არასამთავრობო ორგანიზაციები - მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე შესაბამის უწყებებს მოუწოდეს, იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა.

ამასთან, ისინი მზად არიან, უფასო იურიდიულ დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსთან. გარდა ამისა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით განცხადება გაავრცელეს სხვადასხვა სამინისტროებისა და საბიუჯეტო უწყებების ასობით თანამშრომელმა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებების გავრცელების შემდეგ მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებები. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეებსაც აკისრებს ვალდებულებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი. პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და ემიჯნებიან “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ მერიაში დაგეგმილი ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით და საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების, რეორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს , იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გავუწიოთ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში