როცა დამიჭირეს, პოლიციელები მეუბნებოდნენ სხვადასხვა გვარს, რომ დამესახელებინა ესა თუ ის ორგანიზატორად… რანაირად უნდა დამესახელებინა, როცა არ არსებობს. თუ მაინც და მაინც გინდათ, დავასახელებ ორგანიზატორს და თუ გსურთ, დაიჭირეთ - ეს არის ირაკლი კობახიძე! მე, პირადად, ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას, ის იყო ჩემი ორგანიზატორი, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კიკნაძის თქმით, ის უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა, მისი განმარტებით, ორი მთავარი მიზეზი ის არის, რომ იგი აბსურდული ბრალდებით არის საპატიმროში გამოკეტილი და სიტყვის თქმის უფლებაც არ ეძლევა და ასევე, მის ადვოკატს უგზავნიან პოლიციელებს, რათა დააშინონ და არ მიეცეს საშუალება, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი სათანადოდ დაიცვას.
“შესავლით მინდა დავიწყო, ვინაიდან წინა სასამართლოზე არ მომცეს საუბრის საშუალება და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვშიმშილობ მეექვსე დღეა, ის არის, რომ რაღაც აბსურდული ბრალდებით გამომკეტეს აქ და თავის დასაცავი სიტყვის უფლებაც არ მაქვს? ჩემი შიმშილობის მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩემს ადვოკატს პოლიციელებს უგზავნიან და გამოდის, რომ ჩემს ადვოკატს ჩემი დაცვის უფლებას უზღუდავენ. ასევე არის მრავალი მიზეზი, მაგრამ ახლა ამ ორს ვასახელებ. თან ამბობენ, რომ შენს საქმეს უნდა ეხებოდეს შენი სიტყვაო. ჯერ პირველი წინადადებიდან როგორ საზღვრავ, ჩემს საქმეს ეხება თუ არა და მერე, რაც მთავარია, კონკრეტულ ადგილზე დგომის გამო ვარ აქ და როცა ვყვები, თუ რატომ ვიდექი იმ ადგილას, რანაირად არ ეხება ჩემს საქმეს?
პროკურორების სიტყვიდან რამდენიმე მომხვდა ყურში - სამართალდამცველი, ორგანიზება და ჯგუფური. ახლა სათითაოდ ჩავშლი ამ სიტყვებს - ახსენეს, რომ სამართალდამცველებს არ ემორჩილებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენო. ჯერ ერთი, საიდან უნდა მიხვდეს უბრალო ადამიანი, რომ ის კონკრეტული პიროვნება სამართალდამცველია, რომელიც ნიღაბს არის ამოფარებული, თავზე ჩაფხუტი აფარია და შავებით არის შემოსილი? როცა ხედავ, რომ ასეთი შვიდი ადამიანი ერთს ურტყამს, წაქცეული ადამიანებით ბურთაობენ, ასისხლიანებენ და თან მაროდიორობენ - ჰპარავენ ტელეფონებსა და სხვადასხვა ნივთს, ეს არის სამართალდამცველის თვისებები? ჩემთვის ასე არ უსწავლებიათ და მე ასეთ ადამიანს სამართალდამცველს ვერ ვუწოდებ და ვერც ვხედავ, რომ სამართალდამცველია.
რაც შეეხება სიტყვა ჯგუფურს - ორი თვე იმის გამო მოგვთხოვეს პროკურორებმა გადავადება, რომ რაღაც არგუმენტი მაინც ეპოვათ და ისევ იგივე გაიმეორეს. ერთი პატარა მტკიცებულებაც არ არის იმის, რომ ჩვენ რაიმე დაჯგუფება ვართ და ერთმანეთთან კავშირი გვაქვს. განაცხადეს ისევ იგივე და თან თქვეს, ჯგუფური იმიტომაა, რომ ერთ კონკრეტულ ადგილზე ერთსა და იმავე ქმედებას ახორციელებდნენო, რანაირი არგუმენტია ეს? მე და ეს ორი პროკურორი რომ ავდგეთ და წყალი დავლიოთ, ერთი და იგივე დაჯგუფება ვართ?
გვედავებიან ასევე არა აკრძალული, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნივთის ჰაერში აგდებას - ეს შეიძლება იყოს ბოთლი, ქაღალდი და ა.შ. ამის გამო 4 და 6 წელი ხომ აბსურდულია. საგნის ჰაერში აგდების გამო, სადაც არც დაზარალებული ჩანს და არც ვინმეს მიყენებია ზიანი, 4-იდან 6 წლამდე გვაძლევენ.
არსებობს ასეთი სპორტი, ბადროს ტყორცნა ჰქვია. რა გამოდის, რომ ამ სპორტის ყველა მიმდევარი 4-4 წლით უნდა ჩასვან ციხეში?
კიდევ ორგანიზებაო… თუ რაღაც დაჯგუფებაა, ორგანიზატორიც უნდა ჰყავდეს, ხომ? თან როცა დამიჭირეს, პოლიციელები მეუბნებოდნენ სხვადასხვა გვარს, რომ დამესახელებინა ესა თუ ის ორგანიზატორად… რანაირად უნდა დამესახელებინა, როცა არ არსებობს. თუ მაინც და მაინც გინდათ, დავასახელებ ორგანიზატორს და თუ გსურთ, დაიჭირეთ - ეს არის ირაკლი კობახიძე! მე, პირადად, ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას, როცა განაცხადა, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ვწყვეტო - ის იყო ჩემი ორგანიზატორი”, - განაცხადა რევაზ კიკნაძემ.