პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძემ ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ, თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტ, ვახტანგ მეიფარიანს, მთავარ მწვრთნელ, ტიტე კალანდაძეს, ასევე ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციის მიხედვით, დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა