მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდს ეხება, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდს ეხება, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა განახორციელა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა ბორანი, სადაც სატვირთო მანქანა იყო, რომლის მისაბმელშიც ფარულად სააკაშვილი იმყოფებოდა და მან ელგუჯა ცომაიას დახმარებით სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.

პროკურორის თქმით, ელგუჯა ცომაიამ ძებნილი სააკაშვილი საქართველოსვე შემოიყვანა და ასევე მის კუთვნილ ბინაში წაიყვანა.

ვეფხვაძის თქმით, სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს ის ფაქტი, რომ ოფიციალური სტრუქტურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მას ქვეყნის საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს, თუმცა, ის საქართველოში იმყოფება და კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება.

პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სააკაშვილის მიმართ და მას სამართლიან სასჯელს განუსაზღვრავს.

დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას შემდეგ სხდომაზე წარმოთქვამს.

დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა ასევე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ელგუჯა ცომაიას საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი დანაშაულის დაფარვას. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა