ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „საქართველოს გადარჩენის ეროვნული თანხმობის საბჭოს“ შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ახვლედიანი „ფეისბუქზე“ წერს, საბჭო 15-20 მოქალაქისგან უნდა დაკომპლექტდეს და მან საპროტესტო მუხტისა და მთელი პროცესის „სრულიად ახალ, რეჟიმისთვის მოულოდნელ და დამანგრეველ ეტაპზე გადაყვანა უნდა შეძლოს“.
„ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ უფსკრულის პირას მიყვანილი საქართველოს გადასარჩენად სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსი ოლიგარქის ბოროტი განზრახვის სწორად გააზრება (რაც, სამწუხაროდ, დროულად ვერ მოხერხდა), ქვეყნის გადარჩენისა და შეუქცევადი წარმატების სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების მექანიზმის გადაუდებლად შექმნა. ივანიშვილის გეგმაა: შეგვაშინოს, დაგვღალოს, ჩაგვინერგოს უპერსპექტივობა და ხელი აგვაღებინოს თავისუფლებისა და ნორმალურობისთვის ბრძოლაზე (განსაკუთრებით ახალგაზრდებს), დაგვყოს და გააღრმაოს პოლარიზება, გაგვაქციოს,; მოსყიდვის გზით უფრო მეტად შეძლოს გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ფენებით მანიპულირება; ამავე მიზნით, მასზე ფინანსურად უფრო დამოკიდებული გახადოს საშუალო ფენა; მცირე ფინანსური ინექციებით მიიმხროს ნეიტრალური პოლიტიკური განწყობის ადამიანები; გაუსაძლისი გახადოს საჯარო სექტორში მყოფთა მდგომარეობა; შექმნას 2-3 სატელიტი ოპოზიციური პარტია; კიდევ უფრო მეტად შეგვაზიზღოს პოლიტიკა და პოლიტიკოსობა; გაანადგუროს მის მიმართ კრიტიკული მედია; სამაგალითოდ დასაჯოს თითზე ჩამოსათვლელი მოსამართლეები, რომლებიც არ ასრულებენ მის დაკვეთებს; მაქსიმალურად დააზიანოს და დაიქვემდებაროს კულტურის და განათლების სფერო
ამას მიაღწიოს შემდეგი გზებით: კანონები აქციოს სრულად უსამართლოდ და თავის დღის წესრიგზე მორგებულად (თანაც დატოვოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია (!); მაქსიმალურად მოაძლიეროს სადამსჯელო პოლიციური სისტემა; ბოლომდე გაანადგუროს აქა-იქ, ჯერ კიდევ მბჟუტავ სხივად, თითქმის ბუტაფორიულად შემორჩენილი ნეიტრალური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციები; სრულად დაიმორჩილოს საჯარო სექტორი; ჩამოშალოს შეიარაღებული ძალების საყრდენები და ის სრულად დაუქვემდებაროს თავის ავანტიურისტულ გეგმას; ოპონენტებისთვის მთლიანად ამოქოლოს ლეგალური გზით მისაღები, თავისთვის კი მაქსიმალურად შეივსოს დანაშაულებრივად მოპოვებული ფინანსური რესურსები; ყოველმხრივ გააძლიეროს და უკიდურესად აგრესიული გახადოს მის ხელთ არსებული ბინძური რუსული პროპაგანდის მანქანა; ივაჭროს ყველა შესაბამის ადამიანთან/ჯგუფთან, რომელთანაც გაუვა, რომ დაადუმოს და გაანეიტრალოს ან სულაც მიიმხროს ისინი; საქართველოში დარჩენილი ქონების ჩამორთმევისა თუ ახლობლების დასჯის გზით დააშინოს და ბრძოლის ჟინი ჩაუკლას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ემიგრანტებს; გაანეიტრალოს გაბედული, სინდისის ხმის ძახილით მოქმედი, რეჟიმის უსამართლობის მამხილებელი სასულიერო პირები; საეჭვო გარიგებების გზით მოიზიდოს ავტორიტარული ქვეყნებიდან მომდინარე ინვესტიციები და ამით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკანონო შემოსავლები; მაქსიმალურად აამოქმედოს და საყოველთაოდ გაავრცელოს კორუფციული სქემები; დაატეროროს ურჩი ბიზნესმენები; ჩაკლას პროტესტის სულისკვეთება და გააუქმოს აქამდე არსებული მისი ყველა სამართლებრივი მექანიზმი; სრულად გაანადგუროს არსებული ოპოზიცია (მოისყიდოს/დააშანტაჟოს/გახლიჩოს); არ დაუშვას ახალი, ძლიერი, დამოუკიდებელი, ნდობით აღჭურვილი, ეროვნული, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცეების შექმნა; ღიად, მოურიდებლად დაამსხვრიოს დასავლეთთან ჯერ კიდევ არსებული დამაკავშირებელი ხიდები - სხვადასხვა მეთოდით გაანეიტრალოს ან ინტერესი დაუკარგოს დასავლეთში ჩვენს გულშემატკივრებს; გააასმაგოს ომის პროპაგანდა; ასევე მოურიდებლად, მიზანმიმართულად და სწრაფად აამოქმედოს ქვეყნისთვის ე. წ. ნეიტრალიტეტის სტატუსის (რაც სინამდვილეში დასავლეთისთვის საბოლოოდ ზურგის შექცევა და კრემლის ორბიტაზე დამკვიდრებაა) გამოცხადებისთვის საჭირო შესაბამისი მექანიზმები; დააპატიმროს/ცემოს/დააჯარიმოს პროტესტში აქტიურად ჩართული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი; გაანადგუროს დამოუკიდებელი ადვოკატირების ინსტიტუტი, დაერიოს და სამაგალითოდ დასაჯოს მისთვის მიუღებელი ადვოკატები; პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს რეჟიმის წინააღმდეგობისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული პირების მიმართ სასტიკი, არაადამიანური დამოკიდებულება; დაატეროროს და დახუროს ყველა დამოუკიდებელი, კრიტიკულად განწყობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია; ჩაახშოს პროტესტის კერები რეგიონებში; როგორც კი თავს მყარად იგრძნობს, თავადვე დანიშნოს ახალი „არჩევნები“, „გაიმარჯვოს“ და ამ გზით საბოლოოდ მოსპოს ნორმალურობის ყოველგვარი შანსი მომდევნო 5-10 წლის მანძილზე!
ამ გარდაუვალი კოშმარისგან საქართველოს გადასარჩენად აუცილებელია: შეიქმნას განსხვავებული გამოცდილების, ასაკისა და ინტერესების, თუმცა მყარად დემოკრატიულად მოაზროვნე, ხალხის ნდობით აღჭურვილი, გაბედული, წესიერი, მოუსყიდველი, კრიტიკულად და თვითკრიტიკულად განწყობილი, სტრატეგიული ხედვის, ეფექტიანი ტაქტიკური მოქმედებებისა და დასავლელ პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაციის უნარის მქონე, 15-20 კეთილგონიერი მოქალაქისგან (ამ ადამიანების დიდი ნაწილი რახანია, თავადაა მტკიცედ და თავგანწირვით ამ უწყვეტ პროტესტში) შემდგარი საქართველოს გადარჩენის ეროვნული თანხმობის საბჭო (მიუკერძოებლად, სამართლიანად, აქ ჩამოთვლილი საფრთხეებისა და გამოწვევების სასიცოცხლო მნიშვნელობისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს საბჭოს შემადგენლობის, არჩევის და მუშაობის წესი), რომელიც საპროტესტო მუხტის და მთელი პროცესის სრულიად ახალ, რეჟიმისთვის მოულოდნელ და დამანგრეველ ეტაპზე გადაიყვანს შეძლებს და გახდება ავტორიტარიზმის დამარცხებისა და სამართლიანი არჩევნების გზით შეუქცევადი დემოკრატიული, წარმატებული განვითარების გარანტორი“, - წერს ახვლედიანი.