საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები - ლაშა ტუღუშის, ზაზა აბაშიძე და ლია შავგულიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ცალსახად ვემიჯნებით იმ აზრს, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გულისხმობს ძალადობის გამოყენებით მენეჯმენტის შეცვლას - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ უგულებელყო ჩვენი არაერთი მოწოდება, დაენიშნა სხდომა შეთავაზებული დღის წესრიგით: „საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით განვითარებული მოვლენები“, - ამის შესახებ ლაშა ტუღუშის, ზაზა აბაშიძისა და ლია შავგულიძის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს არხის მენეჯმენტთან კითხვები აქვთ, რაზეც პასუხებს მოითხოვენ.

“ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„არ ვეთანხმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ცალსახად ვემიჯნებით იმ აზრს, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გულისხმობს ძალადობის გამოყენებით მენეჯმენტის შეცვლას.

ორი თვეა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც ჩვენ საქმიანობას მნიშვნელოვანწილად უკავშირდება. თითქმის ორი თვე ვითხოვდით სამეურვეო საბჭოს სხდომის ჩანიშვნას იმისათვის, რომ გვემსჯელა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც დამატებით გვავალდებულებს ათასობით მოქალაქის პროტესტი, რომლის ხმაც საბჭოს თავმჯდომარეს არ ესმის.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ უგულებელყო ჩვენი არაერთი მოწოდება, დაენიშნა სხდომა შეთავაზებული დღის წესრიგით - „საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით განვითარებული მოვლენები“.

როგორც იქნა, დაინიშნა კანონით სავალდებულო წესით განსაზღვრული სხდომა, თუმცა ზემოხსენებული მთავარი საკითხი მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.

ამავე დროს, გამოქვეყნდა საბჭოს წევრთა ნაწილის წერილი, რომლის მიხედვითაც პროტესტში მონაწილე ჯგუფებს აქვთ ვიწროპარტიული ინტერესები, ვერ ეგუებიან განსხვავებულ აზრს და უგულებელყოფენ კანონმდებლობას. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ მოსაზრებას.

პროტესტში მონაწილეობენ განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების მქონე ღირსეული მოქალაქეები. მათი მხრიდან გამოთქმული მთავარი წუხილი არის ის, რომ მათი ინტერესები, მათი და ფართო საზოგადოების ხმა არ ისმის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იცავს ობიექტურობის პრინციპს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისას, რაც კანონით სავალდებულოა, რასაც თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებიც ცხადყოფს, რომლის მიხედვით საარჩევნო პროცესის გაშუქებისას მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობა ჰქონდა.

პროტესტის მონაწილეთა აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, რისი მაგალითია მზია ამაღლობელი, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს. სად არის ტელევიზიის პოზიცია? იქნებ გვითხრათ, რომ ეს საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე არ არის?

პროტესტში მონაწილე მოქალაქეთა ინტერესია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ასევე ევროპულ მომავალზე ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ქონა.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გვაქვს კითხვები, რომელზეც პასუხები ვერ მივიღეთ. მაგალითად, რა ფინანსდება მაუწყებლის ბიუჯეტიდან პროგრამული პრიორიტეტების შესასრულებლად? როგორი იქნება ტელევიზიის წლიური ბადე? რა გადაცემებია მასში გათვალისწინებული? რატომ არ იხსნება შუადღის ეთერები? როგორია ტელევიზიის სახელფასო პოლიტიკა? როგორ წყდება ინტერესთა კონფლიქტები ტელევიზიის შიგნით?

დიდი ხანია ვსვამთ ამ და სხვა კითხვებს, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებთ, რაც, ჩვენი აზრით, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც და პროტესტის მონაწილეებიც საბოლოოდ მივიღებთ პასუხებს ჩვენს კითხვებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე