინფორმაციო ფონის შესაქმნელი საშუალება, განსაკუთრებით დასავლეთის თვალში, რომ აი, ხედავთ როგორ ექცევიან ახლახანს გადამდგარ პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, დასავლეთში ამას რა რეაქცია მოჰყვება, რადგან მათთვის დღეს ზურაბიშვილი მთავარი კომუნიკატორია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ამაზეა გათვლილი და გარდა ამისა, იმაზეც, რომ კიდევ ერთი ხმაური და დაპირისპირება მოაწყონ, რომელიც მერე მედიით გაშუქდება და სავარაუდოდ, მათი აზრით, მოემსახურება ოპოზიციური ელექტრორატის მობილიზებას.”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“სხვა დატვირთვას მე ამაში ვერ ვხედავ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს წესით და რიგით ვადა გაუდის, თუ ის ქვეყნის კანონმდებლობის და კონსტიტუციის ერთგულია, მან უნდა გამოავლინოს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა და დაემორჩილოს. თუმცაღა მისი ბოლოდროინდელი მოქმედებებიდან მე ნაკლებად მაქვს ამის მოლოდინი და მისი ბოლო ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ საბჭო შეიქმნა, მისმა წევრებმა მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას ამ საბჭოს აღიარების თაობაზე, რადგან ვენესუელის მაგალითის განმეორების იმედი აქვთ აქაც. იქ დასავლეთის ქვეყნებმა ხუან გუაიდო აღიარეს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვიდრე ოპოზიციის გამოსვლები არ ჩაცხრა, მანამდე იყო ასეთი “ორხელისუფლებიანობა”, ანუ ერთი მხრივ მადურო და, მეორე მხრივ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გუაიდო. თუმცა, ჩვენ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ანუ, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალდებულია გამოვიდეს და გადადგეს. ამის შემდეგ ვინ ჩათვლის მას ლეგიტიმურად და ვინ არა, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“წესით და რიგით, როცა შენ კონსტიტუციური ვადა გეწურება, უნდა წახვიდე. თუმცაღა, როგორც მოგახსენეთ, ის აპირებს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევას. საბჭოს შექმნაზე ხელისუფლების რეაქცია მგონი საკმაოდ პროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ამ საბჭოს არ აღიარებს და იტყვის, რომ ეს არის მორიგი უკანონო სტრუქტურა. მეორეც, ოპოზიცია ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს, თუ ის დაიწყებს ალტერნატიული ორგანოების შექმნას, რადგან მაშინ კითხვა დაისმევა, თუ რა ლეგიტიმაცია აქვთ საამისოდ? ამ შემთხვევაში მათ უნდა მოიშველიონ არჩევნების შედეგები, ხომ? თუ ასე მოხდა, გამოდის, რომ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებენ. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, ამ ალტერნატიულ სტრუქტურას დიდი დღე ჰქონდეს”, - თქვა ანჯაფარიძემ. ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ რადგან სახელისუფლებო სტრუქტურებში ეს პროცესი დაიწყო, ამას უფრო ფართო სახეს ექნება და ნელ-ნელა ხელისუფლება საჯარო სექტორზე კონტროლს დაკარგავს” - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ვინაიდან შეიქმნა პრეცედენტი, რომ საჯარო სამსახურებში ხალხი უკვე ღიად გამოდის და აფიქსირებენ აზრს, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ “ოცნება”, შესაძლოა, ნელ-ნელა კონტროლს კარგავდეს სხვადასხვა სამინისტროებზე და ზოგადად, საჯარო უწყებებზე. კარგია, რომ პრეზიდენტი მიესალმა საჯარო სამსახურში დასაქმებულების პროტესტს, ასევე მოუწოდა თანამდებობებიდან არ გადადგნენ და დარჩნენ თანამდებობაზე, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და არა კონკრეტულ პირებს”, - ამტკიცებს ნიკა ჩიტაძე. ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ამ კრიზისმა ხელისუფლებას სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში პოლიტიკური ოპონენტების გამოვლენის საშალება მისცა და გამორიცხული არაა, მათ ნაწილს თანამდებობების დატოვებაც მოუწიოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
“მემგონი ხელისუფლების ეს ინიციატივა, რომ 2028 წლამდე შეეჩერებინა ევროინტეგრაციის პროცესი, დაეხმარა მას, რომ გამოევლინა სახელისუფლებო სტრუქტურებში და სამინისტროებში მყოფი ოპონენტები. რეალურად ასე მოხდა, რადგან ამ ხალხმა საკუთარი თავი გამოავლინეს, როგორც ხელისუფლების პოლიტიკის ოპონენტებმა. ნუ, ხელისუფლება ალბათ ამას გაითვალისწინებს. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს სამსახურის დატოვებაც კი მოუწიოს, რადგან, თუ შენ ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ ეთანხმები, მაშინ უნდა ადგე და წამოხვიდე. ევროპული პრაქტიკა ამაში მდგომარებს. შენ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთო, ადგილზე საბოტაჟი გასწიო და თან თანამდებობაზე რჩებოდე? - ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. სავარაუდოდ, ეს ადამიანები პოზიციას ვერ იცვლიან იმიტომ, რომ უკვე დაწერეს თავიანთი ცნობილი განცხადება, რის შემდეგაც ალბათ უნდა დაწერონ განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უქნიათ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
რა პროცესებს გამოიწვევს საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება?! - გიორგი კაჭარავა
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არის ძალიან ცუდი ფაქტი, ვინაიდან ამერიკა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. იგივე სამხედრო წვრთნები, რომელიც აქამდე ტარდებოდა, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოჰყვა. ამერიკასთან სამხედრო, ეკონომიკური თუ სოფლის მეურნეობის სფეროებში გვქონდა დახმარების პროგრამები და რაც ყველაზე მთავარია, ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ეს ყველაზე დიდი ბერკეტი იყო საქართველოსთვის, მაგრამ არაღიარების პოლიტიკას ამერიკელები არ და ვერ გადათქვამენ, რადგან პარტნიორობა შეჩერებულია და არა - გაწყვეტილი. ეს განცხადება დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭება სასიკეთოს არაფერს მოუტანს საქართველოს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი კაჭარავა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პროცესებს გამოიწვევს საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერება?!
“საქართველოს აქვს პოლიტიკური ინტერესები, ვინაიდან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ და საერთაშორისო არენაზე უნდა დავიმკვიდროთ თავი, მაგრამ როგორ უნდა ენდო სახელმწიფოს, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, წლების განმავლობაში ამისკენ მიდის, მერე ერთ დღეს დგება და ამბობს - ეს ამბავი არ მაინტერესებსო! საქართველო დახმარებების გარდა, როგორც პარტნიორი, კარგავს ავტორიტეტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამერიკელები ამ ქარტიით, პრაქტიკულად, მხარს უჭერდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ამერიკა და დასავლეთი ამისი გარანტორები იყვნენ. გარდა ამისა, ეს რომ არ ყოფილიყო, 2008 წელს რუსები საქართველოში თავისუფლად შემოვიდოდნენ. ამიტომ ეს არის უდიდესი დარტყმა ქვეყნისთვის. შემდეგი ნაბიჯები, სავარაუდოდ, სანქციები იქნება. ტრამპის მოსვლას დიდი იმედით ტყუილად უყურებენ. საქართველო ტრამპის სიაში არის თუ არა, კაცმა არ იცის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაჭარავა.
“მსოფლიოში მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება - უკრაინა, სირია, ახლო აღმოსავლეთი, ირანთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთის და ჩინეთის ამბავი, ატომური იარაღის საკითხი, ნატოს ახალი ფორმატირება და ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამასთან, წარმოიდგინეთ, რამდენი შიდა პრობლემაა ამერიკაში. ეს ამოცანები აქვს დღეს ამერიკას... რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები ევროკომისიისთვის ყოველთვის სარეკომენდაციოა. მას ევროკომისიამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და უარის თქმასაც რაღაც საბაბი სჭირდება. ამიტომ ხელაღებით ამ რეზოლუციას ვერავინ უარყოფს, ის აუცილებლად იქნება განხილული. ევროპარლამენტი საკანონმდებლოა, ევროკომისია კი როგორც მინისტრთა კაბინეტი, მან უნდა განიხილოს ის, როგორც დოკუმენტი და გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ძალა და მისი განხილვის შემდეგ თავისუფლად შეიძლება იქნეს მიღებული ევროკომისიის მიერ”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მაშინ, როცა ჯერ ევროკომისიას დასკვნა არ დაუდვია, მდინარაძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს არეულობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ კი ეს გეგმა ჩავუშალეთო” - პასუხობს:
“ეს რეზოლუცია ევროკომისიის სხდომას სადღაც ორ კვირაში უნდა განეხილა. შესაძლოა მართლაც წინასწარ სცოდნოდათ პასუხი, ვინაიდან საქართველოს ბრიუსელში აქვს საელჩო და დიპლომატებს შეიძლება კავშირები ჰქონდეთ ოფიციალურ პირებთან ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებში. რა თქმა უნდა, არსებობს პირადი კონტაქტებიც ოფიციალურ პირებთან და მათგან გაიგეს ბევრი რამ... საქართველო კარგავს ყველა იმ ბენეფიტს, რომლებიც ამ პროცესს მოჰყვება - სხვადასხვა სფეროში დახმარება, რომელიც არ არის მარტო ფულადი დახმარება, ეს არის სახელმწიფო მმართველობის ცოდნის გადაცემა საქართველოში არსებული ინსტიტუტებისთვის, სხვადასხვა უწყებისთვის; შეიძლება დაკარგოს საგანმანათლებლო პროგრამები, როცა ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ევროკავშირში წავიდნენ სასწავლებლად, სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო სფეროში, ასევე პროგრამები, რომლებიც ეხება კომპეტენციის გაზრდას და სხვა უამრავი”
“გავიხსენოთ მრავალწლიანი ინტეგრაციის პროცესები, აბსოლუტურად ყველა სფეროში რაც იქნა მიღწეული, ახლა ან გაიყინება, ან დაიხურება. ასევე, ვიცით, რომ საბანკო სისტემა ინტეგრირებულია საერთაშორისო საბანკო სისტემასთან, არის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები და ამ პროცესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კრედიტის რეიტინგზე, დაეცეს, რაც გააძვირებს კაპიტალის შემოტანას საქართველოში. ვთქვათ, ვიღაცას აქვს სამომხმარებლო, იპოთეკური და სხვა კრედიტი, საქართველოს ბანკისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ფულის შემოტანა გაძვირდება (ჩვენ ხომ შემოტანილი კაპიტალით ვსარგებლობთ). ჩვენს ბანკებს კაპიტალი რომ გაუძვირდებათ, იძულებული იქნებიან ასწიონ საპროცენტო განაკვეთები. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევს. ევროპული ინტეგრაციის საკითხი საქართველოსთვის ყოველთვის ქვეყნისა და მისი მმართველობის მოდერნიზაციის ყველაზე დიდი საშუალება იყო. ჩვენ მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციას და ამისთვის რაც საჭირო იყო, ყველა იმ პუნქტის შესრულება ნიშნავდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და მისი მმართველი სტრუქტურების მოდერნიზაციას. ეს იყო მამოძრავებელი ძალა, რათა საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ახლა შესაძლოა მართლაც შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, ამაზე დაიწყო უკვე ოფიციალური მსჯელობა, ევროკომისიის წარმომადგენელმა პაველ ჰერჩინსკიმაც განაცხადა, ბრიუსელშიც იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ცოტა ოპტიმისტად დავრჩები და ვიტყვი, რომ ეს თვითონ ევროსაბჭოსა და ევროკომისიისთვის იქნება მძიმე გადაწყვეტილება. ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ალბანეთს ჩამოართვეს ცოტა ხნით, მაგრამ მან სწრაფად გამოასწორა ყველაფერი - არჩევნები ჩატარდა და სხვა რაღაცებიც აღადგინეს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვისაც კი ძალზე მძიმე იქნება... დიპლომატების და ოფიციალური პირების ზოგადი განცხადებებით ჩვენ ვერ გავიგებთ, რა პროცესში არიან ისინი. ის, რაც ვნახეთ, რეზოლუცია თუ მსჯელობა ევროკომისიაში, მეტყველებს, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დგას. იქ ვაჭრობა მიდის თუ ვინმე ვინმეს ელაპარაკება, ვინ რას სთავაზობს რაღაცის სანაცვლოდ, ჩვენ ეს არ ვიცით. ყველაფერია მოსალოდნელი, ვერაფერს გამოვრიცხავ. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა”, - დასძენს გიორგი კაჭარავა.