არჩილ გორდულაძე - ჩვენ FARA-დან „აშშ-ს პრეზიდენტი“ და „დეპარტამენტის ხელმძღვანელიც“ კი ვთარგმნეთ, რათა სიტყვებს არ გამოეწვია ინსინუაციები, რომ აშშ-ში რეგულაცია განსხვავებულია!

ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საქართველოს პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვითი თარგმანის ინიცირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი - ჩვენ „აშშ-ს პრეზიდენტი“ და „დეპარტამენტის ხელმძღვანელიც“ კი ვთარგმნეთ, პირდაპირ შტატებზე გავაკეთეთ მითითება, რათა სიტყვებს არ გამოეწვია ინსინუაციები, რომ აშშ-ში რეგულაცია განსხვავებულია! - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირებისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მათი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით - იმ ფორმითა და ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს.

“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და ალტერნატივა, რომელიც იქნება უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ - დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ - პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ოლქის გენერალურ დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტს და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.

ასევე, კანონს მხოლოდ ერთი - “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია