თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი გაიფიცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი გაიფიცა.

ისინი მოითხოვენ: ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სწავლის პროცესის შეჩერებას და თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის ხელმისაწვდომობას.

„28 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობის მეთაური კვლავ გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უარი თქვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების უმოქმედობას და ხალხის ნებასთან შეუთავსებლობას.

ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ახალგაზრდების და საზოგადოების ფართო წრის ლეგიტიმურ პროტესტს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი ვაცხადებთ გაფიცვას, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოს. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია: ახალი არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური საარჩევნო კომისიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში; თსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან სწავლის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთება, სანამ ზემოთ აღნიშნული პირველი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება; თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის.

ამავდროულად, სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკანანო პატიმრობაში იმყოფებიან ან დაშავდნენ თვითაღიარებული ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.

ერთად დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი და ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენი ხმა აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო”, - ნათქვამია სტუდენტების მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ