ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025

გია ხუხაშვილი - “ტრამპს ძალიან კარგად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა...”

სიმბოლური თარიღი მასშტაბური აქციისათვის - რას აპირებენ პროტესტის ორგანიზატორები 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე

მირიან მირიანაშვილი - “ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება”

პაატა ზაქარეიშვილი - “გამორიცხული არაა აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შედეგმა დაპირისპირება გამოიწვიოს”

დავით ზურაბიშვილი - “ახალი გუნდი არ უნდა იყოს გაცვეთილი სახეების ნაკრები, მაგრამ მხოლოდ ახალი სახეებიც არ იქნება საკმარისი”

* * *

გია ხუხაშვილი - “ტრამპს ძალიან კარგად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა...”

“უკვე სავსებით აშკარაა, რომ ხელისუფლება აშენებს ავტორიტარიზმს და ამ გზაზე სამ ფაზას გადის: პირველი - ეს არის ძალაუფლებაზე ერთპიროვნული კონტროლის დამყარება ანუ ინსტიტუციური წესრიგის გაუქმება და ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მონოპოლია ძალაუფლებაზე. ამაში იგულისხმება ყველა მიმართულება, მართლმსაჯულება იქნება, ძალოვანი უწყებები თუ სხვა; მეორე - პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა და ძალადობა საზოგადოებაზე. შესაბამისად, პირველი ფაზა თუ ავტორიტარული სისტემაა, მეორე უკვე დიქტატურაა. არის მესამე ფაზაც - ტოტალიტარიზმი, ანუ როდესაც პირადი ცხოვრების გაკონტროლება იწყება, პოლიტიკური მოტივის გარეშეც, სხვადასხვა ინტერესის გამო. მაგალითად, მზია ამაღლობელის შემთხვევა შეიცავს უკვე ამის ნიშნებს. იქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, არც მხოლოდ განსხვავებული აზრის დევნაა. იქ პირადი დევნის ნიშნებიც ჩანს დგებუაძის მხრიდან, რომელიც ადგილობრივი ავტორიტეტია და ავტორიტეტზე ხელის გარტყმა დაუშვებელი ჰგონია, ეს მის იმიჯზე მოქმედებს...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპს ძალიან კარგად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა...”

“რაც შეეხება იმას, თუ სადამდე წავა ხელისუფლება ძალაუფლების აბსოლუტიზაციისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ამუშავდება ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორები ქვეყანაში თუ მის გარეთ... ხელისუფლება ვერ გაჩერდება, რადგან როდესაც ამგვარ სისტემას აშენებ, ერთგვარი ბულიმიით ავადდები, ვერ ძღები ძალაუფლებით, მეტი და მეტი “საკვები” გჭირდება, ვერ გაჩერდები, რადგან გეშინია, თუ გაჩერდი ამ გზაზე, შეიძლება ჩამოგეშალოს ყველაფერი, ამიტომ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლება სადღაც გაჩერდება. უკვე აღარ არსებობს არც მორალური და არც პოლიტიკური ბარიერები. ბულიმია ავადმყოფობაა. ხელისუფლებამ ეს გზა რომ შეწყვიტოს, უნდა აღიაროს დაავადება და მკურნალობა დაიწყოს, მაგრამ ეს ხელისუფლება არაფრის აღიარებას არ აპირებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის მიცემული პირობის გადათქმაც ამის ნიშანია. ხელისუფლებაზე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ერთია შიდა პროტესტი და ეფექტიანი წინააღმდეგობა, მაგრამ არ არის საკმარისი, მას უნდა დაემატოს გარე ფაქტორებიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემის მშენებლობის ინიციატორის რესურსების იმგვარი სტერილიზაცია, რომ მას შეექმნას სისტემის კონტროლის პრობლემები. როდესაც ასეთ დიქტატორულ სისტემას აშენებ, მას მუდმივად სჭირდება კვება. როდესაც ურჩხულს ზრდი, რაც მეტად იზრდება, მეტი საკვები სჭირდება. ამ დროს საკვების წყაროა საჭირო, რადგან თუ ის დაიმშა, შეიძლება საკუთარი მშობელი შეჭამოს. თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკაზე ასეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ მათ აქვთ შიდა რესურსები, ნავთობი, ბუნებრივი აირი თუ სხვა რამ წიაღისეული. საქართველოს ამგვარი რესურსები არა აქვს, შესაბამისად, ხელისუფლებას სჭირდება ამგვარი რესურსების მუდმივად გარედან მოზიდვა, ამ გარე რესურსების წყაროს გადაკეტვა კი მხოლოდ დასავლეთს შეუძლია. სასანქციო პოლიტიკა ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გვინდა ამგვარად რეპრესიულ სისტემას საკვები შემოელიოს, რის შედეგადაც შიგნით დაიწყება რყევები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ჩაკეტვა რთულია, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ამის სურვილი აქვთ და ასეც მოქმედებენ. მათ აღარ აქვთ წითელი ხაზები. ისინი აპირებენ გაასამართლონ სააკაშვილის მმართველობა ბრალდებით, რომ ის რეჟიმი ძალადობდა საზოგადოებაზე, პარალელურად კი გვეუბნებიან, კი ბატონო, ჩვენც ვძალადობთ, შეიძლება რიგ შემთხვევაში უარესადაც, მაგრამ კანონებს ისე ვცვლით, რომ ეს კანონიერიაო. ამბობენ, რომ ძალადობა მოსულა, თუ ის კანონიერია და ამგვარ საფუძველს იქმნიან - ისტერიკულად ცვლიან კანონებს. მათი ლოგიკით, თუ მე კანონი მივიღე, რომ ადამიანის ქუჩაში დახვრეტა დასაშვებია და ამის საფუძველზე ხალხს დავხოცავ, ეს კანონიერი იქნება. ბიძინა ივანიშვილს მშვენივრად ესმის, ისეთ გზას დაადგა, რომ დიდი რისკების წინაშე დგას. უკან დასახევი ხიდები დაწვა და ახლა ცდილობს სისტემის სტაბილურობა რაღაც ხერხებით შეინარჩუნოს. გასაგებია, რომ ამგვარი რეჟიმი სრულიად მიუღებელია დასავლური ცივილიზაციისთვის. ამიტომ სასაცილოა დღეს იმის თქმა, რომ მმართველ ძალას ეს ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. მათ ამის ყოველგვარი შანსი დაკარგეს, ამიტომაც ეძებს ივანიშვილი ახალ სისტემებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მისი სტრატეგიული გეგმა შეიძლება 2 ეტაპად დაიყოს. პირველი არის ჩვენი შეთრევა “3+3” ფორმატში, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე პირდაპირ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება პრობლემებთან იქნება დაკავშირებული - ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს მიუღებელია, მათ შორის მისი მხარდამჭერების ნაწილისთვისაც; ამასთანავე, არიან სხვა მოთამაშეები და რუსეთს სჭირდება მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში საქართველოს რეინტეგრაციისას მათგან პრობლემები არ შეხვდეს. აქ, ძირითადად, ირანი და თურქეთი იგულისხმება, რადგან იმათაც თავისი ტორტის ნაჭერი უნდათ ამ ქვეყნიდან. პუტინი ცდილობს ეს სტრატეგიული მოწინააღმდეგეები აქციოს პარტნიორებად, სთავაზობს, მოდი, გავინაწილოთ სამხრეთი კავკასიაო. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის “3+3” ფორმატი რუსეთისთვის მისაღებია და ჩვენ გვესმის კიდეც განცხადებები ამის თაობაზე. როგორც კი ამ ფორმატში შეგვათრევენ, ვფიქრობ, აქეთ მოძრაობას ხელისუფალი მალევე დაიწყებს და ამის შემდეგ დაიწყება ახალი ფაზა, შექმნან 1783 წლის წინა პერიოდის ვითარება, როდესაც საქართველო 3 იმპერიის სამიზნე გახდა. ფიგურანტები დღესაც იგივენი არიან”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“რატომ არ დაარქვეს ამ ფორმატს, მაგალითად, ექვსთა კავშირი? იმიტომ, რომ სახელშივე ჩანს, რომ სამი დომინანტია და სამ მათზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ განიხილავენ მის წევრებს. მოკლედ, მეორე ეტაპზე პროპაგანდის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით შეეცდებიან დაგვარწმუნონ, უკეთესი იქნება რუსეთის იმპერიის ქუდის ქვეშ აღმოვჩნდეთ, ვიდრე ამ სამმა ქვეყანამ ერთდროულად სცადოს გავლენის დამყარება საქართველოზეო. მოკლედ, სამწუხაროდ, მგონია, რომ საქართველოსთვის ივანიშვილი მეორე ტრაქტატს ამზადებს. ეს იქნება ისტორიის გამეორება. ივანიშვილი რეინკარნირებული ერეკლე მეორე იქნება... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების მოქმედებების ლოგიკა. რუსული მეთოდებით ხდება ჩვენი კანონების, პროპაგანდის სრული სინქრონიზაცია იმასთან, რაც რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, და ეს შემთხვევითი არ არის”, - ამბობს რესპონდენტი.

“პარალელურად ვხედავთ, ამ ჰომო სოვეტიკუსის ენის გაცოცხლება როგორ ხდება, სამწუხაროდ, გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დავამარცხეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მივაძინეთ ჩვენში და ახალგაზრდებშიც კი. ჯენზის ეს არ შეეხება, მაგრამ მილენიელების ნაწილშიც გაიღვიძა კომკავშირულმა სულმა, კომუნისტურმა განწყობებმა. დღეს ხელისუფლებაში ყველა კომკავშირელია. გარდა ამისა, ძალოვან სისტემაში, რასაც დღეს ეყრდნობა ხელისუფალი, გარკვეული მუტაცია მიმდინარეობს. რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ფიზიკურადაც კი - ნიღაბი ააფარა, ერთიან, უსახო, აგრესიულ მასად გადააქცია, პიროვნული განზომილება დააკარგვინა. სისტემა მუტაციას განიცდის და ეს დიდი პრობლემა იქნება მომავალში, ცვლილებებიც რომ მოხდება, მას მერეც... როგორ იქცევიან ეს ნიღბიანები არა მხოლოდ აქციის დაშლისას, არამედ მას მერეც, დაკავებულებს როგორ ექცევიან, შვილის ტოლ გოგონებს როგორი უბინძურესი ენით ელაპარაკებიან - ეს არის პედოფილია, როდესაც მამის ტოლ კაცს შეუძლია არასრულწლოვან გოგონას ისეთი საშინელებები უთხრას, რასაც ვერც გავიმეორებ. დიახ, ეს არის პედოფილია - ერთ-ერთ უმძიმესი დანაშაული, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ეს ყველაფერი შექმნა ხელისუფლებამ სამართალდამცავი სისტემის კრიმინალიზაციით. ამ ხალხს ადამიანური სახე დააკარგვინა, მუტანტებად აქცია. მათში ცხოველური ინსტინქტები გააღვიძა და პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ, ნიღაბი ააფარა. წარმოუდგენელი რაღაც ხდება ქვეყანაში, ხანდახან დაჯერებაც მიჭირს. შემთხვევითი კი არ არის, რომ ამ მოძალადე ძალოვნებიდან არავინ დასჯილა, ვერც დასჯიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც უკვე მაფიოზური პრინციპებით მოქმედებს, კრიმინალურ ერთობაზე დგას. შენიანს თუ გაწირავ, შეიძლება სისტემა საერთოდ ჩამოგეშალოს... რაც შეეხება ტრამპს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ ამაში ხშირად ლოგიკაც არის. მისი რიგი განცხადებები არ უნდა გავიგოთ პირდაპირ. ზოგჯერ მისი განცხადებები ოდიოზურია, მაგრამ ეს გარკვეული ტექნოლოგიური სვლებია. მაგალითად, გრენლანდიისა და კანადის შესახებ განცხადებები მიმართული იყო მოლაპარაკების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ - ანუ ის უტევს, მოწინააღმდეგეს ბევრს ათმობინებს, მერე თვითონაც ვითომ უკან იხევს, რითაც მისი ოპონენტი კმაყოფილი რჩება. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკება უკრაინის თაობაზე, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”, - თვლის გია ხუხაშვილი.

“ერთი რამ უდავოა - ტრამპის მიზანი და ამოცანაა ძლიერი ამერიკა და მისი დომინაცია მთელ მსოფლიოში. ის გააკეთებს იმას, რასაც ამისთვის საჭიროდ მიიჩნევს. ასე რომ, “ქოცურ” ოპტიმიზმს სრულიად არასერიოზულად მივიჩნევ. იცით, “ქართული ოცნება” ტრამპს რატომ უჭერდა მხარს? იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს და ეს ბიძინასთვის იდეალური იქნება.… დიახ, ტრამპი მოსწონთ არა იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამათი პარტნიორი გახდება, არამედ სწორედ იმის გამო, რომ მისგან საქართველოს გაყიდვას ელიან. არადა, შტატების ამბიციები ამ რეგიონში ძალიან დიდია. მხოლოდ საქართველოზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამერიკის ინტერესების გასატარებლად. საქართველოს ჩაკეტვით ცენტრალური აზიაც მოსწყდება დასავლურ სამყაროს. ეს არის მასშტაბური გეოპოლიტიკური საკითხი. ტრამპს ეს ძალიან კარგად ესმის.. თუ ირანსა და ჩინეთთან ამათ ფლირტსაც გავიხსენებთ, ჩემი აზრით, ტრამპს გაცილებით მეტი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ “ოცნება~ შავ სიაში შეიყვანოს”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციის 49 დეპუტატს...” - პასუხობს;

“ოპოზიცია დიდი პრობლემაა, რაც კოზირია ივანიშვილის ხელში. ამ თემით ვაჭრობს დასავლეთთანაც, ჩემზე უკეთესი არავინ არის და მე უნდა მელაპარაკოთ, ისევე, როგორც ელაპარაკებით ამ ტიპის რეჟიმებსო... ოპოზიციას გასული წლის არჩევნებზეც არ განიხილავდა საზოგადოება საკუთარ ლიდერად. ამომრჩეველი მას განიხილავდა ევროპულ გზაზე დაბრუნებისთვის ინსტრუმენტად. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა გაღიზიანება, რადგან ვერ დაიცვეს ამომრჩევლის ხმები, რასაც ასე დიდგულად გვპირდებოდნენ. ამის შემდეგ ნორმალური პოლიტიკური ძალები თვითკრიტიკულად შეხედავდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ. კითხვები არ უჩნდებათ, რატომ არ იღებს ეს პროტესტი მათ ლიდერებად? არადა, პროტესტს სჭირდება პოლიტიკური ლიდერი. ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციონერები ცდილობენ ლიდერობას, კომენტატორებად იქცნენ... ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც აქვს ნდობა და თეორიული შანსი, რომ მოახდინოს ამ პროტესტის კაპიტალიზაცია. მასთან ყველა მივა _ სამოქალაქო ლიდერები, პროტესტის ლიდერები, პროფესიული ჯგუფები. სწორედ აქ მიჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებს ამას? მე არ ვლაპარაკობ უცებ პარტიის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ საკონსულტაციო მაგიდის შექმნა ხომ შეიძლება? უმნიშვნელოვანესია ამ უდიდესი ენერგიის კაპიტალიზაცია... პროცესი უნდა დაიწყოს”.

სიმბოლური თარიღი მასშტაბური აქციისათვის - რას აპირებენ პროტესტის ორგანიზატორები 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე

“უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როდესაც თანდათან დაიკლო აქციების მასშტაბებმა, ხელისუფლების ოპონენტებმა მორიგი სიმბოლური დღე შეარჩიეს მხარდამჭერთა მასობრივი მობილიზებისათვის. 15 თებერვალს იგეგმება მასშტაბური შეკრება რესპუბლიკის მოედანზე და იქიდან მსვლელობა პარლამენტისკენ. ამის მერე კი, 18 თებერვალს - “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს - კიდევ უფრო მასშტაბური აქცია. რა “სიურპრიზებს” უნდა ველოდოთ ივანიშვილის დაბადების დღეზე? ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ დათქმულ დღეებში მართლაც მასშტაბური აქციებია მოსალოდნელი, თუმცა ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი. სხვები კი მნიშვნელოვანს არაფერს ელიან. “ეს არის მათი ბოლო გაბრძოლება, რასაც შედეგი ვერ ექნება. გამოვლენ, იტინგიცებენ, იყვირებენ და მერე სახლებში წავლენ. მე არაფერს ველოდები”, - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ. ვახტანგ ძაბირაძე კი ვარაუდობს, რომ 18 თებერვალს უფრო მეტი ხალხი მივა აქციაზე, ვიდრე 15-ში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სიმბოლური თარიღი მასშტაბური აქციისათვის - რას აპირებენ პროტესტის ორგანიზატორები 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე.

“სავარაუდოდ, პროტესტის გააქტიურების მთავარ თარიღად სწორედ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის დაბადების დღეა შერჩეული. 15 თებერვლის აქციას კი ალბათ ერთგვარი ტესტის მნიშვნელობა ექნება, რათა ხელისუფლების ოპონენტებმა რეალურად შეაფასონ თავისი შესაძლებლობები და ადამიანური რესურსები და 18 თებერვლის აქტივობებიც ამი შესაბამისად დაგეგმონ. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტი არ დაიკარგოს, მით უმეტეს ამ პერიოდში, როდესაც ხალხის გარეთ გამოყვანა რთულია, საჭიროა ასეთი სიმბოლური თარიღების შერჩევა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ხელისუფლება რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხევს, თუმცა აუცილებელია აქცია გაგრძელდეს. მისი აზრით რა თქმა უნდა, მასშტაბური აქციისთვის რესურსები იმაზე მეტია, ვიდრე ამ პერმანენტულ აქციებზე იკრიბება ხალხი. უბრალოდ, საჭიროა რაღაც ახალი იდეა, ინიციატივა, ან ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის უფრო მეტად ინფორმირება, ვიდრე ამას აკეთებს აქციის ორგანიზატორები, ან პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიმართაც მაინცდამაინც დიდი ნდობა მომიტინგეებს არ აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვნახავთ, რომ, სავარაუდოდ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია იქნება 15 თებერვალს და კიდევ უფრო დიდი მგონია18-ში. თუმცა ამ საპროტესტო პროცესში ეს არ იქნება გარდამტეხი მომენტი. მრავარიცხოვნობა იქნება, მაგრამ ის, რომ ამით ხელისუფლება რამდენიმე ნაბიჯით მაინც უკან დაიხევს, ჯერჯერობით არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდი ასეთი ვითარება გაგრძელდება. საჭიროა ამ ადამიანების უფრო დეტალურად ინფორმირება იმისათვის, რომ ეს მუხტი არ დაიკარგოს. არ მგონია ასე მოხდეს, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი. რაღაც კარდინალურ ცვლილებებს არც 15 თებერვალს და არც 18-ში არ ველოდები. როდესაც არ არის უფრო ძლიერი არგუმენტი იმისა, რომ რაღაცნაირად მობილიზდეს საპროტესტო ელექტორატი, სიმბოლური თარიღების შერჩევა, როგორიც არის თუნდაც ეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე, ასეთი ტიპის ერთჯერადი აქციებისთვის გამართლებულია, რადგან ასეთ შემთხვევებში მოსახლეობა უფრო სენსიტიურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თებერვალში და მარტში რუსთაველზე ათიათასობით ხალხს ვერ მიიყვან, ძალიან რთულია. ასეთ ვითარებაში ან რაღაც დიდი სიახლე უნდა მოხდეს, ან ასეთი რაღაც თარიღები უნდა შეირჩეს, ვინაიდან უფრო მეტი მობილიზებაა და ერთჯერად აქციებზე უფრო მეტი ადამიანი მივა. თუმცა, კიდევ უნდა ვთქვა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება რამენაირად ხელისუფლებას შეაჩერებს, რა თქმა უნდა, ასე არაა. არსებობს რაღაც თემები, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა და პირველ რიგში ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ მიმართულებით რამეს რეალურად აკეთებდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაღაც ახალი ეტაპი იწყება. გუშინ დაფუძნდა საზოგადოებრივი ასამბლეა. იქაც არის კითხვის ნიშნები - რამდენად გააზრებული ჰქონდათ ამის ორგანიზატორებს და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს, რომ პროცესი კი არ წყდება, არამედ რაღაცნაირად სხვა სიბრტყეში გადადის, ძალიან სასიამოვნო და მისაღებ სიბრტყეში, რადგან ახალი ლიდერების და იდეების რაღაცნაირი დეფიციტი გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით ხელისუფლებაში, სადაც “ყვარყვარიზმი” ყვავის. ამ ვითარებაში ასეთი ინიციატივები ახალ იმედს აჩენს, რაც დღეს ჰაერივით სჭირდება საპროტესტო ტალღასაც და რასაკვირველია, პროტესტანტებსაც. ამიტომ, თუ ამ მიმართულებითაც რაღაც შეიცვლება და საზოგადოებაც უფრო აქტიური გახდება, ეს დამატებით იმპულსებს შესძენს ოპოზიციურ მოძრაობას”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციის “ბოლო გაფართხალებაა” და მალე დასრულდება. მე არაფერს ველოდები. სასიკვდილო აგონიაში მყოფ პარტიებს, “მეხუთე კოლონას” თავისი მამები - ბლინკენები, ბაიდენები დაეღუპათ და უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ხომ გაგიგიათ, “თევზი თავიდან ყარსო”? ლიბერალური ფაშიზმი აყროლდა და ყარს საქართველოშიც. ესენი ამ სიმყრალეს ბოლოს, 15-18 თებერვალს გამოიტანენ, იტინგიცებენ, იყვირებენ, იბღავლებენ და წავლენ მერე სახლებში. ეს ლიბერალური ფაშიზმი დასრულდა აშშ-ში და ასე მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე, რომლის თქმით, “ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერც ნიკა გვარამია აღუდგება წინ, ვერც ნიკა მელია და ვერც ვერავინ”, - დასძენს გამოცემა.

მირიან მირიანაშვილი - “ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება”

“ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში შემჩნეული, დისკრედიტებული ოპოზიცია მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო მმართველი გუნდის ხელში ოპოზიციური ელექტორატის მორჯულებისთვის. მიტინგები თავისთავადია, ოპოზიციური პარტიების საშუალებით აღარ იმართება. შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეეცვალა და რეპრესიები წამოეწყო. მიიჩნევენ, რომ ძალის ჩვენებით გავლენას მოახდენენ არა მხოლოდ აქციის მონაწილეებზე, დასავლელ პარტნიორებზეც. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი მესიჯია ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ე.ი. ივანიშვილი ტრამპს უთვლის, რომ არაფრით არ დაიხევს უკან და ძალაუფლებას კბილებით დაიცავს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება”.

“ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება. ოპოზიციას ოპოზიციური ელექტორატიც აღარ ემორჩილება და ოპოზიციონერი ლიდერები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან. საზოგადოების განწყობა ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების შანსს იძლევა, ახალი რეალობა კი არც ოპოზიციას აწყობს. ახალი რეალობა უნდა ჩამოყალიბდეს გარე ფაქტორების დახმარებით. ილუზიაა, რომ ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს, დასავლეთი თავს დაგვანებებს და ასე მივიღებთ სტაბილურობას “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელში. არავითარი “იალტა-2” არ იქნება. ეს თავიდანვე ცხადი იყო, უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რუსულ ნარატივს იყო აყოლილი. ტრამპს, სი ძინპინსა და პუტინს შორის მსოფლიოს გადანაწილებას ტყუილად ელოდებიან. ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტირი, თავი დააღწიოს დასავლეთს საქართველოს რუსეთისთვის გადაცემით, ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ვფიქრობ, აქტივისტები ახალი რეალობის ჩამოყალიბებამდე გაძლიერებულ რეპრესიებს გაუძლებენ. მტკიცე ადამიანების პოზიცია ყოველთვის ამაგრებს მასის საპროტესტო ენერგიას. ჩვენ აქტივისტების ძალიან ხისტ და მტკიცე პოზიციას ვხედავთ. შეხედეთ მზია ამაღლობელს, როგორი ძლიერი ქალია. საქართველოში ბოლო პერიოდში შიმშილობა, როგორც პოლიტიკური პროტესტის აქტი, ძალიან გამასხარავებული იყო. ზოგიერთი პირის ვითომ შიმშილობამ ძალიან სასაცილო ელფერი შესძინა არა მარტო თავად ამ აქტს, არამედ პოლიტიკურ პროცესს. ქალბატონმა მზიამ ეს მოცემულობა მთლიანად შეცვალა. ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორისთვისაც ძალიან რთული იყო სააკაშვილის ცრუ შიმშილობის მოთმენა და ატანა. ძალიან გაუჭირდათ ამის მონელება. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, თანაც ქალის გამოჩენა, რომელიც­ ასე შეუპოვრად იცავს საკუთარ პოზიციას. მზია ამაღლობელი არა მხოლოდ პირად ბრძოლას იგებს, არამედ მთლიანად საპროტესტო პროცესს აძლიერებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის მიუღებელ შედეგს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს. არ დაიჯეროთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროტესტის სიმწვავის გამო დაიხიოს უკან. მმართველი გუნდის ლიდერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ქუჩაში მიტინგები გაგრძელდება თუ არა, ქალბატონი მზია გააგრძელებს თუ არა შიმშილობას და ა.შ. ხალხის პროტესტმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა - დასავლეთს მისცა ლეგიტიმაცია, რომ “ოცნებასთან” პოლიტიკურ დავაში შევიდეს. ახლა ივანიშვილისთვის აქტივისტები კი არა, დასავლეთია მთავარი პრობლემა. პროტესტი მაინც გაგრძელდება, მაგრამ რომც არ იყოს, ხელისუფლებისთვის მაინც აღარაფერი შეიცვლება. დაზუსტებით ვიცი, რომ ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოს საკითხში არ იცვლება, დანამდვილებით ვიცი, ამერიკა საქართველოში ელჩს არ შეცვლის. ეს ნიშნავს, რეალობა თვისებრივად განსხვავებულია იმისგან, რასაც “ოცნება” ელოდა”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“ტრამპი საუბრობს იმ წიაღისეულზე, რომელიც მათ შორის დონბასში, ლუგანსკში, მარიუპოლსა და ყირიმშია. სხვათა შორის, ამ თემაზე სენატში კამათიც იყო, დაისვა ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა ამოვიღოთ წიაღისეული, თუ ამ ტერიტორიებზე რუსები არიანო. პასუხი ძალიან საინტერესო იყო - უკრაინასთან შეთანხმების შემდეგ ეს წიაღისეული ჩვენი საკუთრება იქნება და თუ რუსები ჩვენი საკუთრების ექსპლუატაციის საშუალებას არ მოგვცემენ, ვუჩივლებთ და მსოფლიოში მათ ქონებას დავაყადაღებთ ჩვენი საკუთრების ამოღების მიზნითო. მხოლოდ აქტივებზე არ არის საუბარი, ამერიკა ცდილობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაეპატრონოს. ამ საკითხს დიდი გეოპოლიტიკური და სამხედრო კონტექსტი აქვს. რა თქმა უნდა, ეს მისაღები იქნება უკრაინელებისთვის ისევე, როგორც საქართველოსთვის: ძალიან კარგი იქნება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული ამერიკელებს მივყიდოთ. აი, მერე ნახონ რუსებმა და აფხაზებმა... ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ამ კუთხით იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავაკეთებ აქცენტს - სირიაში პრორუსული რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო სიტუაციაა. რუსებსა და სირიელებს შორის ძალიან დაძაბული ვითარებაა. სირიელები ითხოვენ ასადის გადაცემას და კომპენსაციას 7-10 მილიარდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, რუსები გადამხდელები არ არიან. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა წამოიწყოს დისკუსია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან დაპირისპირებულ სირიის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთთან ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დავახურვინოთ. ახლა არის მომენტი, მომავალში შეიძლება რუსებთან ურთიერთობა რაღაც ფორმით დალაგდეს და ჩვენთვის ამ საკითხის მოგვარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს”, - განმარტავს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ალბათ, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება კოორდინაციაში უნდა იყოს დასავლეთთან” - პასუხობს:

“დიახ, განსაკუთრებით, ევროპელებთან - სირიელები ევროპისგან­ ელოდებიან კომპენსაციასა და ინვესტიციებს. ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან გაფუჭდა რუსეთისა და ვენესუელის ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო პუტინმა ვენესუელასთან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ჩვენ შეგვიძლია ვენესუელასთანაც ვიმუშაოთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წავაღებინოთ. თუ “ოცნება” უახლოეს მომავალში ამ საკითხების მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს, ვეღარასოდეს გაფანტავს იმ ეჭვებს, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის­ რუსეთთან ფარულ ურთიერთობას უკავშირდება...”

პაატა ზაქარეიშვილი - “გამორიცხული არაა აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შედეგმა დაპირისპირება გამოიწვიოს”

“აფხაზეთში წელს ისე დაძაბული ვითარებაა, რომ მე არ გამოვრიცხავ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების ფაქტები იყოს, შესაბამისად, დამარცხებულმა მხარემ ეს ბრალდება წაუყენოს და ქუჩაში გამოსვლებსაც ჰქონდეს ადგილი”, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება. მისი თქმით, სულ ხუთი კანდიდატია, აქედან ორი გამოკვეთილი ლიდერია და აშკარად ამ ორს შორის იქნება დავა. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთის ფავორიტი ბადრა გუნბა, რომელსაც დიდი შანსები აქვს წინა ხელისუფლების წარმატებები გაიზიაროს და მეორე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომისტი ადგურ არძინბა, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად პოპულალურია იმის გამო, რომ ის იყო ლიდერი იმ მოვლენებისა, როცა რუსეთის ოლიგარქიული კანონი არ მიიღეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გამორიცხული არაა აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შედეგმა დაპირისპირება გამოიწვიოს”, - პაატა ზაქარეიშვილი”.

“ჩემი აზრით, მათ შორის შანსები 50/50-ზეა და შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებული რამე არ მოხდა ამ დღეების განმავლობაში. რუსეთი ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ მხარს უჭერს ბადრა გუნბას. პირველი ფრენა როცა განხორციელდა სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით, ის სპეციალური თვითმფრინავით გაუშვეს მოსკოვიდან სოხუმში. გარდა ამისა, გუნბას სხვა სახის მხარდაჭერაც აქვს - მოსკოვიდან ჟურნალისტები არიან სოხუმში ჩასული და მთელ პიარ-კამპანიას ახორციელებენ. თუმცა, რაც ჩვენთვის და მთლიანი რეგიონისთვის სიახლეა, არის ის, რომ არნახული ანტითურქული პროპაგანდა მიდის უკვე არძინბას წინააღმდეგ, ანუ ოპოზიციის მიმართ. თითქოს არძინბას აქვს არა ქართული, როგორც ადრე იყო ხოლმე, ან ევროპული მხარდაჭერა, არამედ თურქული. ეს აფხაზეთში არასდროს ყოფილა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აშკარად ჩანს, რომ რუსეთი გაღიზიანებულია თურქეთით, თუ როგორ გამოაპანღურა აზერბაიჯანმა რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან და მერე სირიაში როგორ წააგო თავისი პოზიციები თურქეთის მხარდაჭერით. როგორც ჩანს, რუსეთს თურქეთი ყელში აქვს გაჩხერილი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასე რომ, ახლა აფხაზეთში ანტითურქული პროპაგანდა მიდის, რაც არასდროს ყოფილა იქიდან მოყოლებული, რაც აფხაზეთში ეს ე.წ. არჩევნები ტარდება”, - განმარტავს კონფლიქტოლოგი და შეკითხვაზე - “რა განწყობაა საზოგადოებაში და მოსალოდნელია თუ არა დაპირისპირება?” - პასუხობს:

“ტელეგრამ” არხებში საზოგადოების ბრძოლა საკმაოდ დაუნდობელია და სხვათა შორის, ძალიან შეურაცხმყოფელი სტატიებიც იწერება. საერთოდ, როდესაც აფხაზეთში “არჩევნები” ტარდებოდა, მხარეები შედეგებს აღიარებდნენ და არასდროს ყოფილა სერიოზული ბრალდება ერთმანეთის მიმართ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა წელს ისე დაძაბული ვითარებაა, რომ მე არ გამოვრიცხავ გაყალბების ფაქტები იყოს და შესაბამისად, დამარცხებულმა მხარემ დააბრალოს გაყალბება. მაგრამ ამის ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და არა ოპოზიციის, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია, გავლენები ყველას ყველგან აქვს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა ქუჩაში გამოსვლაც. ასეთი დაპირისპირება წლების წინ იყო, როცა “არჩევნებში” კენჭს რაულ ხაჯინბა იყრიდა. მას შემდეგ დაახლოებით 20 წელია ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. საერთოდ, აფხაზეთში დიდი ხანია დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. არჩევნებით არ შეცვლილა, ყოველთვის ძალადობით ხდება. თუ გუნბამ გაიმარჯვა, არ მგონია პირდაპირ დაპირისპირებით დაიწყოს, მაგრამ გააჩნია რა პოლიტიკას აწარმოებს”.

დავით ზურაბიშვილი - “ახალი გუნდი არ უნდა იყოს გაცვეთილი სახეების ნაკრები, მაგრამ მხოლოდ ახალი სახეებიც არ იქნება საკმარისი”

“ოპოზიცია რომ ერთმანეთს აკრიტიკებს, ჩემთვის ეს დიდად მოულოდნელი არ არის და არც დიდ საშინელებად აღვიქვამ, თუმცა სასურველია, თავი შეიკავონ, რადგან ეს არც ერთი მათგანის ინტერესებში არ შედის. არ ენდობა ხალხი ოპოზიციას და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. კი, ჰყავთ ერთგული ამომრჩეველი და სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე ცუდი ნაწილია, მაგრამ ფაქტია, ოპოზიცია ვერ წარმოადგენს ავტორიტეტს პროტესტის მონაწილეებისა და იმ ხალხისთვის, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი უკვე მყარად ასოცირებული არიან მარცხთან, ვერც ერთხელ ვერ მოუგეს ხელისუფლებას. გასაგებია, რომ ხელისუფლება სულ გააყალბებს არჩევნებს, ვიღაცებს მოისყიდის, ვიღაცებს დაემუქრება და ა.შ., მაგრამ ერთხელ რომ დამარცხდები, მეორედ და მესამედაც რომ წააგებ (თვითონ გამოცდილი მაქვს ამ პოლიტიკური პრაქტიკიდან), სერიოზულად აღარ აღგიქვამენ, მათ შორის შენი მომხრეებიც”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ახალი რაღაცის მოფიქრებაა საჭირო, მაგრამ...“

“ხალხი ხმას აძლევს იმას, ვინც მოიგებს, დამარცხებული ლიდერად ვერ შედგება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ყველას რეიტინგი დაწეული იქნება. ის, რომ ეს პროტესტი არსებობს, მას პოლიტიკოსები არ მართავენ, ამდენ ხანს გაგრძელდა და წარმატებითაც, ამან პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა უფრო გააძლიერა. აქციებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს და არც უნდა გაჩერდეს, რადგან არ არის დასრულებული პროცესი, ჯერ კიდევ შუა გზაზე ვართ. გეთანხმებით, ახალი რაღაცაა საჭირო, ამისთვის კი კარგად უნდა გავიაზროთ, რა სურს ბიძინას, მისი მიზანი რა არის. ჩემი აზრით, მისი მიზანი არ არის, რომ საქართველო მიართვას რუსეთს ძღვნად. კი არ გამოვრიცხავ, რომ ამაზე წამსვლელია, ან არ იკადრებს, მაგრამ მისი მიზანია აბსოლუტური ძალაუფლება. საგარეო ფაქტორებსაც ისე უყურებს, როგორც ამ აბსოლუტური ძალაუფლების ხელშემწყობ რესურსებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მან დაინახა, რომ მისი აბსოლუტური ძალაუფლება ვერ თავსდება დემოკრატიასა და საქართველოს ევროპულ არჩევანთან. შეუთავსებელია, აქ აკეთოს რაც უნდა, აბსოლუტურად მას ექვემდებარებოდეს ყველაფერი და თან საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში შედიოდეს. ეს ორი რამ ერთად არ გამოდის და როგორც იქნა, გააცნობიერა. მე ვიტყოდი, ბიძინას ლუკაშენკოობას ალიევობა ურჩევნია. ალიევს მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ლუკაშენკოს, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ბიძინას ეს მიზანი რომ აქვს, ბევრი რაღაციდან ჩანს, მაგრამ არის ერთი დიდი “მაგრამ” - ამას ვერ მიაღწევს, თუ დასავლეთიც არაა თანახმა. თუ დასავლეთი არ აღიარებს, საქართველო ტრანზიტულ ფუნქციას ვერ იკისრებს. ქვეყანას სანქცირებული ხელისუფლება თუ ჰყავს, ის სატრანზიტო ქვეყნად არ ვარგა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქედან გამომდინარე, ამით ბიძინას ფეხქვეშ მიწა ეცლება. ამიტომ მას ჰაერივით სჭირდება დასავლეთის აღიარება. ამაში კი ტრამპის იმედი აქვს, რადგან არც ის არის ისეთი ადამიანი, რომელიც პირველ პლანზე დააყენებს ადამიანის უფლებებს. მაგრამ მას მეორე პრობლემაც აქვს - დასავლეთმა უნდა ჩათვალოს, რომ მას სტაბილურობის პრობლემა არა აქვს, არ ემუქრება არაფერი, აქ პროცესებს და ხალხს ის მართავს და, თუკი ვინმეს უნდა დაელაპარაკონ, მას უნდა დაელაპარაკონ. აქ კი მივადექით პროტესტს, რადგან ვიდრე აქ პროტესტია, ეს გამორიცხულია - ანუ ბიძინა არ არის სტაბილურობის გარანტი. როდესაც ქუჩაში ასიათასობით კაცი გამოდის, როდესაც რეპრესიულ კანონებს იღებ საჩქაროდ, ეს ნიშნავს, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, სტაბილურობა არა აქვს და ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამყაროს ყველაფერზე კონტროლი. რეპრესიულ კანონებსაც ამიტომ იღებენ ფართხაფურთხით”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“მას უნდა, რომ როცა ტრამპი მოიცლის და პუტინს დაელაპარაკება, პროტესტი იყოს ჩამცხრალი, ყველაფრის ბატონ-პატრონი ის იყოს და ხალხიც სიტუაციას შეგუებული. თუ ეს პროცესი ვერ ჩაკლა, ბიძინა მიზანს ვერ მიაღწევს და დასავლეთი მის მმართველობას არ “გააპრავებს” და დასავლეთი თუ არ “გააპრავებს”, მაშინ არც აღმოსავლეთს სჭირდება. ამიტომაც ეს პროტესტი ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს, რაც კი შეიძლება გაკეთდეს, რადგან რეჟიმის არასტაბილურობას აჩვენებს. პროტესტი არ უნდა ჩაცხრეს და ახალი ფორმები უნდა შეიძინოს. კარგად უნდა იყოს ისიც გაცნობიერებული, რომ ამ პროტესტით ეს კაცი არ წავა, აუცილებელია მასზე დასავლეთის ძლიერი ზეწოლა, რომ ჯერ დაამუხრუჭოს ის პროცესები, რაც დაიწყო და მერე საერთოდ უკან წაიღოს ყველაფერი. პლუს უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ალტერნატივა. თუ ეს პროცესი პოლიტიკურში არ გადაიზარდა, კი იტყვიან, არასტაბილურობაა, მაგრამ სხვა არავინაა და რა ვქნათო. ეს სხვა უნდა გაჩნდეს”, - ამტკიცებს დავით ზურაბიშვილი.

“სხვა~ ჯერჯერობით არ ჩანს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა აქეთა მხარის, ანუ ამ პროტესტის, რადგან თუ ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, ტრამპი იკითხავს, კარგი, ეს ბიძინა ცუდია, როგორც მეუბნებით, მაშინ ვის უნდა დავუჭიროთ მხარიო, უნდა იყოს ვიღაც, ვისაც მხარს უჭერ, ვინც უნდა იყოს ავტორიტეტი და სტაბილურობის შესაძლო გარანტი. თუ ეს გაკეთდება, ბიძინას არაფერი გადაარჩენს, რაც არ უნდა რეპრესიული კანონები მიიღოს... სალომე ყველაზე რეალური კანდიდატია ამ როლის სათამაშოდ. პრობლემაა მისი ხასიათი, ის არ არის გუნდური მოთამაშის ტიპის ლიდერი, კარგია, როგორც სიმბოლური ტიპის ლიდერი. მან პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო თვისებები გამოავლინა და შეიძლება ითქვას, რომ თუ მანამდე პოპულარული ლიდერების ათეულშიც არ შევიდოდა, ახლა ნომერი პირველი გახდა. მას ახლა კონკურენტი არ ჰყავს და უნდა შეუწყონ ხელი, რომ გუნდი ჩამოყალიბდეს. ეს არ უნდა იყოს გაცვეთილი სახეების ნაკრები, მაგრამ მხოლოდ ახალი სახეებიც არ იქნება საკმარისი. ამ ორი ელემენტის სინერგია უნდა მოხერხდეს და ეს როგორ მოხერხდება, სამსჯელოა, უნდა დასხდნენ, დაუძახონ ყველას, ვისაც ჭკუა ეკითხება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მოილაპარაკონ, მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობაზეც და მერე უნდა წარდგეს ეს ალტერნატივა ხალხის წინაშე. რაც მთავარია, მას უნდა ჰქონდეს ყველას მხარდაჭერა, ეს კი ნიშნავს, რომ არ უნდა ასოცირდებოდეს “ნაცმოძრაობასთან”, რომ “ოცნებამ” “ნაცის” იარლიყი მიაკეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს ისეთი გუნდი, რომელიც “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლისთვისაც მისაღები იქნება, თუ არადა, სიტუაცია აიჭრება. ეს არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი და მგონია, აუცილებლად გასაკეთებელია. ეს მნიშვნელოვანია შიდა ვითარებისთვისაც. თუ გვინდა პროტესტის მონაწილეთა გაფართოება, აუცილებელია ასეთი ალტერნატივა, რადგან ძალიან ბევრია ისეთი ხალხი, რომელსაც უკვე აღარ მოსწონს ის, რაც ხდება, და მათ შორის შესაძლებელია ცოტა არ იყოს “ოცნების” ამომრჩეველი, მაგრამ ისევ ეშინია “ნაცების” მოსვლის. კონფორმისტებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ბიძინა სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს და ვერ იქნება მათი გარანტი, ამიტომ უნდა ეძებონ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, ასეთი ხალხი ბევრია, რომელიც შეშფოთებულია იმ სიგიჟეებით, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში