გიორგი ჩიკვაიძის დედა - მდგომარეობა მძიმეა, ექიმები კიდევ უფრო გართულების მოლოდინში არიან, ვინაიდან გიორგი შიმშილობას აგრძელებს - ყოჩაღ მოსამართლეს! ყოჩაღ პროკურორებს! ისინი ჩემი შვილის ნელ სიკვდილში მონაწილეები არიან

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წერეთელი აცხადებს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მას ადვოკატმა უთხრა, რომ ჩიკვაიძეს იგივე ჩივილები რჩება, რაც სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა.

წერეთლის განცხადებით, ექიმები მდგომარეობის გართულების მოლოდინში არიან, ვინაიდან ბრალდებული შიმშილობას არ წყვეტს.

„ადვოკატი გამოვიდა ციხის საავადმყოფოდან. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩივილები რაც იყო, ყველაფერი გრძელდება. ეს არის შედეგი იმ მკვლელი მოსამართლეების, მკვლელი პროკურორების, რომლებიც ასეთ საქმეებს აკეთებენ, რომ ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდა ბიზნესმენები, რომლებიც „ოცნებას“ არ ემხრობიან, ასე ნელი სიკვდილით მოკლან. ნელი სიკვდილიც არ ჰქვია ამას, ეს არის შედეგი ჩვენი ვითომ სასამართლოს, ვითომ მთავრობის და პერსონალურად იზა კელენჯერიძის ქმედების, რომელმაც ასეთი სკალარული გადაწყვეტილება მიიღო, ადამიანს გირაო უცებ შეუცვალა, გაუშვა ციხეში, რომ იქნებ მალე, რამენაირად მოკლან ციხეში.

მეტი კითხვა ადვოკატისთვის აღარ დამისვამს, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ერთადერთი განსხვავებით იმისგან, რომ საკანში არ არის და ციხის საავადმყოფოშია. შიმშილობას აგრძელებს. ექიმები მოლოდინში არიან, რომ მდგომარეობა გართულდება, რადგან ეს ადამიანი შიმშილს არ წყვეტს. ეს მისი უფლებაა. ასეთი ნელი სიკვდილით უნდათ, რომ ახალგაზრდა ადამიანი მოკლან. ყოჩაღ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს, ყოჩაღ კორუმპირებულ გაბიტაშვილს, ქვეყნის გენპროკურორს, ყოჩაღ! ყოჩაღ ყველა იმ რგოლს, რომლებიც ჩემი შვილის სიკვდილში მონაწილეები არიან, მე გავხდები უფრო რადიკალური!“ - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, წერეთელი ფიქრობს, რომ „ამ მთავრობის პირობებში აზრი არ აქვს“.

„რომ მოვითხოვთ, რა შედეგი? ჩვენ ადრეც მოვითხოვეთ, მაგრამ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესეც, მგონი, კარგი შედეგია ამ მთავრობის პირობებში“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე მე-10 დღეა, რაც შიმშილობს. ოჯახის წევრებმა მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბრალდებული ციხეში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შეუძლოდ გახდა. კერძოდ კი, ოჯახის წევრების განცხადებით, ჩიკვაიძეს ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონდა, რომლის შედეგადაც, პენიტენციური დაწესებულების ექიმების ვარაუდით, თავის ტვინში დაზიანება მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულ ბიზნესმენს არც ერთ ფეხში მგრძნობელობა არ აქვს და ის ეტლით დაჰყავთ.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის