საია - მოვუწოდებთ შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს, დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა

საია მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს, დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების თანახმად, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი დემონსტრაციის კონტექსტში “ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს (chilling effect), რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება.

„დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის კონტექსტში “ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.

გუშინ, 1 თებერვალს, აქტივისტების, მათ შორის, ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. როგორც შემდგომ გამოკითხული აქტივისტები აცხადებენ, მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება პირდაპირ უკავშირდებოდა დღევანდელ შეკრებას. საგამოძიებო მოქმედებებს რიგ შემთხვევაში (ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) თან ახლდა სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან.

მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს (chilling effect), რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება.

სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა დემონსტრანტების წინააღმდეგ როგორც კანონიერების, ისე პროპორციულობის პრინციპის უხეში დარღვევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი სივრცის დროებითი შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არ განიხილება თავისთავად კრიმინალურ ქმედებად, არამედ მშვიდობიანი პროტესტის თანმდევ ეფექტად.

სამართალდამცავი ორგანოების, როგორც შსს-ს, ისე პროკურატურის, ვალდებულებაა, შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლების რეალიზება.

ამ შემთხვევაში დემონსტრანტების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

ასევე, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც „Publika“-ს მიმართ გაკეთებული მუქარით ცდილობს, შეაჩეროს კრიტიკული მედიის საქმიანობა. ეს არ არის მისი პირველი მცდელობა, კერძოდ, 2023 წელს მან მსგავსი თავდასხმა განახორციელა „OC Media“-ს წინააღმდეგ, რაც იმავე ტენდენციის ნაწილია. პოლიტიკური ფიგურის მხრიდან მსგავსი განცხადებები, არა მარტო, ხელყოფს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ახალისებს მედიაზე უკვე არსებულ ძალადობრივ გარემოს.

საქართველოში ჟურნალისტები არიან ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლნი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების მიერ რეპრესიული რიტორიკის გამოყენებაში, ისე კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტების ზრდაში, რაზეც დამნაშავე პირები დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ, ამ მოვლენების პარალელურად, გუშინ, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა ტვ პირველის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელმაც სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა არხის უწყვეტ მაუწყებლობას. ამ დროისთვის არხი ახერხებს მაუწყებლობას და ქსელი აღდგენილია, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კრიტიკული მედიის შეუფერხებელი ფუნქციონირება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტია, და ნებისმიერი ხელის შეშლა ან შეფერხება პირდაპირ აისახება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

საია მოუწოდებს ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების პოლიტიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუმენტალიზაცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.

საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების მიზანმიმართული შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების პერსპექტივით, ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის