განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არშემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო, თუმცა „ტრადიციულ პარტნიორებთან რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რათა დასავლეთმა საქართველოზე უარი თავად თქვას“.
„20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან.
ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა.
ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, აშშ-ს ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო.
ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია.
მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო.
მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი.
შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს.
დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი, რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას, რეპრესიული პოლიტიკაა.
პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის.
ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია:
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ.
განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?!