იაგო კაჭკაჭიშვილი - სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა შესუსტდა, შენელდა და ვურჩევდი, თუ „ფარდის მიღმა“ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, უფრო გამჭვირვალე გახდეს - პროტესტი კი მოლოდინის რეჟიმშია, ვულკანივით თვლემს

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა შესუსტდა, შენელდა - ის აღარ არის ჩართული შიდა მიმდინარე პროცესებში ისე აქტიურად, როგორც იყო, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” საუბრისას განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, თუკი სალომე ზურაბიშვილი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას, ოღონდ კულუარებში და ფარდის მიღმა, უმჯობესია, რომ „ეს ფარდა უფრო გამჭვირვალე გახდეს“ და საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული იყოს პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ.

„მე ერთი რამ უნდა ვთქვა, რაც შესამჩნევია ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ბევრ ადამიანთან მისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მათაც გამოუთქვამთ წუხილი. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა შესუსტდა, შენელდა. არ ვგულისხმობ საერთაშორისო აქტიურობას მაინცდამაინც, ვგულისხმობ შიდა აქტიურობას. ის აღარ არის ჩართული შიდა მიმდინარე პროცესებში ისე აქტიურად, როგორც იყო. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, ახალ შეთანხმებაზე მუშაობა და დროებითი პაუზა აიღო სალომე ზურაბიშვილმა, თუ არის უთანხმოება პოლიტიკურ პარტიებთან.

მე უბრალოდ ვურჩევდი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ თუ მუშაობა მიმდინარეობს, საჭიროა ამ მუშაობის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შემოტანა. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა იყოს ინკოგნიტო ან კულუარული პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

მე ვხედავ პრინციპულ განსხვავებას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას შორის, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, არა თუ ბოლო თვეებში და კვირებში, ბოლო დღეებშიც კი და ვხედავ მისი პოლიტიკური აქტიურობის ხარისხს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ არის და ეს განსხვავება არის საგრძნობი და აშკარა. მე პირადად და ოპოზიციურად განწყობილ ბევრ ამომრჩეველს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს აქტიურობა არ შენელდებოდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აქტიურობა იმავე ტემპით გრძელდება, ოღონდ ეს აღარ ჩანს მედიაში იმიტომ, რომ ის არ არის ოფიციალური პირი, საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა იმიტომ, რომ არსებობს საზოგადოების წინაშე რეპრეზენტაციის უამრავი საშუალება, კლასიკური მედია, სოციალური მედია და ა.შ. მე ვხედავ, რომ აქტიურობა შენელდა და არ ვიცი ეს ზუსტად რას მივაწერო. თუ ფარდის მიღმა მუშაობა ისევ აქტიურად მიმდინარეობს, ჯობია, რომ ეს ფარდა უფრო გამჭვირვალე გახდეს და საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბოლო კვლევის თანახმად, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩევლების საერთო შერჩევის ფონზე აქვს კეთილგანწყობის მაღალი მაჩვენებელი, არის სალომე ზურაბიშვილი. ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფში სხვა პოლიტიკოსების მიმართაც არსებობს პოზიტიური განწყობები, მაგრამ საერთო მოსახლეობის განწყობებს თუ გავითვალისწინებთ, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს დადებითი განზომილება არის სალომე ზურაბიშვილი. ამ ბონუსის გაფანტვას, დაკარგვას არ ვურჩევდი მე პირადა სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მის მასშტაბსა და პერსპექტივაზეც ისაუბრა.

იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ პროტესტი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა და ნებისმიერი გამღიზიანებლის შემთხვევაში შეიძლება ისევ იხუვლოს და გამრავლდეს.

„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აქტიური პროტესტი თითქოს შენელებულია და არ აქვს ისეთი მასშტაბი, რომელიც ჰქონდა თვეების წინ, მაგრამ შეუძლებელია, რომ ყოველდღიური პროტესტი იყოს ძალიან მასშტაბური. ვფიქრობ, რომ პროტესტი კი არ შენელდა ან შესუსტდა, არამედ პროტესტი დღეს არის მოლოდინის რეჟიმში. პროტესტი არსებობს, ოღონდ ყოველ მომდევნო გაღიზიანებაზე ის იხუვლებს, გამრავლდება. ზედაპირზე ამოტანის მასშტაბი შეიძლება შეიცვალა, მაგრამ პროტესტის პოტენცია არ შეცვლილა. გავიხსენოთ 25 თებერვლის პროტესტი, რომელიც იყო მასშტაბური, კვლავ 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩში. ეს არის მთვლემარე პროტესტი. როგორც ვულკანზე ვამბობთ, რომ თვლემს და რაღაც გამღიზიანებლის შემთხვევაში, ისევ ამოიფრქვევა. დიახ, ის ისევ გაძლიერდება. პროტესტი არ დაკარგულა, ის არის შენახული“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში