ნინო ლომჯარია - დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით - პოლიციის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ეს არ დასტურდება

დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.

მისი შეფასებით, პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ: სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და საქართველოს პარლამენტი.

ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კონკრეტული ფაქტები არ დასტურდება, როგორებიცაა: სავარაუდოდ სამართალდამრღვევის ჩადენის დრო, აქციაზე ხალხის რაოდენობის სიმცირე, აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა ადგილზე, თუ გადაკეტვის შემდეგ, ასევე რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისგან საჯარიმო ქვითრის შესადგენად.

„აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო, მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე, დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასობრივ სახალხო მსვლელობებში.

არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს. ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ