ფაქტია, რომ თბილისშია დაკავებული, მას საფუძველი არ ჰქონდა, ვინმეს დამალვოდა. ზუსტი მისამართი არ მახსოვს, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, - ასე უპასუხა ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ კითხვას, იმალებოდა თუ არა ბრალდებული ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე.
ადვოკატი საქმის გარშემო არ საუბრობს და კითხვების უმეტესობაზე პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.
კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა გელა უძილაური და ლევან ჯანგველაძე ერთმანეთს, ტაბატაძე პასუხობს - „ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი კონფიდენციალურია“.
კითხვაზე, თუ სად არის უძილაურის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი იარაღი, რომელიც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ ამოიღო, ადვოკატი არც ამას პასუხობს კონკრეტულად.
„გამოძიების ვალდებულებაა, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივად, ობიექტურად. რაც პროკურორმა თქვა, პროკურორმა უნდა დაასაბუთოს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს... 17-ში დააკავეს, ამ დრომდე ის მოქმედებები, რაც ბრალდების მხარემ შესთავაზა, ყველაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ტაბატაძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.