შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ჯგუფიდან „განაახლე ევროპა“ (Renew Europe Group), მიჰაუ კობოსკომ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არ აქვს ბევრი სივრცე მანევრირებისთვის და არჩევანი „ძალიან შავსა და ძალიან თეთრს შორისაა“.
„ვლადიმერ პუტინს აქვს გიჟური ოცნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ჩვენ უკვე სამი წელია ვხედავთ, რას აკეთებს ის უკრაინაში ამ სასტიკი აგრესიით და შეჭრით უკრაინის თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოზე და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მან საქართველო ხელში ჩაიგდოს.
ეს ძალიან ზოგადი იდეაა და ჩვენ არ ვეუბნებით ქართველ ხალხს, რა გააკეთონ. ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების რეაქციას, პროტესტს. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ბევრი სივრცე, რომ მანევრირება მოახდინოს სადღაც ჩვენ შორის, რადგან ეს არის არჩევანის გაკეთება ძალიან შავსა და ძალიან თეთრს შორის. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა საბოლოოდ ან აირჩევს ევროპულ გზას, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის რაოდენობის, ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით“, - განაცხადა კობოსკომ.
რაც შეეხება ნაბიჯებს, რაც დასავლეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მხარდაჭერისთვის უნდა გადადგას, კობოსკომ განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მხარდაჭერა მთავრობის მიერ მოქალაქეების მიმართ ქცევას უნდა დაუკავშირონ.
“მიმაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა დააკავშირონ ევროკავშირის მხარდაჭერა იმას, თუ როგორ ექცევა ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობა. იმას, თუ რა მასშტაბის სასამართლოს დამოუკიდებლობაა ქვეყანაში, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ასევე, პრესის თავისუფლება, რაც აბსოლუტურად ფუნდამენტურია. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ გარკვეულ ნაბიჯებს პრესის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი. ჩვენ არ ვართ სამხედრო ალიანსი. ჩვენ ვართ საკუთარი სურვილით გაერთიანებული წევრი ქვეყნების ალიანსი. ასე რომ, ჩვენ ვართ და შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მთავრობებზე განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენს საზოგადოებას, თქვენს ერს მოექცევიან დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლებამოსილება, ვიდრე გამოვიყენოთ დიპლომატიური ზეწოლა, დიპლომატიური წნეხი, რათა დაარწმუნოთ მთავრობა, რომელი გზაა საუკეთესო თქვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობოსკომ.
გარდა ამისა, მან საქართველოსა და ბელარუსის შედარების თაობაზე არსებულ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საქართველო ბელარუსს არ ჰგავს.
„ვიტყოდი, მადლობა ღმერთს და მადლობა ქართველ ხალხს, თქვენ ჯერ არ ხართ ბელარუსის პოზიციაზე. ვგულისხმობ, რომ ბელარუსი არ არის საბოლოოდ დაკარგული ევროპული თანამეგობრობისგან, მაგრამ ბელარუსში დღეს შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ელემენტი, რომელიც საქართველოში არ არსებობს და იმედია, არ იარსებებს საქართველოში. ბელარუსში თავისუფლების, მედიის თავისუფლების სრული ნაკლებობაა. [ბელარუსში] არ არის ქვეყნის შიგნიდან მოქმედი რეალური ოპოზიცია. არსებობს ძლიერი ბელარუსული ოპოზიცია, მაგრამ მათ უნდა იმოქმედონ და მართონ თავიანთი საქმიანობა ქვეყნის გარედან. ისინი ქვეყნიდან გააძევეს. ბელარუსში ჰყავთ 1200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ა.შ. სამწუხაროდ, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბევრი ნიშანი, ბევრი მტკიცებულება იმის, რომ საქართველო ბელარუსულ გზაზე დგას, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში. თქვენ ჯერ კიდევ გყავთ ძლიერი დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში. თქვენ გყავთ ძლიერი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც ამას ვხედავთ ბოლო საპროტესტო აქციებზე 100 დღეზე მეტია. ასე რომ, არსებობს ძლიერი საზოგადოება, არის ძლიერი ოპოზიცია, დემოკრატიული სტანდარტები ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. არ ვიტყოდი იმას, რომ ახლა საქართველო ბელორუსს ჰგავს. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ არის და იმედია, არ გახდება ბელარუსი. ცხადია, ბელარუსი იგივე გზაზეა, როგორც პუტინის რუსეთი და არავინ უნდა მისცეს მას უფლება, რომ საქართველო მეორე ბელარუსი გახდეს“,- განაცხადა კობოსკომ.
კობოსკომ ასევე უპასუხა კითხვას საქართველოს მიმართ პოლონეთის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე და არ გამორიცხა, რომ პოლონეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჩვენ ხშირად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რადგან ბევრი მსგავსებაა ამ ქვეყნებს შორის, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვაკვირდებით მათ მიერ დაწესებულ სანქციებსაც. აქ მე ვერ ვისაუბრებ პოლონეთის მთავრობის სახელით. მე არ ვიცი დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან პოლონეთის მთავრობაში. ვერ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი განიხილავს სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მიმართულებების, გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პოლონურ მხარეს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - განაცხადა კობოსკომ.
მისი თქმით, ევროპა საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს.
„ჩვენ ვდგავართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ოცნებებს, თქვენს მისწრაფებებს, თქვენს რწმენას და შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ აქ ვიქნებით, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ დაგიჭერთ მხარს. თქვენ იცით, სად უნდა მოგვძებნოთ, თუ რამე დაგჭირდებათ ჩვენი მხრიდან. ჩვენი მხრიდან, როგორც ვთქვი, ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მხარდაჭერას. სიამოვნებით დაგიჭერთ მხარს“, - განაცხადა მიჰაუ კობოსკომ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.