ჟურნალისტი ნიკუშა კაცია - 14 გრამი კოკაინი ძალიან ბევრია, მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ სიბინძურე და ტყუილია, რომელიც "არ მოსულა" - შეხება არასდროს მქონია

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას 14 გრამი კოკაინის ქონას ედავებიან. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას კითხვით მიმართა, ჰქონდა თუ არა მის მიმართ უფლებების დარღვევას ადგილი.

კაციას თქმით, მის მიმართ უფლებების დარღვევის მთელ ჯაჭვს ჰქონდა ადგილი. ჟურნალისტის განმარტებით, მას წინასწარ დაწერილი ტექსტი დაახვედრეს და ხელი მოაწერინეს. ამასთან მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ დამცინავ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

„სასტიკად დამცინავად, შეურაცხმყოფელად იქცეოდნენ, ბილწ სიტყვებს ვგულისხმობ, დარბაზში არ ვხედავ არცერთს, მაგრამ ამოვიცნობ. თავიდან მეგონა, ბანდფორმირება დამესხა თავს, მერე როგორც აღმოჩნდა, იმ შენობაში ვიყავი, რომელსაც, როგორც კრიმინალურს ვიცნობთ.

ქურთუკის გახსნა რომ დაიწყეს და ნახეს საახალწლო ზედა მეცვა, მითხრეს: "რიჟიკა ხარ ბიჭო?" მერე მითხრეს, „შენ ნაბ...ი ხარო". აქციაზე მივდიოდი. როცა მივხვდი, რასაც აკეთებდნენ, ვემუდარებოდი, რომ არ "ჩაედოთ".

კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი ტყუილი მითხრა, [პოლიციის] აკადემიაში ლექციებს კითხულობს. ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, არავის თავს არ ვაცოდებ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი, საგამოძიებო ორგანო ვერ დამასწრებდა თქმას. 42 წლის ვარ, არასოდეს შეხება არ მქონია...

როგორც კი შევედით კრიმინალურის ეზოში - იყო ასეთი ფრაზა, არ გაიგონ ჟურნალისტებმა...

სულ 63 კილო ვარ, არსად მივრბოდი, აბსოლუტურ შოკში ვიყავი, თვალები რომ ამიცრემლიანდა, ამაზეც დამცინავი საუბრები დაიწყეს - არ გინდა ნუ თამაშობო.

ერთმანეთს ანაცვლებდა ორი თემა - "სად გაქვს ფაქტი ბიჭო?" ამაზე ისეთი სტრესი მივიღე, არ ვიცი აქ როგორ ვზივარ და როგორ გესაუბრებით, ინსულტმა როგორ არ დამარტყა.

მეორე დღის ბოლომდე არ ვიცოდი, რატომ დამაკავეს. "აქციაზე დადიხარ და მოგწონს იქ ქვებს რომ ისვრიანო?". ამ პასაჟიდან ბოლო ჩემი დაცინვა იყო - "იი რიჟიკა".

დაავიწყდათ რომელ ჯიბეში რა მედო, 14 გრამი რომ არის, ამაზე მეცინება, შემობრუნებული 41-ია. მამადლიდნენ, რომ არავინ მცემდა. შემოთავაზება იყო, მოვწევდი თუ არა [მარიხუანას].

მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ ეს ის სიბინძურე და ტყუილია, რომელიც მართლა "არ მოსულა". მთელმა საზოგადოებამ იცის და ნანახი აქვს, ჩემი პოსტები სოციალურ ქსელში საკვებ პროდუქტთან, პურთან დაკავშირებით. 14 გრამი კოკაინი... ვიცი რომ ძალიან ბევრია.

მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო... ხელი მომაწერინეს, ცარიელ ცელოფნებზე ვიკითხე, არაფერია, შენს ნივთებს ჩავყრითო. მართლა დავიჯერე რომ შევეშალე, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ შევეშალე. როგორც კი მოვაწერე, მანქანის გარშემო მყოფებმა დაიწყეს სიცილი, რატომ დამცინით მეთქი?

მერე, ორი პირი, ვინც თავზე დამახტა, ნასვამი იყო. არ მრცხვენია, რომ შემეშინდა, რაც მოხდა, ფილმებშიც არ მინახავს.

რასაც ვყვები, უწყვეტი ჯაჭვია ადამიანის უფლებების დარღვევის. სასტიკ დამნაშავესაც არ შეიძლება ასე უდიერად და უხეშად მოექცე... 50/50-ზე იყო მოტყუებაც და ძალადობაც",- განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა