მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით

პოლონელი ევროპარლამენტარი ჯგუფიდან „განაახლე ევროპა“ (Renew Europe Group), მიჰაუ კობოსკო ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, ევროკავშირი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს გვერდით დგას და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

ევროპარლამენტარი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს გიჟური ოცნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე და მისი მიზანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის საქართველო ხელში ჩაიგდოს, რასაც ევროკავშირი არ დაუშვებს.

რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მხარდაჭერაში, ხედავს თუ არა მსგავსებას ბელარუსსა და საქართველოს შორის და არის თუ არა ევროკავშირი მზად გააძლიეროს თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობები? - ამ და სხვა საკითხებზე მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო ღრმა პოლიტიკური კრიზისშია. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 100 დღეზე მეტია გრძელდება, სადაც მოქალაქეები ახალ არჩევნებს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ მდგომარეობას?

- ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება. თქვენ ახსენეთ, რომ 100 დღეზე მეტია ქუჩის საპროტესტო აქციები იმართება.ისინი არაფრიდან (თავისით) არ დაწყებულა. ის მომდინარეობს ქართული საზოგადოებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის განცდით, რომ თქვენ ხართ ევროპის ნაწილი, თქვენ ეკუთვნით ევროპას, რომ თქვენ უნდა იყოთ აქ ჩვენთან ერთად, ჩვენთან ერთად, ჩამოაყალიბოთ ერთობლივი ევროპული პროექტი და მე ამის მჯერა. ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, სადაც აღვნიშნეთ,რა ხდება საქართველოში, აღვნიშნეთ „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯები, სადაც ხელისუფლება ამცირებს დემოკრატიულ უფლებებს, დემოკრატიულ თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას. ეს ის საკითხებია, რომლებიც ძალიან გვაწუხებს.

ჩვენ სიამოვნებით ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას, ამას მე განსაკუთრებით როგორც პოლონეთის მოქალაქე, ისე ვამბობ. მე ყურადღებით ვუყურებ თქვენს მდგომარეობას და სიამოვნებით ვიხილავ „ქართული ოცნების“ უკან დახევას, ევროპაში დაბრუნებას და დისტანცირებას პუტინის გზიდან.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს [საქართველოს] და იმედი მაქვს, რომ ევროპის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ თქვენს ევროპულ მისწრაფებებს, რადგან თქვენ ევროპას ეკუთვნით.

- როგორ შეაფასებთ ქართული ოცნების ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას? იზიარებთ თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველო გასულია ევროპის ორბიტიდან?

- ჩვენ შევამჩნიეთ „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაბიჯები, როდესაც ისინი ცდილობენ დაბალანსებას, მათ დამოკიდებულებას ერთი მხრივ ევროკავშირის მიმართ, მეორე მხრივ კი მოსკოვის მიმართ. პრობლემა დღევანდელ სამყაროშია, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო შავ-თეთრ სამყაროში ვცხოვრობთ.

ვლადიმერ პუტინს აქვს გიჟური ოცნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ჩვენ უკვე სამი წელია ვხედავთ, რას აკეთებს ის უკრაინაში ამ სასტიკი აგრესიით და შეჭრით უკრაინის თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოზე და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მან საქართველო ხელში ჩაიგდოს.

ეს ძალიან ზოგადი იდეაა და ჩვენ არ ვეუბნებით ქართველ ხალხს, რა გააკეთონ. ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების რეაქციას, პროტესტს. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ბევრი სივრცე, რომ მანევრირება მოახდინოს სადღაც ჩვენ შორის, რადგან ეს არის არჩევანის გაკეთება ძალიან შავსა და ძალიან თეთრს შორის. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა საბოლოოდ ან აირჩევს ევროპულ გზას, დემოკრატიულ გზას, ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის რაოდენობის, ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი უნდა ითამაშოს დასავლეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მხარდაჭერაში? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად?

- მიმაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა დააკავშირონ ევროკავშირის მხარდაჭერა, ინსტიტუციური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, დაუკავშირონ ეს იმას, თუ როგორ ექცევა ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობა. იმას, თუ რა მასშტაბის სასამართლოს დამოუკიდებლობაა ქვეყანაში, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ასევე, პრესის თავისუფლება, რაც აბსოლუტურად ფუნდამენტურია. ჩვენ ვხედავთ “ქართული ოცნების” გარკვეულ ნაბიჯებს პრესის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით.

ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი. ჩვენ არ ვართ სამხედრო ალიანსი. ჩვენ ვართ საკუთარი სურვილით გაერთიანებული წევრი ქვეყნების ალიანსი. ასე რომ, ჩვენ ვართ და შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მთავრობებზე განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენს საზოგადოებას, თქვენს ერს მოექცევიან დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლებამოსილება, ვიდრე გამოვიყენოთ დიპლომატიური ზეწოლა, დიპლომატიური წნეხი, რათა დაარწმუნოთ მთავრობა, რომელი გზაა საუკეთესო თქვენი ქვეყნისთვის.

- ბევრი დასავლეთ ევროპელი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბელარუსს ადარებს. თქვენ, როგორც ბელარუსთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე, თუ ხედავთ ამ მსგავსებებს?

- მე ვიტყოდი,მადლობა ღმერთს და მადლობა ქართველ ხალხს, თქვენ ჯერ არ ხართ ბელარუსის პოზიციაზე.ვგულისხმობ, რომ ბელარუსი არ არის საბოლოოდ დაკარგული ევროპული თანამეგობრობისგან, მაგრამ ბელარუსში დღეს შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ელემენტი, რომელიც საქართველოში არ არსებობს და იმედია,არ იარსებებს საქართველოში. ბელარუსში თავისუფლების, მედიის თავისუფლების სრული ნაკლებობაა.

[ბელარუსში] არ არის ქვეყნის შიგნიდან მოქმედი რეალური ოპოზიცია. არსებობს ძლიერი ბელარუსული ოპოზიცია, მაგრამ მათ უნდა იმოქმედონ და მართონ თავიანთი საქმიანობა ქვეყნის გარედან. ისინი ქვეყნიდან გააძევეს.

ბელარუსში ჰყავთ 1200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და ა.შ. სამწუხაროდ, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბევრი ნიშანი, ბევრი მტკიცებულება იმის, რომ საქართველო ბელარუსულ გზაზე დგას, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში. თქვენ ჯერ კიდევ გყავთ ძლიერი დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში. თქვენ გყავთ ძლიერი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც ამას ვხედავთ ბოლო საპროტესტო აქციებზე 100 დღეზე მეტია. ასე რომ, არსებობს ძლიერი საზოგადოება, არის ძლიერი ოპოზიცია, დემოკრატიული სტანდარტები ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

არ ვიტყოდი იმას, რომ ახლა საქართველო ბელორუსს ჰგავს. მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ არის და იმედია, არ გახდება ბელარუსი. ცხადია, ბელარუსი იგივე გზაზეა, როგორც პუტინის რუსეთი და არავინ უნდა მისცეს მას უფლება, რომ საქართველო მეორე ბელარუსი გახდეს.

თქვენ ხართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. კონკრეტულად საქართველოს ახალგაზრდა თაობა ძალიან პროევროპული და პროდემოკრატიული აზროვნების ხართ, თქვენ ხართ საზოგადოების დიდი იმედი.

- ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ქართული ოცნების წევრებს სანქციები დაუწესეს. ლიეტუვამ სანქციები მმართველი პარტიის 74 წევრს დაუწესა, ლატვიამ - 16-ს, ხოლო ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქეს, მაღალი თანამდებობის პირებს. როგორია ოფიციალური ვარშავის პოზიცია, განიხილავს თუ არა პოლონეთი მსგავს ზომებს?

- ჩვენ ხშირად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რადგან ბევრი მსგავსებაა ამ ქვეყნებს შორის, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვაკვირდებით მათ მიერ დაწესებულ სანქციებსაც. აქ მე ვერ ვისაუბრებ პოლონეთის მთავრობის სახელით. მეარ ვიცი დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან პოლონეთის მთავრობაში. ვერ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი განიხილავს სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მიმართულებების, გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პოლონურ მხარეს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაძლოა, პოლონეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“გარკვეული დიალოგი გაგრძელდება და ასევე,ცდილობს დაეხმაროს მათ,უკეთ გააცნობიერონ სიტუაცია, პოზიცია, რომელიც ასევე დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საკითხთან. მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ვერ გეტყვით, დააწესებს თუ არა პოლონეთი სანქციებს.

- რაც შეეხება გლობალურ პოლიტიკას და იგივე უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხს - ევროკავშირის დედაქალაქებში და განსაკუთრებით ბრიუსელში სულ უფრო მეტი დისკუსია მიმდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ევროკავშირის ლიდერები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ მნიშვნელოვანია გაზარდონ თავიანთი თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობები, ასევე იყვნენ ნაკლებად დამოკიდებულნი აშშ-ზე. არის თუ არა ევროკავშირი მზად, გააძლიეროს თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობები?

- სიტუაცია მკვეთრად იცვლება დღესდღეობით. 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ბევრი ემოცია, ბევრი სიტყვა, ახალი ფორმულირება, მაგრამ ასევე ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო. ეს გვაწუხებს, ცხადია, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს, გარკვეულ რადიკალურ ცვლილებებს ვაშინგტონიდან ევროპის მიმართ. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვიდრე ჩვენი პოზიციის შეცვლა და ბევრად მეტი ინვესტიცია თავდაცვაში, როგორც ცალკეული წევრი ქვეყნები, არამედ როგორც საზოგადოება, როგორც მთელი ევროკავშირი.

ჩვენ უნდა დავხარჯოთ ბევრად მეტი, ვიდრე ადრე და უნდა ვითანამშრომლოთ, ჩვენი ქმედებების კოორდინირება უნდა მოვახდინოთ. 80%-ზე მეტი ჩვენი სამხედრო ტექნიკის შესყიდვებზე დამოკიდებულია სხვა მოთამაშეებისგან, როგორიცაა აშშ ან პოლონეთის შემთხვევაში, ეს არის სამხრეთ კორეა, თურქეთი ან სხვა ქვეყნები. ჩვენ გვჯერა, რომ გაცილებით მეტი უნდა ვიყიდოთ ევროპელი მომწოდებლებისგან, რომ გვქონდეს ერთობლივი შესყიდვები. ჩვეულებრივ, ჩვენ ამას არ ვაკეთებდით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითოეული ქვეყანა აწარმოებდა დამოუკიდებელ თავდაცვის პოლიტიკას. რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება, პუტინი აუცილებლად სხვაგანაც წავა. ეს გაგება ახლა ნათელი და ფართოა ევროკავშირში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის რეალური ცვლილება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე წარსულში.

- მაგრამ დრო ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ევროკავშირი კი, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებებს საკმაოდ ნელა იღებს...

- ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნამდვილად დავაჩქაროთ. დიახ, ჩვენ ნელი ვიყავით. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროკავშირი, როგორც პროექტი, დაფუძნებულია კომპრომისზე. დღესდღეობით ევროკავშირში 27 წევრი ქვეყანაა, ასევე კანდიდატი ქვეყნები, მათ შორის საქართველო და ამ 27 წევრ სახელმწიფოს შორის არის კომპრომისის პოვნის ერთგვარი ვალდებულება, რომ თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს იგივე ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს პატარა ქვეყნები, უფრო დიდი ქვეყნები, მაგრამ თითოეულ ქვეყანას ერთნაირად ვიქცევით.ჩვენ უნდა ვიპოვოთ კომპრომისი. კომპრომისს ყოველთვის სჭირდება დრო, ბევრი დრო, ბევრი ენერგია, ბევრი შემოქმედებითი აზროვნება წევრ ქვეყნებს შორის კომპრომისის მოსაძებნად. თუმცა, დღეს ჩვენ ეს უნდა შევცვალოთდა ეს ძალიან ნათელია. მე მჯერა, რომ ეს სრულად ესმით ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ბევრად უფრო სწრაფად, ვიყოთ ბევრად უფრო ეფექტური. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორ გავაკეთოთ ეს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ახალი ევროკომისიის ჩამოყალიბების შემდეგ, ჩვენ პირველად გვყავს უსაფრთხოების დაცვის საკითხებში კომისარი ლიეტუვიდან ბატონი კუბილიუსი. გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სწრაფი იქნება, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს 10 ან 15 წელი. ეს თავიდანვე სრულად ესმოდა პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, კონტინენტის ჩვენს ნაწილს. დღესდღეობით, მე შემიძლია შევამჩნიო, რომ ეს სრულად არის გაგებული ასევე დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში. ჩვენ იმავე ნავში ვართ და მათ საფრთხე ემუქრებათ ისევე, როგორც ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპაში.

მე ვხედავ გაგებას. ჩვენ ველოდებით 24 მარტს მომავალი ევროპული სამიტის შედეგს და იქ ჩვენ ვაფართოებთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს, რათა გავზარდოთ ხარჯები, თავდაცვის ხარჯები, მაგრამ ასევე შევამოკლოთ გადაწყვეტილებების მიღების დრო.

ამ დროისთვის უკრაინაში ჯერ კიდევ ხდება სრულმასშტაბიანი აგრესია. სანამ ეს არ შეჩერდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დახმარება და დავეხმაროთ უკრაინას შეძლებისდაგვარად, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი უკრაინაში, თუ არ გვინდა ომი დანარჩენ კონტინენტზე, სხვა ქვეყნებში. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ომი უნდა შეწყდეს წელს, რომ სამი წელი უკვე ძალიან, ძალიან დიდი დროა. ეს დამღუპველია უკრაინისთვის, როგორც ქვეყნისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის.

ჩვენ გვჯერა მშვიდობის, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა მშვიდობის ნებისმიერი პირობებით, როგორც ეს შეიძლება ზოგჯერ გაიგოთ ბრიუსელში ან სტრასბურგში ჩვენი ევროპარლამენტის დებატების დროს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და უკრაინის გადასაწყვეტია, თუ რა პირობების მიიღებენ.

შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აიძულოს უკრაინა დაეთანხმოს სამშვიდობო პირობებს. ჩვენ გვჯერა მშვიდობის. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა იქ უნდა იყოს და ასევე გვჯერა, რომ ევროპა უნდა იყოს იქ, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია.

ჩვენ ასევე დავეხმარებით უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ცხადია, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, ასევე უნდა ვისაუბროთ პირობებზე და ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ კონსენსუსს, რომ ეს მალე მოხდება. ჩვენ უბრალოდ ვერ მივიღებთ პირობებს, ყველა პირობას, რომელსაც რუსეთი ითხოვს.

მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ მივიღოთ, რომ რუსეთი იტყვის, უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი იქნება, რადგან 21-ე საუკუნეში ევროპაში საზღვრების შეცვლა ძალით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ, რადგან თუ ჩვენ ამას მივიღებთ, რუსეთი ამას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ისინი აგვარებენ საკითხებს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან ან ლიეტუვასთან, აღმოსავლეთ ევროპაში. ევროკავშირი, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ავაშენოთ პროექტი, რომელიც ეფუძნება მშვიდობას და დიახ, ევროკავშირის არსებობის წყალობით, ჩვენ არ გვქონია სრულმასშტაბიანი ომი კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

ეს იმიტომ ხდება, რომ ევროკავშირი არსებობს. ამის გარეშე, საუკუნეების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში, ევროპა იყო მუდმივი ომების მსხვერპლი, პატარა, უფრო დიდი, ადგილობრივი, რეგიონული. ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლა და ძალის და აგრესიის მიღება და არმიის გამოყენება, როგორც ინსტრუმენტი ევროპის რეგიონული პრობლემების მოსაგვარებლად.

- გმადლობთ, ეს ჩემი ბოლო კითხვა იყო. თუ კიდევ გსურთ რაიმეს დამატება, შეგიძლიათ ეს შანსი გამოიყენოთ...

- ჩვენ ვდგავართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ოცნებებს, თქვენს მისწრაფებებს, თქვენს რწმენას და შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ აქ ვიქნებით, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ დაგიჭერთ მხარს. თქვენ იცით, სად უნდა მოგვძებნოთ, თუ რამე დაგჭირდებათ ჩვენი მხრიდან. ჩვენი მხრიდან, როგორც ვთქვი, ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მხარდაჭერას. სიამოვნებით დაგიჭერთ მხარს.

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს, განსაკუთრებით კი მისი პატიმრობის გახანგრძლივებულ ვადას. ვიცით, რომ ის ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენი მხარდაჭერა თქვენი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ. ის არის დემოკრატიული საქართველოს ნაწილი და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსებს ასე მოექცნენ.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის