ზურაბ ჯაფარიძე - შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი, როცა პარლამენტის შენობაში აპირებენ, რაღაც არჩევნები ჩაატარონ, რომლის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს - ვაპირებთ, პროტესტი გავაგრძელოთ

შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი, როდესაც პარლამენტის შენობაში აპირებენ, რაღაც არჩევნები ჩაატარონ, რომლის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს - ვაპირებთ, პროტესტი გავაგრძელოთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების სტრატეგიული გეგმის პუნქტები დაასახელა, მათ შორის არჩევნების საგარეო არაღიარება. ამ მიმართულებით მან ისაუბრა ევროკავშირის ელჩისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ შეხვედრა „პრობლემა იყო“.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება. ვგულისხმობ იმ ოთხ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც მიიღო ხალხის ლეგიტიმაცია და რეალურად, მოიგო არჩევნებში. რას ვაკეთებთ კვლავინდებურად - ერთი ეს არის მუშაობა იმაზე, რომ არ მოხდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან რუსული რეჟიმის აღიარება. ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს ამ წუთის მდგომარეობით. 14-ში დაგეგმილი აქვთ ბიძინას ზებრის არჩევნებს რომ ეძახიან. არავინ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ პროცესში.

მეორე მიმართულება არის მოსახლეობის მხრიდან ამ რეჟიმის არაღიარება. ვხედავთ, რომ პროტესტი არის უწყვეტი და მოიცვა არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ პრაქტიკულად ყველა მსხვილად დასახლებული პუნქტი ამ ქვეყანაში. 1988 წლიდან რუსთაველზე ვდგავარ და ქალაქში ამდენი ადამიანი ერთად გამოსული, არ მახსოვს, ანუ, მოსახლეობის მხრიდან არაღიარებაც გრძელდება. მეტიც, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც 500-ზე მეტი ადამიანი გატაცებული და დაკავებულია. აქედან დაახლოებით 350-მდე არის ნაცემი, დიდი ნაწილი, პრაქტიკულად ნაწამებია და აქედან 100 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული, მათ შორის 90-მდე მედიის წარმომადგენელია, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელები ან „ტიტუშკები“.

მიუხედავად ასეთი ტერორის ატმოსფეროსი, ხალხი ქუჩაში დგას. ყოველ საღამოს ათობით ათასი ადამიანი გამოდის მხოლოდ თბილისში, დედაქალაქში და სხვა ქალაქებშიც ყოველ დღე პროტესტია.

შემდეგი მიმართულებაა პროტესტის დროს დაკავებული და ფიზიკურად დაშავებული ადამიანების დახმარება. ჩვენი რესურსების ფარგლებში უზრუნველვყოფთ ამ ადამიანების იურიდიულ დახმარებას. თუმცა ჩვენი რესურსები შეზღუდულია. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო რამდენიმე ფონდს, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ადამიანებს ეხმარება მკურნალობის ანაზღაურებაში, ასევე, ადვოკატების ხარჯების ანაზღაურებაში, მათ შორის საჯაროდ აქვთ გამოცხადებული, რომ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სექტორს დატოვებენ პროტესტის ნიშნად, ან გამოაგდებენ საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო, ფინანსურად დაეხმარებიან. ეს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მუშაობა ამ ყველაფერს ვერ სწვდება.

შემდეგი მიმართულება არის საგარეო არაღიარება. ამ წუთის მონაცემებით, არ დამატებია არცერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ამ რუსულ რეჟიმს, ისინი რჩებიან ნიკარაგუას, ვენესუელას, რუსეთის და ირანის მიერ აღიარებული. მეტიც, გვესმის სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტიდან განცხადებები, რომელიც მიმართულია საქართველოსკენ და მათ მთავრობადაც არ მოიხსენიებენ.

ჩვენი აზრით, პრობლემა იყო, რომ ევროკავშირის ელჩი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, პროტესტი დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმაც. ევროკავშირის ელჩი უნდა გამოხატავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეჯერებულ პოზიციას, რაც არის ის, რომ არავინ, გარდა უნგრეთისა, ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადაწყდა ამ შეხვედრის ორგანიზება და შემდეგ ფოტოების დადება, რასაც „ქართული ოცნება“ იყენებს პროპაგანდისთვის და აჯერებს საკუთარი ამომრჩევლების ნაწილს, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

საბოლოოდ, რომ შევაჯამო, პროტესტი გაგრძელდება. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი, როდესაც პარლამენტის შენობაში აპირებენ, რაღაც არჩევნები ჩაატარონ რომლის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, ისევე როგორც არ აღიარებენ იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, რომელიც ახლა იქ არის შეკრებილი. ვაპირებთ, პროტესტი გავაგრძელოთ. ხალხი, ვინც რუსთაველზე გამოდის, აპირებს პროტესტი გააგრძელოს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში