პრემიერი - აშშ-ის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შემდგარა - აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას „ქართული ოცნება“ 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ელოდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შემდგარა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ისთან ურთიერთობების გადატვირთვას „ქართული ოცნება“ 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ელოდება.

„[აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანთან ბიძინა ივანიშვილის] შეხვედრა არ შემდგარა. რასაც ვამბობთ ზუსტად ამ სცენარში ჯდება. მოქმედ ადმინისტრაციას აშკარად არ სურდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რასაც ეტყვის მისი ადმინისტრაცია. ამაზე ელჩი არ იღებს თავად გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი მიდგომით მოქმედება. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და არჩევნების წინ პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა რადიკალურ ოპოზიციას. პირდაპირ ამბობდა იმას, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და არ მოვიდოდნენ ეს ადამიანები, მკვლელები და მწამებლები ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში მათთვის საქართველოს არ ჰქონდა ფასი. [რობინ დანიგანთან] იმის მერე არ ყოფილა კომუნიკაცია. დღეს მოქმედი ელჩი ელოდება ახალ ადმინისტრაციას და ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად იმოქმედებს უკვე იანვრიდან. მთავარი ჩვენთვის არის - დეკემბერი არის გადავლილი, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ყველაფერი მიდის ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. 20 იანვრამდე გვექნება სიმშვიდე. რაც მთავარია „ნაცმაიდანი“ ჩავარდა, პატარა კუდები შეიძლება იყოს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო კოორდინირებული მცდელობა საქართველო არეულობაში გაეხვიათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშვიდად მივალთ 20 იანვრამდე და 20 იანვრიდან ველოდებით გადატვირთვას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა