სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს - თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში

თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ საპროტესტო აქციას.

“თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს. მე თქვენს ადგილზე ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს საზღვრების გარეთ და რაზეც ალბათ, შურით გვიყურებენ, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, თავისი ფასეულობებისთვის, თავისი ენისა და რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში. თქვენთან ერთად ბრუნავს ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში ბოლო მოვლენების ფონზე არსებულ განწყობებზე და განაცხადა, რომ საქართველოში საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მედიას.

"აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად არის მცდელობა იმის, რომ წარმოდგენილი იყოს რაღაც დაპირისპირება. არ არსებობს ის საქართველო, რომელიც რუსეთის მომხრეა, რომელიც მზად არის, რომ ჩაბარდეს. არსებობს უფრო და უფრო ვიწრო წრეები, რომლებიც არიან მიბმული რაღაცით - ხან ინტერესით, ხან პრივილეგიით, ხან ნათესაობით, ხან ჩადენილი კომპრომატებით - რომლებიც არიან მიბმული, მაგრამ ქართველი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ჩაბარდეს რუსეთს და რუსული რეჟიმით იცხოვროს, ასეთი ქართველი არ ვიცი და აქ ორ საქართველოს შორის დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება არის შემართული საზოგადოების, რომლის წინაშე დგანან “ტიტუშკები” და ვიღაც-ვიღაცები. იქაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში უფრო და უფრო უჭირთ ის, რომ მათი მეთაური და მათი იერარქია არიან კრიმინალები - ეს ღირსეული პოლიციელისთვის არის ალბათ, ის, რაც ყველაზე ძნელია.

მე მინდა, გითხრათ უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ ამას მადლობისთვის არ აკეთებთ, თქვენ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ, ალბათ, თქვენზე ძლიერი ზეწოლა წამოვა, ესენი თუ ამ მდგომარეობაში გააგრძელებენ ყოფნას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ, არ ეცოდინებოდათ, იქ რა ხდება. თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელს ქალაქში ან სხვადასხვა ქალაქში - არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ”, - მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა დააჯილდოვა: ჯონი ბაკურიძე; სერგი ბარამიძე; ნუცა ბახუტაშვილი; დავით ბერაძე; დავით ბიჭიკაშვილი; სალომე ბოკუჩავა; ნიკა ბუჩაშვილი; მინდია გაბაძე; მარიამ გაფრინდაშვილი; რუსუდან დუმბაძე; აკაკი ზარქუა; ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი; მალხაზ კანდელაკი; დავით კობიძე; ნიკოლოზ კოკაია;ანა ლომთაძე-მდივანი; მარიამ მაკასარაშვილი;დეა მამისეიშვილი;მიხეილ მარტიაშვილი; მირიან მელაძე;გივი მჭედლიშვილი; მარიამ ნიკურაძე; გურამ როგავა; დავით ქაშიაშვილი; ნანუკა ქაჯაია; ალექსანდრე კეშელაშვილი; გენადი ქვაჩახია; ბექა ყორშია; გიორგი შეწირული; მაკა ჩიხლაძე; ქეთევან ციცქიშვილი; პავლე ხაჩიძე; ირინა ყურუა; ბესო გაფრინდაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები