შს მინისტრის მოადგილე - საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღებას - ძალიან სწორი და დროულია

შსს სრულად უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს და მიგვაჩნია, რომ არის ძალიან სწორი და დროული ცვლილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღებას.

„ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ნარკოგამსაღებლებისა და ნარკომოვაჭრეების უფრო მკაცრად დასჯას და მეორეს მხრივ, გატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, საუბარია ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე. ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღებას. კერძოდ იმას, რომ ახალგაზრდების ჩათრევა არ ხდებოდეს ამ მძიმე სენში. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ავრცელებენ ნარკოტიკებს, მათ მიმართ გატარდეს უმკაცრესი ღონისძიებები, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც შეიძლება მიდრეკილი იყოს ამ მიმართულებით, გადაერთოს ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს და აქტიურად ვართ ჩართული საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების პროცესში და შემდგომ დახვეწის მიმართულებით. გვაქვს ჩვენი გარკვეული მოსაზრებები რეკომენდაციები, რომელსაც კანონმდებლობის ავტორებთან გავივლით. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მდგომარეობას, რაც ამ ეტაპზეა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა