ნინო ლომჯარია - სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე - დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია, ასევე, ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პარტიების წარმომადგენლები

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასული კვირების განმავლობაში სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაპატიმრებულია, რომელთა ასაკი 19 წლიდან იწყება.

მისივე თქმით, აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვაკვირდებით იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რომლებზეც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მიმდინარეობს. გამოვლენილ ტენდენციებსა და მიგნებებზე რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

საჯარო წყაროებით გავრცელებულ და ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია. დაკავებულთა შორის არიან ასევე, ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. მოგვიანებით, 2 პირი, ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს არაერთ დარღვევაზე საუბრობენ.

„მათ შორის, მიუთითებენ უკანონო პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს (მაგალითად, საბა სხვიტარიძის, რევაზ კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილისა და სხვების საქმეები).

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება), 353 პრიმა (პოლიციელებზე თავდასხმა), 18-229-ე (აფეთქების მომზადება), 156-ე (დევნა), 260-ე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობა) მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელად თავისუფლების აღკვეთას (4-დან 6 წლამდე, 7-დან 11 წლამდე, 8-დან 20-წლამდე), ხოლო ნაწილი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აქციის ორი მონაწილე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ ფლობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აქციიდან მომავალს პოლიციამ მოწმეთა დასწრებისა და ვიდეოჩაწერის გარეშე უკანონოდ ჩაუტარა ჩხრეკა და ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მეორე დაკავებული მიუთითებს, როგორც ნარკოტიკების ჩადებაზე, ასევე, დაკავების შემდგომ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და ზეწოლაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა