მიხაილ როთი - მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია

ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ, სანდო მთავრობას იმსახურებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ და არა მხოლოდ საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია, ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში. განვიხილავთ ჩვენს წვლილს ამ ქვეყანაში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი, არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური მთავრობა და ეს მდგომარეობა უნდა დავძლიოთ, რადგან ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ, სანდო მთავრობას იმსახურებს. ძლიერი ინსტიტუტები გვჭირდება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან მაწუხებს, რადგან ჩვენ ასევე ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვჭირდება. ტრადიციულად, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მისი თქმით, არაგონივრულია იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს.

„დონალდ ტრამპის, როგორც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შესახებ ვარაუდებს არ გამოვთქვამ, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრად ახლოს არიან ბატონ ტრამპთან, ისევე როგორც ბატონი უილსონი, მკაფიო გზავნილებს აკეთებენ. მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები უკვე დააწესეს, ამიტომ, იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა