ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედში“ განუცხადეს, ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა.

„ჩვენთან იყო, გუშინ საღამოს გაეწია ამბულატორიული მომსახურება და გუშინვე გაეწერა“,- განაცხადეს „ვივამედში“.

ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მათ ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„გუშინ დატოვა „ვივამედი“ და გადაიყვანეს ისევ დუშეთის იზოლატორში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას არ გვაწვდის. კლინიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა დროს მოითხოვს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც გადმოიყვანენ თბილისში, ვინაიდან დღეს პროცესი მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლისგან ზარს ველოდები, სხდომა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინიშნოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 დეკემბერს, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ელისაშვილი სწორედ ბაბაევზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა დაკავებული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა