საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქციების ფარგლებში დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის, საქმეზე შეფასებას აქვეყნებს. როგორც საიაში აღნიშნავენ, პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ დასაბუთება უნდა ემყარებოდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ბრალდებულთა მხრიდან რეალურად მომდინარე საფრთხეების პრევენციასა და არა კონკრეტული, თუ მათი ზემდგომი პროკურორებისა და მოსამართლის მიხედულობას.
„საიას შეფასებით, პროკურატურის არგუმენტები და მათი დაუსაბუთებლობა კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ვარაუდს, რომ პროკურატურამ ორი სისხლის სამართლის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა იმ მოტივაციით, რომ საქმის მოცულობასა და გამოძიების მიმდინარეობაზე აპელირებით, დროულად არ გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად და შეფარდებული პატიმრობის პირველ გადასინჯვის სხდომაზე არგუმენტად კვლავ საქმეზე გამოძიების გაგრძელება დაესახელებინა.
საიას შეფასებით, ასევე, ბრალდებულთა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე გაჟღერებული გარემოებებით იკვეთებოდა, რომ ხსენებულ საქმეებში პრობლემური და საყურადღებო იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არარსებობა. წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებით კი გამოიკვეთა, რომ პროკურატურას ამ ეტაპზე კვლავ არ აქვს ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“,- აცხადებენ საიაში.
საიას შეფასებით, სასამართლო უგულვებელყოფს იმ ფაქტებს, რაც თავიდანვე განჭვრეტადი იყო ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც იმ საქმეზე, სადაც ბრალდებული 11 პირია და შედარებით პატარა დარბაზში სხდომის ჩატარების მოტივაციით რეალური რისკის ქვეშ დააყენა ბრალდებულთა სამართლიანი სასამართლოს უფლების რიგი პროცედურული გარანტიების დაცვას.
„საია მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი. სასამართლოს მიერ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობების დაკმაყოფილება, უკარგავს სასამართლოს ფუნქციას და მას პროკურატურის გაგრძელებად წარმოაჩენს. ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს პროკურორების კვალიფიკაციაზე, რადგან სასამართლოს მხრიდან კონტროლის არ არსებობის პირობებში, პროკურორს ექმნება მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს მის შუამდგომლობას, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც კონკრეტულ ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და დაბალი სანდოობის მქონე მართლმსაჯულების სისტემაზე.
ბრალდებულთა მაღალი რიცხვის (11 პირი), მათი ადვოკატების რაოდენობის, მაღალი საჯარო ინტერესის და პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, სასამართლომ პირველ ეტაპზე არ უზრუნველყო სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში ჩატარება, რომელიც სხდომის გამართვის დროისთვის თავისუფალი იყო და სასამართლოსთვის აღნიშნული წინასწარ განჭვრეტადი იყო. თუმცა მოსამართლემ მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდგომ შეცვალა დარბაზი და სხდომა პირველ დარბაზში ჩაატარა.
საია შენიშნავს, რომ სასამართლო სივრცის ორგანიზებასა და მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში. ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა გადამწყვეტია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში, ხოლო, ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტიანი და პრაქტიკული. სასამართლომ, მიუხედავად დარბაზის ცვლილებისა, არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, და, მიუთითა, რომ დარბაზის ცვლილების გადაწყვეტილება არ მომდინარეობდა საჯაროობის ან ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის სირთულეებიდან გამომდინარე“,- ნათქვამია საიას შეფასებაში.
სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.