ონისე ცხადაძე მოსამართლეს პროცესის ღია რეჟიმში ჩატარებაზე - პირობას გაძლევთ, რომ წესრიგის დარღვევას და მსგავს რაღაცებს დღეს ვერ ნახავთ, შემოუშვით ხალხი

პირობას გაძლევთ, რომ მსგავს რაღაცებს [წესრიგის დარღვევას] დღეს ვერ ნახავთ, უბრალოდ შემოუშვით ხალხი, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ადვოკატებმა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დარბაზში დამსწრეების დაბრუნებას ითხოვდნენ. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს პროცესზე დასწრების საშუალება უნდა ჰქონოდათ.

ამასთან, ადვოკატების თქმით, სხვადასხვა დამკვირვებლები, საელჩოს წარმომადგენლები პროცესს ვერ ესწრებოდნენ, რის გამოც, პროცესი კვლავ სრულად უნდა გახსნილიყო.

აღნიშნული თხოვნით მოსამართლეს ბრალდებულებმაც მიმართეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, გასულ სხდომაზე სასამართლო დარბაზში მყოფი პირები წესრიგს არღვევდნენ, მოსამართლის მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დარბაზში მყოფებმა წესრიგი არ დაიცვეს, რის გამოც, გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლე შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, გასულ სხდომაზე, მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს მხრიდან იყო მოწოდება, რომ დარბაზში მყოფებს წესრიგი დაეცვათ, თუმცა, სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვა არ მოხდა.

სხდომას ესწრება 10 დაკავებული. ერთ-ერთმა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.

სასამართლოს შენობაში იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, თუმცა, მათ სხდომაზე დასწრება არ შეუძლიათ, ვინაიდან პროცესი მხოლოდ მედიისთვისაა გახსნილი.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში