ირაკლი წიგნაძე ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს - ის არ იზიარებს იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რაზეც ბრალის შესახებ დადგენილებაშია საუბარი, - ამის შესახებ 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის, ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, წიგნაძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ „ბრალი არის შეკერილი“.
როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის მასალების მიხედვით, მოწმეები ძირითადად პოლიციელები არიან.
„რამდენიმე წუთის წინ ბრალი წარედგინა ირაკლი წიგნაძეს, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავ. ბრალი არის სტანდარტულად ის, რასაც ველოდებით - თითქოს ირაკლი წიგნაძემ განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავტომაგისტრალის ბლოკირების მცდელობა განახორციელა.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ბრალთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციით საგამოძიებო ორგანო არ დაინტერესებულა, როგორც ირაკლი აცხადებს, ბრალი არის სრულიად შეთითხნილი და ზედმეტია საუბარი რაიმეს აღიარებაზე. როგორც ირაკლიმ განაცხადა, ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, ამასთან, არ იზიარებს იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რაზეც ბრალის შესახებ დადგენილებაშია საუბარი. ბრალთან ერთად ჩვენ ასევე გადმოგვეცა მტკიცებულებები რვა პირის მიმართ, რომელიც, ჯამში, არის ერთი სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას მტკიცებულებების შესახებ, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ვიცნობ დეტალურად [საქმის მასალებს], თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან. ალბათ, მოწმეთა 90%-ზე მეტი თუ სრულად არა, არიან პოლიციის თანამშრომლები. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, რომელსაც ჯერჯერობით არ გავცნობივარ, ზეპირსიტყვიერი განმარტებით უნდა ვივარაუდოთ, რომ არის მხოლოდ ზოგადი კადრები. ზედაპირულად სისხლის მასალის გაცნობა რაც მოვასწარი, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის. ძირითადად [მოწმეები] არიან პოლიციელები, რომლებიც საუბრობენ, რომ ესა და ეს პირები იღებდნენ მონაწილეობას და ახორციელებდნენ მცდელობას, კონკრეტულად ავტომაგისტრალის ბლოკირების“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.